ერთი წლის წინ დასაწერი პოსტი
ახლა მივხვდი, რომ ერთი წელი გავიდა და ჩემი ბიჭუნა მეორე კლასშია. ჯერ კიდევ შარშან მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, როგორ ავცდით მე და ლეგა სტრესს მეცადინეობასთან დაკავშირებით. ახლა უკვე 1 წელი გავიდა და უფრო კარგად გამოცდილი მეთოდი ჰქვია ამას, რის შესახებაც მინდა მოგიყვეთ. იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
ლეგა მარტივი ხასიათის ადამიანი არ არის. ყველაფერზე მიდგომა და გასაღების მონახვა სჭირდება. ამიტომ სწავლასთან დაკავშირებით ძალიან ვღელავდი, უკვე წარმოდგენილი მქონდა 12-წლიანი სტრესი.
რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა პირველ რიგში მე ვიტყოდი დამრიგებელში და სხვა ყველა მასწავლებელში, მერე სკოლით და მათი მეთოდებით. ასევე თანაკლასელები და მათი მშობლები, რომლებიც მართლაც არაჩვეულებრივები არიან. თუმცა მე მაინც შევცდი და კინაღამ გავაფუჭე ყველაფერი.
რა თქმა უნდა, მშვიდად და ალერსიანად ავუხსენი, რომ ეს დავალებაა და ის შესასრულებელია. არ მინდაო და გაწია რვეული. კიდევ რამდენიმე მშვიდი მცდელობა და მერე ვიგრძენი, როგორ წამომივიდა სიბრაზე და დაბნეულობა. დაწერ ახლავე-თქო, ისე წამომეყვირა, მე თვითონ ვერ გავიაზრე, რატომ ვსაუბრობდი ასე ხმამაღლა და მოვისროლე მაგიდაზე რვეული, რომელიც მაგიდიდან გადავარდა ძირს. ლეგა გაოგნებული მიყურებდა, ვერაფერი გაეგო...პრინციპში იმ მომენტში მეც ვერ გავიგე რა მჭირდა. მერე სხვა დროს გავიაზრე, რომ ეს იყო შიში. შიში იმისა, რომ ასე უნდა გვებრძოლა და გვეჩხუბა, დაგვეწყვიტა ერთმანეთისთვის ნერვები და შეგვზიზღებოდა სწავლა ამიერიდან.
მე ვფიქრობ, ზუსტად ამ შიშმა გამომაფხიზლა და სიტუაციის გადარჩენა მაიძულა. მოვიკრიბე ძალა და გავხდი 100% მშვიდი და მოსიყვარულე. ბოდიში მოვუხადე ლეგას, რომ რვეული "შემთხვევით" გადამივარდა მაგიდიდან. დავამატე, რომ მას შეეძლო ახლა არ დაეწერა და მაშინ დაეწერა, როცა უკეთეს განწყობაზე იქნებოდა და შეეხალისებოდა და კიდევ, იმ მომენტში ამ ბიჭუნასთვის ალბათ მნიშვნელოვანი სიტყვები ვთქვი: კარგი, არ დაწერო, ეს არაა პრობლემა, თუმცა მართლა არ ვიცი, ხვალ მასწავლებელთან რას იგრძნობ და რა უნდა უპასუხო, როცა დავალების გარეშე მიხვალ მარტო შენ.
ეს არ იყო ნიშნისმოგებით ან მწარე ტონით ნათქვამი, აბსოლუტურად მეგობრულად ჟღერდა და გავედი. ლეგაზე იმოქმედა. წამიერად აიღო რვეული და დაწერა 1 დავალების ნაცვლად 11 გვერდი. ახლა ამაზე დამჭირდა თხოვნა, ამდენ დავალებას წინასწარ ნუ დაწერ, არ მგონია, შეიძლებოდეს-თქო.
ამ დღის მერე მტკიცედ გადავწყვიტე, სწავლა და ძალდატანება ერთმანეთთან არ დამეკავშირებინა. დღემდე ასე გრძელდება (მთელი ზაფხული უკონფლიქტოდ ასრულებდა პატარ-პატარა დავალებებს). მესმის, რომ ყველა ბავშვთან შეიძლება ამ მეთოდმა არ გაჭრას, ზოგი მეტად ზარმაცია ან ნაკლებად აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ზოგსაც უბრალოდ ნამდვილად უჭირს სწავლა და ა.შ. მაგრამ მაინც მინდა გირჩიოთ, ეცადეთ სწავლა არ გახდეს საზიზღარი მომენტი ბავშვისთვის. მთავარი ის ხომ არ არის, რამდენი მაგალითი დაწერა და რამხელა ლექსი ისწავლა, მთავარია ბავშვს უყვარდეს (მინიმუმ არ ეზიზღებოდეს) და პასუხისმგებლობას გრძნობდეს სწავლის მიმართ.
