წლების განმავლობაში მშობლებისა და ბავშვების უკმაყოფილებას წიგნების მოცულობა იწვევდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები გაცილებით თხელი და მსუბუქია. ბეჭდვისას კი გამოყენებულია საღებავი, რომელიც უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
დაწყებითი კლასების (I-VI) გრიფირებული სახელმძღვანელოების სკოლებისთვის დარიგება უკვე დაიწყო. თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ერთად ახალ წიგნებს მინისტრიც გაეცნო.
წლების განმავლობაში მშობლებისა და ბავშვების უკმაყოფილებას წიგნების მოცულობა იწვევდა, ახალი სახელმძღვანელოები კი გაცილებით თხელი და პატარაა.
„I-VI კლასის განახლებულ სახელმძღვანელოებს ყველა სასწავლო დაწესებულება 17 სექტემბრამდე მიიღებს. განახლებული სახელმძღვანელოები ჩვენი ბავშვების ხარისხიანი განათლების საწინდარია. ახლანდელი სახელმძღვანელოები წინანდელთან შედარებით უფრო მსუბუქია. მთავარი ისაა, რომ დახვეწილია შინაარსობრივად და გამოყენებულია საღებავი, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო სკოლის შექმნაა, რისთვისაც სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით იწყებს მუშაობას:
„ერთ-ერთი მთავარი, რაც რეფორმის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი, ესაა უსაფრთხო სკოლები . ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, შექმნილია ჯგუფი, ვმუშაობთ მანდატურის უფლებების გაფართოებაზე , სამინისტრომ დაიწყო ფსიქოლოგების ჩართვა პროცესში, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, სკოლებში დავიწყებთ მუშაობას მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ჩვენი სამინისტროსი, პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოება და საჭიროა, კოორდინირებული მუშაობასახელმწიფო ორგანოებთან“, -აღნიშნა ბატიაშვილმა.
მარიამ ელიაშვილი