როგორ იხსენებენ სკოლას ცნობილი გოგონები ერთ კვირაში ახალი სასწავლო წელი დაიწყება, დილით ადრე ადგომასთან და გაკვეთილების მომზადების ციებ-ცხელებასთან ერთად. სკოლის ასაკი ის პერიოდია, რომელსაც ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსკუთრებული ადგილი უჭირავს თავისი დადებითი და ურყოფითი მოგონებებით. ცნობილ გოგონებს - მარიკო ლეჟავას, გვანცა ჯაფარიძესა და ქეთი ორჯონიკიძეს შევეხმიანე და ცოტა ხნით სკოლაში "დაბრუნება" ვთხოვე.
გვანცა ჯაფარიძე: "ის გაკვეთილიც კი მენატრება, რომელზე ჯდომასაც თავის დროზე ვერ ვიტანდი"
- სკოლაში პირველად მისვლა ცუდად მახსოვს, დედას ვეუბნებოდი, არ დამტოვო, არ წახვიდე-მეთქი და ვტიროდი. მანამდე ბაღში კი დავდიოდი, მაგრამ სხვა ბავშვებთან, სხვა გარემოსთან შეგუება მაინც გამიჭირდა, ამიტომ პირველი დღე ცოტა რთულად გადავიტანე. შემდეგ კი, როცა კლასელებთან დავიწყე კონტაქტი, მივეჩვიე სკოლას, უბრალოდ ის მომენტი მაღიზიანებდა, რომ დედა მტოვებდა.
- როგორი მოსწავლე იყავი?
- თავიდან ძალიან ბეჯითი ვიყავი, კარგად ვსწვლობდი, სახლში მისვლისთანავე ტანსაცმელს ვიცვლიდი, მივირთმევდი, გაკვეთილების სწავლას ვიწყებდი და დასრულებამდე არ ვდგებოდი, თამაშზე ხომ ზედმეტია საუბარი... შემდეგ კი, როცა გავიზარდე და გართობის "გემო" გავიგე, სწავლას მოვუკელი, ამიცრუვდა გული რამდენიმე საგანზე, თუმცა ქართულს, უცხო ენას და კიდევ რამდენიმე საგანს კარგად ვსწავლობდი.
- სიცელქით გამოირჩეოდი?
- მეტ-ნაკლებად. პირველ კლასში მარი ჩხაიძესთან ერთად ვიჯექი ერთ მერხზე, გარკვეული დროის შემდეგ ადგილები გადაანაცვლეს და გვერდით მარის ნაცვლად სალომე ენუქიძე მომისვეს, ამან ძალიან გამაბრაზა, მაგრამ ეს დროებითი იყო - სალომეს ისე კარგად გავუგე, რომ დღემდე ვმეგობრობთ. სკოლაში სულ ერთად ვიყავით, ერთად დავდიოდით შატალოზე, რამდენჯერმე დირექტორთან დაგვიბარეს ჯაფარიძე – ენუქიძე (იცინის). მე-8, მე-9 კლასში უკვე მთელი კლასი თამამად წავედით შატალოზე, წინააღმდეგი არავინ იყო. კარგად მახსენდება ის პერიოდი, თან მე სკოლა არ გამომიცვლია, სადაც შევედი, იქ ვისწავლე 12 წელი. კარგი კლასი მყავდა, მერე უფრო მოზრდილ ასაკში დავიწყეთ ორდღიან ექსკურსიებზე სიარული და შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გავიცანით ერთმანეთი. ხშირად მეუბნებოდნენ, სტუდენტობა ისეთი კარგია, სკოლის პერიოდს არ შეედრება არაფრითო, მაგრამ უნივერსიტეტს სკოლას ვერც კი შევადრი, რადგან სკოლა უდარდელი ბავშვობაა.
- პირველი დასჯა, საყვედური გახსოვს მასწავლებლისგან?
- მგონი, იყო ისეთი შემთხვევაც, გაკვეთილიდან რომ გამაგდეს (იცინის), ოღონდ მარტო არა, ჩემს განუყრელ კლასელ ენუქიძესთან ერთად. ეს ჩემი დაქალი ძალიან "გიჟი" იყო და მეც მას გახლდით აყოლილი. ისეთი დასჯა, რვეული თავზე რომ გადაეხიათ, ან კალამი გადაემტვრიათ, არ მახსოვს, არადა ასეთი შემთხვევებიც ყოფილა ჩვენს კლასში.
