დღეისთვის სკოლის კარი ფაქტობრივად, ჩაკეტილია და ის უნდა გაიხსნას მასწავლებლის პროფესია რომ საქართველოში პრესტიჟული არ არის, უკვე ძველი და კარგად ნაცნობი თემაა. სხვადასხვა ინსტიტუტი, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს, რომ როგორმე ეს მტკივნეული პრობლემა მოიხსნას. უკვე შექმნილია და არსებობს კიდეც პროგრამები, კონცეფციები, რომელებიც პედაგოგის საქმიანობის პრიორიტეტულ დარგად გადაქცევისთვის არის გამიზნული. თუმცა რეალურად ამ მიმართულებით ჯერ ცოტა რამ არის გაკეთებული.
ქვეყანას 62.000 მასწავლებლიდან მხოლოდ 20.000 ჰყავს სერტიფიცირებული. დანარჩენი 42.000-ს კი გარკვეული დრო აქვს მიცემული იმისთვის, რომ ქვეყანას საკუთარი კვალიფიკაცია დაუმტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროის გასვლის შემდეგ, მას ნებით თუ უნებლიედ, სასწავლო დაწესებულების დატოვება მოუწევს, რადგან თანამედროვე სკოლა კვალიფიციური სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს.
როგორ უნდა ამაღლდეს მასწავლებლის პრესტიჟი, როგორ უნდა გახდეს ქვეყნისთვის პედაგოგის საქმიანობა პრიორიტეტული და მაღალანაზღაურებადი, ამ თემაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს (ია ანთაძე, გიორგი კეკელიძე) ვესაუბრეთ, რომლებიც ამ მიმართულებით თავადაც ბევრს მუშაობენ და ფიქრობენ.
ია ანთაძე არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" წარმოადგენს, რომელიც სასკოლო განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებითაც საქმიანობს.
- ქალბატონო ია, როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული?
- გია დვალმა და ავტორების ჯგუფმა შექმნა საგანმანათლებლო სივრცის რეფორმირების კონცეფცია. ის როგორც საუნივერსიტეტო განათლებას, ასევე საინსტიტუტო რეფორმას და სკოლაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების ხედვას ეხება. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს როგორც სკოლის წარჩინებული მასწავლებლების, ასევე უნივერსიტეტში წარჩინებული პროფესორებისა და ლიდერი მეცნიერების თანამშრომლობას. მართალია დღეს ამ კონცეფციის დანერგვა გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე საქმე აუცილებლად მივა.
- საუკეთესო მასწავლებლებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლიდერმა მეცნიერებმა როგორ უნდა შეძლონ ერთმანეთთან საკომუნიკაციო, ახალი სივრცის შექმნა?
- ახალი სააზროვნო სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც მასწავლებლები იმ კვლევებში ჩაერთვებიან, რომელსაც მეცნიერები აწარმოებენ. უნივერსიტეტის პროფესორები მიბრძანდებიან სკოლებში, ჩაატარებენ გაკვეთილებს და სკოლის პედაგოგები შეიძლება სტუდენტებთან მივიდნენ. მათთან ერთად უნდა იმუშაონ ან სტუდენტები მოიწვიონ სკოლებში. ეს უნდა იყოს ერთიანი სააზროვნო სივრცე, სადაც თავს მოიყრიან საუკეთესო სპეციალისტები.
- ეს აქცევს მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟულად?
- თუ მასწავლებლების პრობლემას სერიოზულად განვიხილავთ, მერე სკოლის კურსდამთავრებულთა, საუკეთესო ნაწილი უნივერსიტეტებში წავლენ იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია შეისწავლონ. დღესდღეობით ვიცით, რომ ვინც უმაღლესებში აბარებენ და მასწავლებლები ხდებიან, სკოლებში სწავლისას არ აქვთ საუკეთესო შედეგები. სამაგიეროდ, ილიას უნიერსიტეტში უკვე არსებობს მაგისტრატურის პროგრამა, სადაც განათლების სფეროს მენეჯმენტის სპეციალისტებს ამზადებენ. იქ გაცილებით დიდი კონკურსია. ამასთან, არის კარგი პროგრამაც და ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამას საუკეთესო შედეგებითა და წარმატებით ამთავრებენ, მერე ადვილად საქმდებიან, მათ აქვთ ღირსეული სამსახურები. ზოგიერთი იქვე რჩება. იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პრესტიჟული, რაც შეიძლება მეტი თანხები უნდა ჩაიდოს ამ პროგრამების მოსამზადებლად. ამასთან, დღეისთვის სკოლის კარი ფაქტობრივად, ჩაკეტილია და ის უნდა გაიხსნას.