რამდენად საჭირო და კარგია ეს? დღეს ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში მისვლამდე სწავლობს წერა-კითხვას. რამდენად საჭირო და კარგია ეს? რას ფიქრობენ ამის შესახებ მასწავლებლები და ფსიქოლოგები?
ინგა ლობჟანიძე, დაწყებითი კლასების პედაგოგი:
"მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვს ასწავლიან წერა-კითხვას. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სკოლამდელი ასაკის ბავშვმა იცოდეს წერა-კითხვა, რადგან ასეთი ბავშვები სწავლისადმი ინტერესს კარგავენ. როდესაც ბავშვებს ვაცნობ ახალ ასო-ბგერას, მათ, ვინც არ იცის წერა-კითხვა, ამ პროცესს დიდი სიხარულით ხვდებიან. ხოლო ისინი, ვინც უკვე კითხულობენ, გამუდმებით სვამენ კითხვას: მასწავლებელო, მე დღეს ახალი რა უნდა მასწავლოთ? მე ხომ უკვე ვიცი წერა-კითხვა? ასეთ ბავშვებს ინტერესი ეკარგებათ შემეცნების. ჩემი რეკომენდაცია იქნება, მშობლებმა სკოლამდელ ასაკში თავი შეიკაონ წინსწრებით სწავლებისაგან.
უმჯობესია ვიზრუნოთ და განუვითაროთ ბავშვს წინა სასკოლო უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია, ბავშვს სკოლაში მისვლამდე განვითარებული ჰქონდეს სივრცის აღქმის უნარი, იცოდეს მარჯვენა, მარცხენა, ზემოთ, ქვემოთ. შეეძლოს მიწოდებული ინსტრუქციების სწორად გაგება, ჰქონდეს მოსმენის და მეტყველების კულტურა, შეეძლოს სურათის აღწერა. სკოლამდელ ასაკში მეტი დრო უნდა დაეთმოს ნახატების გაფერადებასა და პლასტილინით ფიგურების გამოძერწვას, რათა ბავშვს დაუმუშავდეს ხელის მოტორიკა და გაუადვილდეს ბადიან თუ უჯრიან რვეულში მუშაობა. წერა-კითხვის უნარი უნდა ჩამოყალიბდეს სასკოლო ასაკში. წერა-კითხვა ბავშვს უნდა ასწავლოს პედაგოგმა შესაბამისი კონტექსტებითა და ასოების გრაფიკული მოხაზულობის ახსნით სკოლის ასაკში. "
ნინო ღვინიაშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგი:
„მშობლებმა უფრო ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყონ სკოლისთვის მზაობა, ნელ-ნელა თამაშ-თამაშით შვილებს ასწავლონ უბრალოდ ასო-ბგერებისა და ციფრების ამოცნობა. მაგალითად, შეუძლიათ ასო-ბგერები ასე ასწავლონ: "ნ" - ნინო, ეს შენი სახელის პირველი ასოა, დ - დედა, თ - თვალები და ა. შ. თითოეული ასო-ბგერა მათთვის საყვარელ საგნებსა თუ ადამიანებს დაუკავშირონ. თუ ბავშვს აქვს სურვილი და მშობელს უჯერებს, ასევე სასურველია ვასწავლოთ თვლა და უკუთვლა. ზეპირი ანგარიში თითების დახმარებით. სკოლისთვის სათანადოდ მომზადებული ბავშვი მეტად თავდაჯერებულია და მოტივაციაც მაღალი ექნება.“
ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მურვანიძე:
„მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იცოდეს, რადგან სკოლაში მისვლის შემდეგ მეტი ინტერესი გამოიჩინოს სიახლეების მიმართ და ადვილად არ მობეზრდეს. თანაც, მე თუ მკითხავთ, სწავლა მხოლოდ შემეცნებითი პროცესი არ უნდა იყოს. ეს ღლის, ინტერესს უკარგავს პატარას. ნებისმიერი ბავშვი 20 წუთის შემდეგ უკვე კარგავს ინტერესს და ყურადღება ეფანტება, ამის მერე უკვე გაკვეთილში თამაში უნდა ჩაერთოს, უნდა გახალისდნენ და ცოტა გაერთონ. კარგია, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარია, წარმოიდგინეთ, ბავშვი 5 წლის ასაკში მიჰყავდათ მშობლებს სკოლაში და მას ნაადრევად უკვეცავდნენ თამაშის პროცესს, ნაადრევად შეჰყავდათ ზრდასრულ სამყაროში. ამ დროს არ ააქვთ გააზრებული, ეს რამხელა ტვირთია, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი ამ ასაკში არ არის მზად სწავლისთვის.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბავშვი ვერ დაძლევს სწავლის პროცესს, აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვს არ დავაკისროთ ის ვალდებულებები, რაც ასაკიდან და ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არის ნაადრევი. ხშირად ნაადრევ ასაკში სწავლა შეიძლება სტრესად ექცეს პატარას. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 7 წელსაც კი ვაღიარებდი სასკოლო პერიოდის დასაწყისად. საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში 7 წლის ასაკიდან იწყება ცნობიერი სწავლება, ანუ დამოკიდებულება სწავლებისადმი უკვე გააზრებულია. 7 წელი იდეალური ასაკია, ყველა ჯგუფის ბავშვს შეუძლია მასალის დაძლევა ამ ასაკიდან.
ბავშვს რომ სწავლა და დამახსოვრება გაუადვილდეს და იშვიათად იავადმყოფოს სკოლაში
ბევრი უკითხონ, ზღაპრები, გასართობი, შემეცნებითი - ასაკზე გათვლილი ლიტერატურა, საბავშვო ჟურნალები, ფერადი, მხიარული. მეტი ამუშაონ ფერებზე, ფორმებზე, წელიწადის დროებზე, ციფრებზე. პატარას უკვე უნდა ჰქონდეს იმის აღქმა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ვინ არის, ვინ არიან მისი ახლობლები, ვინ არის მისი მეგობარი და ა.შ. მას სჭირდება მეგობრული საუბრები, ურთიერთობები თანატოლებთან, მოსმენა და ყურადღება. არ არის საჭირო მისი დატვირთვა ბევრი ინფორმაციით, იძულება, რომ ისწავლოს ბევრი ლექსი, იცოდეს წერა-კითხვა. ეს ყველაფერი მას წინ აქვს და ნუ გავუქრობთ ინტერესს.