ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია დამრიგებელს პასუხს მოსთხოვს დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით ახალ პროგრამებს იწყებს, რომელთა პრეზენტაცია მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა.
თამარ სანიკიძის განცხადებით, მშობელთა ჩართულობის პროგრამა სხვა ქვეყნებში პოპულარულია, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე.
მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ჩანაწერი კლასის დამრიგებლებს დაავალდებულებს, იქონიოს მშობელთან მუდმივი და სტაბილური კომუნიკაცია.
"ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერის მიხედვით, წარმოვადგენთ დეტალურ გზამკვლევს, სადაც კარგად იქნება ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ფორმატი, სიხშირე, კომუნიკაციის თემები. ჩვენ შემოვიფარგლებით მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ იმფორმაციის მიწოდებით, რომელიც მშობელს გარკვეული ანალიზის საშუალებას მისცემს. ასევე, მშობელს მიეწოდება შვილის ქცევასთან და მოსწრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რომლის ნაწილი შესასრულებელი იქნება სახლის პირობებში, ნაწილი კი - სასკოლო აქტივობებში", - განმარტა თამარ სანიკიძემ.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებლის მოვალეობებს შორის არის მშობლის რეგულარული ინფორმირება მოსწავლის მიღწევების შესახებ არანაკლებ თვეში ერთხელ, კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით, პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა.
მინისტრის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია დამრიგებელს პასუხს მოსთხოვს.
გარდა ამისა, 2015 წლის იანვრიდან უწყება ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით მშობელთა განათლების პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიც არის სახლში სწავლისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მოზარდის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ბავშვის საჭიროებების გამოვლენა და ა.შ.