- მართალია, მოსწავლე აღარ ხარ, მაგრამ რა გრძნობა გეუფლება სწავლის დაწყების დღეს?
- ყველაზე ძალიან მენატრება სკოლა, ის წლები, როცა არანაირი პრობლემა არ არსებობდა ჩემ გარშემო, ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს, უდარდელი დრო იყო. ის გაკვეთილიც კი მენატრება, რომელზე ჯდომასაც თავის დროზე ვერ ვიტანდი და ერთი სული მქონდა, როდის დაირეკებოდა ზარი.
- მოსწავლეობის პერიოდს თან ახლავს "სიყვარულობანას" თამაში...
- კი, სკოლაში მიყვარდა ოთხი წლით ჩემზე უფროსი სიმპათიური ბიჭი, მთელი სკოლა გიჟდებოდა მასზე, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიყვარდა (იცინის). გაკვეთილის მსვლელობისას მისი კლასის კარს რამდენჯერმე ვაღებდი, ვითომ მის მასწავლებელთან მქონდა საქმე, ვიპრანჭებოდი და მის დასანახად გავივლ-გამოვივლიდი ხოლმე (იცინის). მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მაქცევდა, რადგან ძალიან პატარა ვიყავი.
ქეთი ორიჯონიკიძე: "გუშინწინ ველაპარაკე დაწყებითი კლასის დამრიგებელს"
- ყოველთვის მონდომებული ვიყავი, რომ პირველ სექტემბერს სკოლაში მივსულიყავი. მგონი ეს ერთადერთი დღე იყო, როცა არ ვაგვიანებდი, მიუხედავდ იმისა, რომ სკოლა სახლიდან ორი ფეხის ნაბიჯზე მქონდა. ძალიან ანცი ბავშვი გახლდით, მაგრამ ზრდილობაც ახლდა თან ამ სიცელქეს. დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მასწავლებლებთან. გუშინწინ ველაპარაკე დაწყებითი კლასის დამრიგებელს, დღემდე შემორჩენილი გვაქვს კონტაქტი.
კონცერტების გამო იმდენად ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა, რომ იქ მისულს აღარ მხვდებოდა ის სიტუაცია, რომ კიდევ გამოვპარულიყავი გაკვეთილებიდან. თუმცა თუ მთელი კლასი მიდიოდა შატალოზე, მე სოკოსავით არ ვიჯექი კლასში, მათთან ერთად მივდიოდი. ნორმალური კლასი მყავდა. როგორც ყველგან, ჩვენთანაც პერიოდულად იყოფოდნენ ჯგუფებად, მე არც ერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებოდი, მაგრამ იმავდროულად ყველასთან ვიყავი. სკოლიდან დღემდე შემომრჩა რამდენიმე მეგობარი.
- გახსოვს პირველი საყვედური მასწავლებლისგან?
- (ფიქრობს) პატარა ვიყავი, ჩემმა კლასელმა თმა მომწიწკნა და ვცემე. ეს დაინახა სულ სხვა ბავშვის მშობელმა, რომელიც ხშირად იყო სკოლაში. მომკიდა ჩემს გრძელ კიკინაში ხელი და მითხრა, ახლა დირექტორთან წაგიყვანო. იქ მისულმა საქმის კურსში ჩავაყენე დირექტორი, გამამართლეს და გამომიშვეს.
- პირველი სიყვარული სკოლასთან იყო დაკავშირებული?
- კი, ზუსტად ის ბავშვი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც ვცემე. საერთოდ, დღიურები არ მიყვარს, მაგრამ ეტყობა, ერთი პერიოდი მეც ვწერდი, ჰოდა, ამას წინათ ვიპოვე. ვკითხულობდი და იქ აღმოვაჩინე, რომ ჩემმა კლასელმა ტალახში ჩამაგდო და თუ დღიურს ვენდობით, ეს იმ ბავშვმა გააკეთა, ვინც ჩემი პირველი სიყვარული გახლდათ.
