"ჩემი შვილიც არაა მთლად მართალი, მაგრამ სექსი სკოლაში, თანაც - რუსული, მაინც მიუღებელიაო..." სკოლა და სწავლა ფრიადოსან მოსწავლესაც კი არ უყვარს და ახალი სასწავლო წლის პირველსავე დღეს დიდიც და პატარაც იმის ანგარიშს იწყებს, თუ რამდენი დღეა დარჩენილი მომდევნო არდადეგებამდე. რას ვიზამთ, ძნელია თავის იმ სიბრძნით დამშვიდება, ყველას რომ გაგვიგონია : "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების", - და ბეჯითი ბავშვის იმიჯის მორგება, მაგრამ გადის დრო და როცა ცხოვრება უკან მოგვატოვებინებს ბავშვობის წლებს, ყველაზე ტკბილი მოსაგონარი მაინც მშობლიური სკოლა და მის კედლებში გატარებული წლები აღმოჩნდება ხოლმე...
ამჯერად იმ პედაგოგებს ვესაუბრე, რომელთა ხელშიც არაერთი თაობა დაფრთიანებულა და შესაბამისად, მათ მოსაგონარიც ბევრი აქვთ. ამიტომ, სკოლასა და აღსაზრდელებთან დაკავშირებული მხიარული და თბილი ამბების გახსენება ვთხოვე.
მარიკა ქობულავა, მათემატიკის მასწავლებელი:
- ორმოც წელზე მეტია, ერთსა და იმავე სკოლაში ვმუშაობ და ბუნებრივია, ზოგ ჩემს პირველი მოსწავლის შვილს კი არა, უკვე შვილიშვილსაც ვზრდი. ერთი მოსწავლე - ზაზუკა ისეთი ზარმაცი იყო, რომ მეცხრე კლასშიც კი არ იცოდა გამრავლების ტაბულა და რადგან დედის არ ეშინოდა, კატეგორიულად მოვითხოვე, მამამისი მოსულიყო სკოლაში, იქნებ მისი შიშით მაინც აეღო წიგნი ხელში. გაგონილი მქონდა, რომ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და თანამშრომლებსაც კი ეშინოდათ მისი. ვიფიქრე - საკუთარ შვილს როგორ ვერ მოთოკავს და ვერ აიძულებს მეცადინეობას-მეთქი?! მოკლედ, არ მოვეშვი და მოვიყვანე. გაოცებულმა ხმა ვერ ამოვიღე, როცა მასში ჩემი ყოფილი მოსწავლე ამოვიცანი. ცხრა კლასი კი არა, სკოლაც ისე დავამთავრებინეთ, გამრავლების ტაბულას ვინ დაეძებს, წერა-კითხვა არ იცოდა გამართულად. თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ ინსტიტუტიც დაემთავრებინა და თანამდებობაც ეშოვა... "არ ვიცი, ვის დაემსგავსა ასეთი შტერი და უპასუხისმგებლო?!" - ისე გაიკვირვა ჩემი შენიშვნა, ეჭვიც კი შემეპარა: ხომ ნამდვილად ისაა, ვინც მგონია-მეთქი და რა თქმა უნდა, ვეღარ გავუბედე თქმა: ვის უნდა ჰგავდეს, შენი ასლი და ზუსტი გამეორებაა-მეთქი...
ლარისა მოსკალიოვა, რუსული ენის მასწავლებელი:
- მეშვიდეკლასელებს არსებითი სახელის სქესი ავუხსენი და დავარიგე: ქართულისგან განსხვავებით, რუსულში სქესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და სწორად შეძლებთ სასაუბრო ენის შესწავლას-მეთქი... მეორე დღეს კი დირექტორის კაბინეტში გამომიძახეს, სადაც გაცეცხლებული მშობელი დამხვდა, დირექტორისგან ჩემს გაგდებას მოითხოვდა: ისედაც არ მინდა, ჩემი შვილი ოკუპანტის ენას სწავლობდეს და მით უმეტეს - რუსულ სექსსო... მივხვდი, კაცს წარმოდგენა არ ჰქონდა რუსული ენის გრამატიკაზე და ამიტომაც აერია "სქესი" "სექსში". არადა, მის თაობაში, ვისაც ოდნავ მაინც უჭრიდა გონება ბავშვობაში, ყველა თავისუფლად ფლობს ამ ენას. იმ მომენტში დირექტორის კაბინეტში შემთხვევით, ინგლისური ენის მასწავლებელიც იყო და ვერ მოითმინა: ინგლისურს რაღა მიზეზით არ სწავლობს თქვენი შვილი, ის მაინც გამაგებინეთო! - ჰკითხა ისეთი ტონით, უცებ მოტყდა მომჩივანი: არა, ჩემი შვილიც არაა მთლად მართალი, მაგრამ სექსი სკოლაში, თანაც - რუსული, მაინც მიუღებელიაო... ასეთი ადამიანისთვის რაიმეს ახსნას აზრი არ ჰქონდა და მეც ხმა აღარ ამომიღია...
გაგრძელება