მასწავლებლები ხშირად წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენს შვილებზე მასწავლებლები ხშირად წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენს შვილებზე. ზოგჯერ მათი სიტყვა, ქცევა და მხარდაჭერა მეტად აძლერებს ჩვენს შვილებს ცხოვრების გზაზე, ვიდრე მშობლის მზრუნველობა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი სწორედ ასეთი გამორჩეული მასწავლებელია. ის სამი წლის განმავლობაში რაჭაში, სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ასწავლიდა. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალისტ ია ანთაძეს რუბრიკა „საინტერესო ადამიანებისთვის“ მისცა.
- ახლა დანიელ პენაკის „სკოლის სევდას“ ვკითხულობ. მთელი წიგნი იმაზეა აგებული, როგორ გახდა ავტორი, ბავშვობაში ოროსანი მოსწავლე, საუკეთესო მასწავლებელი. პენაკი საკუთარ თავს უღრმავდება და წერს, რომ მშობლები ძალიან ბევრს ფიქრობენ შვილების მომავალზე. მაგრამ არ არის საჭირო ამდენი ფიქრი. ეს იწვევს ფორიაქს, შფოთს... წარუმატებელი ბავშვი, რომელიც დღეს მაჩანჩალა გვგონია, შეიძლება ძალიან შეიცვალოს. შეიძლება კი არა, აუცილებლად შეიცვლება. უბრალოდ, მომავალზე ფიქრით იმდენად ვიწუხებთ თავს, რომ ხანდახან ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები გვავიწყდება.
- აუცილებლად დაზარალდება. კიდევ ასეთ რამეს ამბობს: სწავლა, თითქოს, იმისთვის არის გამოგონილი, რომ დროთა განმავლობაში მაღალი სოციალური სტატუსი მოვიპოვოთ. შემდეგ ამ სტატუსს ამოვეფარებით და თუ, ვთქვათ, დავკარგავთ მას რომელიმე ასაკში, ძალიან გვიჭირს გადატანა. ხომ არ ვცდებით მაშინ, როცა სწავლას მხოლოდ მომავალ სტატუსს ვუკავშირებთ? ადამიანი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ როდესაც თავის თავთან მარტო აღმოჩნდება, დისკომფორტი არ განიცადოს. ეს რომ წავიკითხე, მერე მეც დავიწყე ფიქრი, რა უნდა იყოს სწავლის მიზანი, რომ ადამიანი მხოლოდ სტატუსის მოპოვებაზე არ ფიქრობდეს.
ალბათ, ის, რომ როდესაც სწავლა დაეფუძნება შინაგან მაძიებლობას, შინაგან სურვილს, სიხარულს, მთელი ცხოვრება გაჰყვება და რაც არ უნდა კატაკლიზმები მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, ის ყოველთვის გადაურჩება ამას, უფრო ნაკლები სიმძაფრით აღიქვამს ამ ყველაფერს.
- არა, ასე არ ვუყურებ. პირიქით, ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგე. შეიძლება ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მთელი არსებით მაქვს გასიგრძეგანებული ამ მიდგომის მნიშვნელობა. ჩემი წინასწარი განწყობა განაპირობებს მათ მომავალს. როდესაც კლასში პირველად შედიხარ, არ უნდა გამოიკვლიო - როგორი კლასია. ჯობია, შენ თვითონ გააბა კავშირი, ვიდრე სტერეოტიპებს მისდიო.
- დიახ, ბევრად მეტია ახლა. თქვენ მართალი ხართ, ნამდვილი საჯარო სკოლის ცხოვრება, როგორც მასწავლებელს, მე არ შემიგრძვნია. რაც შეეხება განსხვავებას: კერძო სკოლა შექმნა საჯარო სკოლის არასრულფასოვნებამ, გაზრდილმა მოთხოვნებმა. თუმცა, კერძო სკოლაში, როგორც ვაკვირდები, ბავშვები ძალიან გადაღლილები და გადატვირთულები არიან იმ რეჟიმით და რუტინით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ეს რეჟიმი მათი თავისუფალი ნებისთვის ძალიან დამთრგუნველია.
ბავშვები ზუსტად გაწერილი რეჟიმით ცხოვრობენ ხუთის ნახევრამდე. წრეებზე დადიან. ეს ყველაფერი ძალიან რთულია არა მხოლოდ მათთვის, ჩემთვისაც. მაგალითად, სპექტაკლი რომ დადგა, ამისთვის ხომ გჭირდება თავისუფალი დრო? ცოტა დაბნეული ვარ, არ ვიცი, ეს დრო სად ვიპოვო.
- ამ მდგომარეობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომლებიც აკინძულია ერთმანეთზე. მე მაინც მგონია, რომ მთავარი პრობლემები სკოლამდელი განათლებიდან იწყება. როდესაც პირველ კლასთან მქონდა შეხება - ბავშვებს რომ ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, როგორი სკოლამდელი განათლება ჰქონდა თითოეულ მათგანს.
თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი განათლების კვალი ბავშვს მერვე კლასამდე მიჰყვება. განვმარტავ, რომ სკოლამდელ განათლებაში ვგულისხმობ მშობლის ურთიერთობას ბავშვთან, ზეპირმეტყველების განვითარებას, ხმამაღალ კითხვას, შემეცნებით სამყაროსთან ზიარებას. თუ ბავშვი ამ ყველაფერს მოკლებულია, შემდეგომ უჭირს, სკოლაში ფეხი აუწყოს დანარჩენებს.
- უფრო იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებას დაბალი ცნობიერება აქვს სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ამიტომ იწყება ხოლმე ერთმანეთზე გადაბრალება. მე მაინც მგონია, რომ ჯერ ოჯახმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და მერე უკვე ბაღმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ჩვენ თანმიმდევრულობა გვაკლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლს შორის ბმა იყოს - სკოლამდელი განათლებიდან, უმაღლესი განათლების ჩათვლით. თუმცა, არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს.
- ჩემი პატარა გამოცდილებით, რასაც ვუყურებ, დაბეჯითებით მგონია, რომ სკოლამდელი განათლებიდან უნდა დავიწყოთ ეს პროცესი. მშობლები ვფიქრობთ, რომ ჩვენს შვილებს სხვამ უნდა მისცეს განათლება, ცოდნა.
ისეთი არაფერი არ არის, რთული. გგონია, რომ რთულია, იმიტომ, რომ არ იცი. მეც რომ არ მცოდნოდა, ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ის, თუნდაც, რომ შენი ბავშვობის ამბები უამბო, გიჟდებიან ბავშვები ამაზე; ის, რომ სადაც მივდივართ, იმაზე ესაუბრო, მუდმივად გქონდეს კონტაქტი - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მათ აკადემიურ უნარ-ჩვევებს მომავალში და ბევრად უფრო კარგი შედეგი გვექნება.
- თუნდაც, ის, რომ უწერაში ჩემი ცხოვრების სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი მოსწავლეებს შორის, რამდენ რამეზე მეტყველებს. ალბათ, იმიტომ არ ყოფილა, რომ მცირერიცხოვანი სკოლაა. ოჯახები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მშობლებსაც სხვანაირი ცხოვრების წესი აქვთ. ყველა ერთად არის და მიწაში აქვთ ხელები.
სოფელში ყველა ერთად იბრძვის ლუკმაპურის საშოვნელად. ამაში ბავშვიც ჩაბმულია და ეს შრომაც, მათი ყოველდღიურობა, ნაკლებ დროს ტოვებს კონფლიქტებისთვის. იქ ცხენით ჯირითობენ, ტყე აინტერესებთ. იმდენად სხვანაირია მათი ყოველდღიურობა, რომ აბსოლუტურად სხვა ქცევის წესს სთავაზობს.
- პირველ რიგში, უნდა გავისიგრძეგანოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ურთიერთობა. ამაზე დგას შემდგომ მთელი მისი ცხოვრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საუბარს, მრავალფეროვან ლექსიკას. თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ მშობლებს, მაგრამ არ უნდა შეშინდნენ. უამბონ თავისი ბავშვობის შესახებ, თავისი გულისტკივილის შესახებ, როგორ წაიქცნენ, როგორ იტკინეს... სოფლში გატარებული დრო გაიხსენონ, ერთი სიტყვით, ბავშვობის თავგადასავალი გაუზიარონ. მეორეა, რომ აუცილებლად წაუკითხონ ზღაპრები, ასევე, მოიგონონ ზღაპრები მათთვის. არ შეშინდნენ იმ სისასტიკით, რაც ქართულ ხალხურ ზღაპრებშია. რომ ვფიქრობ და ბავშვებს რომ ვაკვირდები, ეს არის ცხოვრებისთვის მზადება. ბავშვის ინტერესი მაინც იმაზეა კონცენტრირებული, რომ სიკეთე იმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ძლიერ პიროვნებებად გაიზრდებიან, თუკი ამ ფუნდამენტურ ძალას ჩავდებთ მათ პატარა სხეულებში. მე თუ კითხვა მიყვარს, სწორედ იმიტომ, რომ ბავშვობაში სულ მიკითხავდნენ ჩემს უსაყვარლეს წიგნს - ქართულ ხალხურ ზღაპრებს. არაჩვეულებრივი ლექსიკაა ამ ზღაპრებში. წინადადებებია ისეთი, რომ სულს უხარია. გაუმახვილონ ყურადღება, ენის დაგემოვნება ასწავლონ: აი, რა კარგი სიტყვაა, რა კარგი წინადადებაა... დამერწმუნეთ, დიდ სიამოვნებას მიიღებენ თავის შვილებთან ერთად. მთავარია, ეს ერთობლივი კითხვა წლების განმავლობაში გაგრძელდეს და სიამოვნებაზე იყოს დაფუძნებული, არა ვალდებულებაზე.
ფოტო: ზურაბ ქურციკიძე