დამრიგებელმა მირჩია ერთხელ: უნდა ისწავლოს თავისთვის და არა სხვისთვის და ყოჩაღების და საჩუქრებისთვისო, აი ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაგვენერგა ბავშვებისთვის. მეც ვუხსნი ხოლმე ლეგას, რომ თუ მათემატიკას ისწავლის, პირველ რიგში მას გამოადგება, ფულს კარგად დაითვლის, ინგლისური ისწავლე კარგად, დედი, რომ ამერიკაში ხომ ვნატრობთ წასვლას, მე ინგლისური აღარ მახსოვს და შენ უნდა გაგვიკვლიო იქ გზა... რა მაგარია, რუსულს რომ სწავლობ, მე და მამა საიდუმლოდ ვერაფერს ვეღარ ვიტყვით, ყველაფერს გაიგებ... ბუნებას თუ კარგად მოუსმენ, ჩვენი ბაღჩის გაშენებაში ძალიან დაგვეხმარება შენი ცოდნა და ა.შ. ჯერჯერობით ჭრის და ამართლებს. მასწავლებლების და სკოლის მეთოდია ჩვენთან ისეთი, რომ ლეგას პროტესტის გრძნობა არ უჩნდება სწავლის მიმართ. ლეგა ტიპია ასეთი, თუ იგრძნო, რომ შეწინააღმდეგებაა საჭირო, აუცილებლად შეგეწინააღმდეგება. სწავლა კი ჩვენთვის ისეთ მომენტად იქცა, რასაც დედა არ აძალებს, მასწავლებლები არ აძაგებენ ამის გამო და ვისღა შეეწინააღმდეგოს? სწავლობს თავისთვის ან იმისთვის, რომ მასწავლებელს აჩვენოს და დაიმსახუროს მოწონება ან იმიტომ, რომ ეზოში სწრაფად გავიდეს.
ბევრი არც მე ვიცი ამ თემაზე და არ ვარ "ჯერ" ექსპერტი, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, ჩემს შვილს სწავლას არ დავაძალებ, სანაცვლოდ კი ყველა ღონეს ვიხმარ, უყვარდეს (მინიმუმ არ სძულდეს) სწავლა და ინტერესს გავუღვივებ. ზუსტად არ ვიცი როგორ, ინტუიციას მივყვები და მალე ამონაშვილების სემინარს დავესწრები და გავიგებ ძვირფას ინფორმაციებს... ამის შემდეგაც სულ ვიქნები დაკავებული იმით, რომ სწავლა სასიამოვნო პროცესი იყოს. ჯერ კარგად მივდივართ, თუმცა მესმის, რომ ასაკთან ან სიტუაციასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს რამე უარესობისკენ. იმედია ასე არ მოხდება. ეს რაც შეეხება კონკრეტულად სწავლას, თორემ აი ყოფა-ქცევაზე რა მოგახსენოთ, მაიმუნობს...
არასოდეს არ ვსჯი სწავლით ან სწავლის გამო.
ვცდილობ და ლეგასთან პირველ კლასში ეს შესაძლებელი იყო, რომ იმეცადინოს დამოუკიდებლად, ბოლოს ვუმოწმებ.
არ ვერევი მასწავლებლის მეთოდებში, ვენდობი და მივყვები მათ კურსს. ვფიქრობ, ბავშვის არევას და დაბნევას ჯობია ერთ ადამიანს, მასწავლებელს დაუჯეროს და მიჰყვეს.
არასოდეს ვამბობ ბავშვის თანდასწრებით საყვედურს სკოლაზე ან მასწავლებლის რაიმე მომენტზე, რაც შეიძლება არ მომეწონა.
ხშირად ვუქებ სკოლას, მასწავლებლებს და თანაკლასელებს, რომ ძალიან საყვარლები და კარგები არიან და რომ გაგვიმართლა მათში. მეტი პოზიტივი გადადის ბავშვზეც, იცით?
თუ რამე არ გამომრჩა, დღეისათვის სულ ეს არის...
მაია შერვაშიძე