- გენატრება სკოლა?
- კი, ძალიან... ჩემს სკოლაში დირექტორიც შეიცვალა, რამდენიმე მასწლავლებელი გარდაიცვალა და სკოლაც ის აღარ არის, რაც იყო. მანამდე კი თითქმის ყოველთვი,ს კვირაში ერთხელ მივდიოდი სანახავად... ბოლო პერიოდში აღარ ვყოფილვარ, რადგან ის ხალხი, ვისთანაც გავიზარდე, იქ აღარაა. დღეს ცოტა ვნანობ, რომ სკოლის პერიოდი უკეთესად არ გამოვიყენე.
მარიკო ლეჟავა: "დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ზედმეტი მოგვდიოდა, მაგრამ იმ წამს ამას ვერ ვიაზრებდით"
- სწავლის დაწყებისას ყოველთვის იმაზე ვდარდობდი, როგორ შევეჩვეოდი გადაჩვეულ გრაფიკში ყოფნას, დილით ადრე ადგომას, გაკვეთილების მომზადებას, მაშინ როცა ზაფხულში სულ თავისუფალი დრო მქონდა, გადართული ვიყავი გართობაზე და ვიღვიძებდი მაშინ, როცა მინდოდა. თუმცა, მახარებდა ის, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, კლასელებს ვნახავდი. პირველი სამი კვირა, როცა შედარებით მსუბუქად იყო დავალებების საქმე, მომწონდა სწავლა, მაგრამ მერე უკვე სერიოზულ ფაზაში რომ გადადიოდა, ამით აღარ ვიხიბლებოდი.
ძალიან ცელქი ვიყავი, გოგოს კვალობაზე, ზედმეტადაც კი. გაწამებული გვყავდა მასწავლებელები, სულ ვიღაც გარბოდა ჩვენი კლასიდან. დაახლოებით ექვსი დამრიგებელი გამოვიცვალეთ ორ თვეში, კლასში სულ ერთნაირი ფსიქოტიპის ბავშვები ვისხედით. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ზედმეტი მოგვდიოდა, მაგრამ იმ წამს ამას ვერ ვიაზრებდით. ამოვიჩემებდით ერთ-ერთ მასწავლებელს და ვუმწარებდით ცხოვრებას, მის გაკვეთილზე ვხმაურობდით, არ ვჩერდებოდით. ორჯერ-სამჯერ რომ მოგცემს ადამიანი შენიშვნას და შენ იგივეს აკეთებ, გასაბრაზებელია, აბა, რაა. ერთ ამბავს მოგიყვებით... ის პერიოდია, უიტნი ჰიუსტონი რომ გარდაიცვალა, სკოლაში ვართ რუსულის თუ ინგლისურის გაკვეთილზე. არ მინდოდა გაკვეთილის მოსმენა, არადა, მასწავლებელი მთელი გულით ჩართულია საქმეში. უცებ წამოვხტი და მთელი ხმით დავიწყე უიტნის სიმღერის I will always love you შესრულება, თან გამოვაცხადე, პატივი მივაგოთ უიტნის სულს-მეთქი. გადაირია მასწავლებელი, ის ყველა ძარღვით ჩართული იყო გაკვეთილში, ამ დროს კი უტიფარი ბავშვი ვცდილობდი ჩაშლას. თავიდან ვერ მიხვდა, რას ვაკეთებდი... მერე წამიყვანეს დირექტორთან და საყვარლად მაგდებდნენ სკოლიდან... მაგრამ მოვიდა საწყალი დედაჩემი, ძალიან სთხოვა დირექტორს, რომ არ გავეგდე და დამტოვეს, იმის შემდეგ იმ მასწავლებლის გაკვეთილზე ბოდიშებით დავდიოდი (იცინის).
- როგორ სწავლობდი?
