"სულ მიზეზს ეძებდა და ჟურნალში დაბალ ნიშნებს უწერდა" - მასწავლებელზე განაწყენებული დედის წერილი
"სულ მიზეზს ეძებდა და ჟურნალში დაბალ ნიშნებს უწერდა" - მასწავლებელზე განაწყენებული დედის წერილი
პედაგოგები მოსწავლეებს ცუდი ყოფა-ქცევის გამო ხშირად საყვედურობენ, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას არ სჯერდება და მოსწავლეს ქულას აკადემიურ მოსწრებაშიც აკლებს. ერთი ასეთი ფაქტის შესახებ mshoblebi.ge-ს მეათეკლასელი ბიჭის დედამ მისწერა:

"მეათეკლასელ მოსწავლეს ყოფა-ქცევის გამო მათემატიკის მასწავლებელმა ქულა დააკლო და ლამის საშემოდგომო გამოაყოლა. მოსწავლემ კარგად იცის საგანი და პედაგოგმა, მცდელობის მიუხედავად, გაკვეთილზე რომ ვერ ჩაჭრა, ბოლო ორი თვის დავალებების ჩვენება მოსთხოვა. ბავშვს ერთ-ერთ დავალებაზე თარიღი არ ეწერა. პედაგოგმა თარიღის გარეშე დაწერილი
დავალება არ მიიღო და უთხრა, რომ იმ კონკრეტულ რიცხვში სხვა დავალება ჰქონდა, რომელიც მოსწავლის რვეულში არ იყო. მოკლედ,  სულ მიზეზებს ეძებდა და ჟურნალში დაბალ ქულებს უწერდა, კარგ მოსწავლეს ქულა დააკლო“, - ნათქვამია წერილში.

mshoblebi.ge დაინტერესდა, რამდენად აქვს პედაგოგს უფლება, ამა თუ იმ საგანში მოსწავლეს ქცევის გამო დააკლოს ქულა და რა შეიძლება მოიმოქმედოს, როცა მოსწავლის ქცევა საგაკვეთილო პროცესისთვის არაადეკვატურია.  ამ კითხვებით ექსპერტს განათლების საკითხებში მარიამ გერსამიას მივმართეთ, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებს და პედაგოგის ქმედებას არ ამართლებს. ის გამოსავალს სკოლებისა და ფსიქოლოგების მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს:

- პედაგოგს უფრო ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება მოეთხოვება. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა მიმართოს მშობელს ან ფსიქოლოგს, თუმცა მისი ამ ფორმით
დასჯა უსამართლობაა.

ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია, სკოლა იყოს სადამასჯელო სისტემის ნაწილი. ის უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლეზე და უნდა ფიქრობდეს მის განვითარებაზე, მაშინაც კი, თუ ბავშვს ასოციალური ქცევები აქვს.

პედაგოგმა უნდა გააანალიზოს, რა შედეგს მიიღებს ამით სკოლა და როგორ იმოქმედებს ეს ბავშვის განვითარებაზე. ჩემთვის მიუღებელია ისეთი რეაგირება, რომელიც ბავშვის განვითარებას ხელს შეუშლის. მეორე მხრივ, მასწავლებელსაც უნდა აუხსნას სკოლამ, როგორ უნდა მოექცეს ის ასოციალური ქცევის ბავშვს.
ვისურვებდი, ფსიქოლოგები უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან მუშაობაში.


118-ე საჯარო სკოლის პედაგოგის ეკატერინე ფრიდონაშვილის თქმით, მასწავლებელს ყოფა-ქცევაში ქულის დაკლების უფლება არ აქვს. მსგავს სიტუაციაში მან დახმარება მანდატურს უნდა სთხოვოს:

- მასწავლებლს უფლება აქვს, მოითხოვოს დავალებები და თუ კონკრეტული დავალება არ უწერია, შენიშვნის მიცემაც შეუძლია,

პედაგოგის უფლებები დაკნინებულია, ყოფა-ქცევაში ქულის დაკლების უფლება არ გვაქვს.

ამისთვის არსებობს სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია ჯერ მოსწავლესთან და თუ საჭირო გახდება, მშობელთან. ხოლო თუკი მოსწავლის ყოფა-ქცევა ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს, ამისთვის სკოლაში გვყავს მანდატურები და შეგვიძლია მივმართოთ.
ქულის დაკლების უფლება კი არ გვაქვს.

mshoblebi.ge-სთან საუბრისას პედაგოგები ამბობენ იმასაც, რომ ხშირად მათ მოსწავლეები სხვა გზას არ უტოვებენ და იძულებულნი ხდებიან დაბალი ქულა დაწერონ მაშინაც კი, როცა ბავშვის ცოდნაში დარწმუნებულნი არიან, თუმცა მოსწავლე გაკვეთილზე არც აქტიურობს და არც კითხვებზე პასუხობს:

"მასწავლებლის მხრიდან "ჩასაფრებულის" პოზიციაში ყოფნა და ყოფა-ქცევის გამო ქულის დაკლება მართებული არ არის, თუმცა ჩვენს რეალობაში დასაშვებიცაა.
ქულას ყოფა-ქცევაში არ ვაკლებ, მაგრამ გინდა, არ გინდა, მაინც აკლდება. რატომ? შეფასების გრაფებში უნდა აისახოს, რამდენად ყურადღებიანია, ჩართულია გაკვეთილში და აქტიურობს თუ არა. შესაძლებელია, მან იცოდეს კარგად, მაგრამ თუ არ ამჟღავნებს ამას გაკვეთილზე, ეკითხები და არ გპასუხობს, სისტემატიურად სხვა რამითაა დაკავებული, იძულებული ხარ დაწერო დაბალი ნიშანი.
მოსწავლემ თავისი ქცევით მასწავლებელი არ უნდა შეურაცხყოს, არც ის უნდა შეურაცხყოს მასწავლებელმა, გაკვეთილის კარგად წარმართვისათვის თანამშრომლობა ორივე მხარისათვის აუცილებელია", - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

მარიამ ელიაშვილი


altროცა ბავშვი თავს არიდებს საშინაო დავალებების შესრულებას და ატყუებს მშობლებს და მასწავლებლებს - პაატა ამონაშვილის პასუხი



altმომავალი აკადემიკოსი მე-6 კლასამდე ოროსანი იყო - შალვა ამონაშვილის უცნობი ცხოვრება


1200
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```