სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ 2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ.
უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს - იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერებას მეტალოდეტექტორის გამოყენებით".
დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი.
როგორც მანდატურის სამსახურში აცხადებენ, კოლექტიური დათვალიერება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.
მათივე განმარტებით, თუ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს.