ეს არის კერძო სკოლის მოსწავლეების დისკრიმინაცია... კერძო სკოლაში სწავლა არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს ყველასთვის ცნობილია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა და ამისათვის მათ ე.წ. მოსწავლის ბარათს ურიგებენ. თუმცა რატომღაც იმავე შეღავათით არ სარგებლობენ კერძო სკოლების მოწაფეები, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო.
გადავწყვიტეთ გაგვერკვია, წელს მაინც თუ აპირებს შესაბამისი უწყება ამ ნონსენსის მოგვარებას. თუმცა აღმოჩნდა, რომ კერძო სკოლის მოსწავლეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას თანხის გადახდა ისევ საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ. მერიის ცხელ ხაზზე, სოციალურ სამსახურთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ კერძო სკოლის მოსწავლეები წელსაც ვერ მიიღებენ "მოსწავლის ბარათს", რომლითაც, როგორც აღინიშნა, უფასო გადაადგილება საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს შეუძლია.
ნათელია, რომ ყველა მშობელს სურს, თავისმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს. არსებობს სტერეოტიპი, რომ კერძო სკოლებში უკეთესი სწავლებაა, და ასევე, ვინც კერძო სკოლაში დადის, ავტომატურად აღიქმება, როგორც შეძლებული ოჯახის შვილი. არადა, ყოველთვის არ არის ასე და ხშირად მშობლები უკანასკნელ კაპიკებს იღებენ იმისთვის, რომ შვილს კარგი განათლება მისცენ. ეს მშობლის არჩევანია, შვილს გადაუხადოს თანხა და ატაროს კერძო სკოლაში თუ უფასოდ მიაღებინოს განათლება საჯარო სკოლაში (თუმცა იმაზეც რა ხანია არ დავობენ, რომ თუ განათლების მიღება უნდა, საჯარო სკოლის მოსწავლის კერძოდ მეცადინეობა ხან იმაზე მეტი თანხა ჯდება, ვიდრე კერძო სკოლაში სიარული)...
რომელი ჯობს, კერძო თუ საჯარო სკოლა, ამაზე დავა შორს წაგვიყვანს (იხილეთ mshoblebi.ge-ს გამოკითხვა ამ თემაზე). მაგრამ ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ მოსწავლე სახელმწიფოსთვის, კერძო სკოლაში ისწავლის ის თუ საჯაროში, თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს რატომღაც მიაჩნია, რომ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების უფლებები ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს.
ნინო ღლონტი, მშობელი: - ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადის, მინდა, მან სრულფასოვანი განათლება მიიღოს. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, სკოლის გადასახადისთვის მთელი ჩემი ხელფასია საჭირო. ამაზე არ ვწუწუნებ, ეს ჩემი არჩევანია. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ისარგებლოს ჩემმა შვილმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით. კერძო სკოლაში სწავლა არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს.
თამუნა ბარათაშვილი, მშობელი: - სახელმწიფოს რატომღაც ჰგონია, რომ თუ კერძო სკოლაში დაგყავს ბავშვი, მაშინ არაფერი გიჭირს. თავისთავად ის აზრი, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უჭირთ და კერძო სკოლისებს არა, სოციალური უსამართლობის ნათელი მაგალითია. ან საერთოდ რა შუაშია, გიჭირს თუ არა, ეს ხომ ყველა მოსწავლის შეღავათი უნდა იყოს და არა გამორჩეულების.
გიორგი აბულაძე, მშობელი: - ეს ფაქტი არის კერძო სკოლის მოსწავლეების დისკრიმინაცია. ბავშვების ასე კატეგორიებად დაყოფა სახელმწიფოსგან დიდი უსამართლობაა. საჯარო სკოლებში სულ გაჭირვებული ოჯახების შვილები დადიან? ან მარტო სკოლაში სიარულისთვის იყენებენ ეს ბავშვები ბარათებს? წიგნების დარიგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გამომცემლებთან თავი იმართლა ჩვენმა პრეზიდენტმა, ეს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა მოსწავლის წინაშეაო. ჩვენი შვილების მიმათ რატომ არ მუშაობს ეს კონსტიტუციური ვალდებულება? არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები?
ამ ფაქტიდან მხოლოდ ეს დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სახელმწიფოსთვის ყველა მოსწავლე თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი - უფრო თანასწორი. ალბათ დროა, სათანადო უწყებები უკეთ დაფიქრდნენ ამ პრობლემაზე.
სალომე გორგოშიძე