სამართალდამცველები 24-ე საჯარო სკოლის დირექტორთან ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ თბილისში, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორთან სამართალდამცველები იმყოფებიან. საქმე ეხება სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შირის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დარაჯმა განუცხადა, 24-ე სკოლის დირექტორ გიორგი კაკაბაძესთან სამართალდამცველები მომხდარის გასარკვევად იმყოფებიან.
"ინციდენტში ამავე სკოლის ორი მოსწავლე მონაწილეობდა და ახლა ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან, – განაცხადა სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას .
მისი ინფორმაციით, ის იმყოფებოდა ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე და იქ დანაც დაინახა, თუმცა, ვის ეკუთვნოდა დანა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, როგორც მე ვიცი, მისი გამოყენება არ მომხდარა. ინციდენტში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი. მოსწავლეები ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფებიან. დაპირისპირების მიზეზი მე ნამდვილად არ ვიცი", – განაცხადა გიორგი კაკაბაძემ.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ მალევე განიმუხტა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"