- ამოჩემებული მყავდა მასწავლებლები და არა საგნები და იმის მიხედვით ვსწავლობდი. მათემატიკა 10-იდან 8 ბავშვს არ მოსწონს, მათ შორის მეც, მაგრამ მყავდა მასწავლებელი მანანა კვინიკაძე, რომელზეც ვგიჟდებოდი. იმდენად მიყვარდა ის ქალი, რომ მათემატიკასაც კი ვსწავლობდი მის გამო, არადა, ჰუმანიტარი ტიპი ვარ. ის ადამიანი იმდენად მოწადინებული იყო, რომ გვესწავლა, სხვაგვარად ვერ მოიქცეოდი, თორემ იმით კი არ "გვაშინებდა", რომ ორიანს დაგვიწერდა, ამის თქმა არც სჭიდებოდა, ისე მოგიდგებოდა, რომ ყველა ვარიანტში ისწავლიდი; რაც შეეხება ისტორიის მასწავლებელს, ეს ადამიანი ჩემთვის ყველაფრის ეტალონია, ნებისმიერ თემაზე შემიძლია მასთან საუბარი. გაკვეთილებზე ორი წუთით რომ დაგვეგვიანა, კართან გვტოვებდა და წარმოიდგინე, ეს 5-მეტრიანი გოგო ვიდექი ხოლმე დარცხვენილი. ოღონ კი არ ვბრაზდებოდი, იმდენად დიდი ხათრი მქონდა მისი და იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა იმ ქალს ჩემს თვალში, რომ ვერაფრით ვერ ვაწყენინებდი. პანიკაში ვვარდებოდი მის დანახვაზე, მაგრამ მოწიწებაც მქონდა, დღემდე ძალიან მიყვარს ისტორიის მასწავლებელი.
- რა შეგიძლია გვითხრა მერხის მეგობარზე, სკოლის დროინდელ სიყვარულზე...
- მერხის მეგობარი მართლა არ მახსოვს, რადგან ბევრი სკოლა მაქვს გამოცვლილი, მაგრამ დღემდე ვმეგობრობ სკოლის მეგობრებთან. რაც შეეხება სიყვარულს, არ მახსენდება ვინმე კონკრეტული, თუმცა ყოველთვის იმას მოვწონდი, ვინც მე არ მომწონდა.
- სკოლაში დაბრუნება გინდა?
- მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, არ მინდა იმ დროში დაბრუნება. რომ მახსენდება სასკოლოები, ტესტირებები და მერე ეროვნული გამოცდები, არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს ყველაფერი ახლიდან გავიარო... ეროვნული გამოცდები დაემთხვა "საქართველოს ვარსკვლავის" პერიოდს, უნარების გამოცდა ფინალის მეორე დღეს მქონდა. კონცერტი 12 საათზე დამთავრდა, დასრულებისთანავე სახლში რომ არ წავიდოდით, ეს ხომ ნათელია? თან ისე მოხდა, რომ მეგობარი გარდაიცვალა მაგ დღეს, შუაღამისას ავედით მის სახლში, და 7 საათზე გამოცდაზე მისასვლელმა, 6-ის ნახევარზე მივაღწიე ჩემს სახლში... არ მეძინა, მოვწესრიგდი და პირდაპირ გამოცდაზე წავედი, ოღონ გამოცდამ როგორ ჩაიარა, იცი? შევიდოდი, დავწერდი ტესტის რამდენიმე პუნქტს, გული წამივიდოდა გადაღლილობისა და სტრესისგან, გამომიყვანდნენ, მომასულიერებდნენ, მერე უკან ვბრუნდებოდი და ასე... საერთოდ როგორ ჩავაბარე მიკვირს, ყველაფერმა ცუდად ჩაიარა, მაგრამ კარგი იყო ის, რომ სტუდენტი გავხდი.
სხვათა შორის, სიახლე მაქვს, მე და ნინა სუბლატმა მობილობა გავაკეთეთ და კონსერვატორიაში გადავიტანეთ საბუთები, ანუ მე სოხუმის უნივერსიტეტიდან, ნინა კი სამხატვრო აკადემიიდან კონსერვატორიაში გადავედით სასწავლებლად, პირველი კურსიდან ისევ ერთად დავიწყებთ სწავლას... გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოდან "რუსთავი 2" -ზე დაიწყება პროექტი "ბრავო", რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას, რაც ძალიან მიხარია.
ციცი ომანიძე