განათლებასკოლა
რა ისწავლება მე-3 და მე-4 კლასის სახელმძღვანელოებში, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა
რა ისწავლება მე-3 და მე-4 კლასის სახელმძღვანელოებში, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა
წელს სკოლებში ახალი საგნის სწავლება დაიწყო. მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს  "მე და საზოგადოებას" ძირითადად, დაწყებითი კლასის მასწავლებლები, კვირაში ორჯერ უტარებენ.

სანამ ეს სახელმძღვანელო დღის სინათლეს იხილავდა, მის გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მოცემულ სასწავლო საგანში  სექსუალური განათლების საკითხები ისწავლებოდა.
საბოლოოდ, "მე და საზოგადოება" მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე სკოლებშია. თუ რა მიზანს ისახვს ეს სახელმძღვანელო და რა შედეგებზეა ორიენტირებული, ამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების
ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი:
mshoblebi
როგორც სასწავლო გეგმაშია გაწერილი, საგნის მიზანია, მოსწავლეს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ასევე:

• დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;
• ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;
• გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;
• გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
• ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;
• განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;
• ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.

- საგანი "მე და საზოგადოება" ისწავლება მე-3 და მე-4 კლასებიდან. მის მასწავლებლად, ძირითადად, მოვიაზრებთ დაწყებითი კლასის
მასწავლებლებს. რაც შეეხება თვითონ საგანს, იგი წარმოადგენს არსებითად საზოგადოებრივი მეცნიერებათა ჯგუფის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ კურსს და ბუნებრივია ადაპტირებულია ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიაზე, აქ არ იგულისხმება მსოფლიო ისტორიის ან საქართველოს ისტორიის თემების შესწავლა. ამ შემთხვევაში აქცენტები კეთდება უნარების განვითარებაზე. თემა იწყება "ჩემი ოჯახით", შემდეგ არის სკოლა და ა.შ. მაგ. როდესაც ვსაუბრობთ საოჯახო რელიკვიებზე, ეს უკვე ისტორიაა. როდესაც ვსაუბრობთ თაობებზე, ესეც ისტორიის თემაა. როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით, რა გზის გავლა სჭირდება სახლიდან სკოლამდე, ეს უკვე გეოგრაფიის ნაწილია და სივრცით უნარების გამომუშავებაზე ვზრუნავთ, ხოლო როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით ჟანსაღი ცხოვრების წესსზე, ბავშვის უფლებების შესახებ და ა.შ. ეს უკვე სამოქალაქო განათლებაა. ასევე, როდესაც მოსწავლეები გაივლიან თემას "ჩემი ოჯახი", შეისწავლიან ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტებსაც. მაგ. მოისმენენ პირადი ჰეგიენის, ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციებს. ამ საგნის სწავლის ფარგლებში, ძალიან ბევრ  და მნიშვნოლოვან ინფორმაციას ეცნობიან, თუნდაც იმას, როგორ დაკავდნენ სახლის პირობებში ფიზიკური აქტივობებებით, გამამხნევებელი ვარჯიშებით.  
mshoblebi

- თავის დროზე, როცა ამ საგნის სკოლებში შემოღებაზე დაიწყო საუბარი, ატყდა აჟიოტაჟი, რომ აღნიშულ სახელმძღვანელოში ისწავლებოდა სექსუალური განათლება.


- დიახ, აჟიოტაჟი ატყდა, თან სრულიად უსაფუძვლო. ეს იყო ცილისწამება. თუმცა ეს აჟიოტაჟი მინელდა მას შემდეგ რაც, თავად სახელმძღვანელომ იხილა დღის სინათლე და დარწმუნდნენ, რომ მსგავსი არაფერი ისწავლებოდა ამ წიგნით. მოგეხსენებათ, სექტემბრიდან ამ საგნის სწავლება დაიწყო ყველა სკოლაში და ნახეს რეალურად რა ისწავლება.

- სად გადამზადნენ მასწავლებლები, რომლებიც აღნიშნულ საგანს ასწავლიან სკოლებში?


- მოსწავლებელთა მომზადებაზე ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრი. ცენტრმა მოამზადა საგანგებო ტრენინგმოდული ამ საგნის მასწავლებლებისთვის. ამ ეტაპისთვის ყველა მასწავლებლის მომზადება ვერ მოესწრო, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება.
ძალიან დიდი დახმარება აღმოგვიჩინა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომამ" დაწყებული ამ საგნის სათავეებიდან, როდესაც ჯერ კიდევ იწყებოდა საგნობრივი პროგრამის შემუშავება. ყველაფერში მონაწილება მიიღეს და კომპეტენტური რჩევებიც მოგვცეს, წარმოგვიდგინეს თავიანთი მოსაზრებები იმ სატანდარტის ჩამოყალიბებისთვის, რითაც საბოლოდ ვიხელმძღვანელეთ. მას შემდეგ, რაც  სტანდარტზე შევთანხმდით,  შემოგვთავაზეს პილოტირება გავეკეთებინა თბილისის 12 სკოლაში და ორგანიზაციის თხოვნით შეირჩა ისეთი საკითხები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესთან იყო დაკავშირებული. სულ მომზადდა სამი გაკვეთილი, თან ძალიან წარმატებით.

- სწავლებისას რა სახის აქტივობებს მოიაზრებს ეს საგანი?


- ნებისმიერ საგანში და მათ შორის "მე და საზოგადოებაც" არ არის გამონაკლისი,  გვსურს ხელი შევუწყოთ ინტერაქციული სწავლების დანერგვას. პილოტირების პერიოდიდან მახსენდება, როდესაც მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა გადამდები დაავადების როლი, კოსტუმირებული წარმოდგენაც კი მოაწყვეს. მაგ. ერთი იყო წითელა და დაწინწკლული წითელი კაბა ეცვა, მეორე იყო ბოტკინი და მას ყვითელი ფერის სამოსი ეცვა და ამ ფორმით აცნობდნენ თავიან თანაკლასელებს, თუ  რა დაავადებას წარმოადგენდნენ და როგორ უნდა დაეცვათ თავი მისგან. ამ ეტაპზე გვაქვს ერთადერთი გრიფირებული სახელმძღვანელო, რომელსაც ერთადერთი ავტორი ჰყავს, ნინო ტალახაძე.
"მე და საზოგდოებას“ აქვს 17 მიზანი, თითოეული გულისხმობს შედეგს. მაგ. მე-3 კლასში იწყება საგნის სწავლება თემით "მე და ჩემი ოჯახი“, სკოლა, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და სხვ. მეოთხე კლასში გვაქვს თემები მედია და ინფორმაცია. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს 17 შედეგი 6 თემაში უნდა დამუშვდეს, მესამე კლასის სამ თემაში და მეოთხე კლასის სამ თემაში. რატომ ხდება ეს ასე? ეს 17 შედეგი რეალურად არის უნარჩვევებზე ორიენტირებული, რომელიც უნდა გამოიმუშავონ მოსწავლეებმა და თუ ის სისტემატიურად არ დატრიალდა სასწავლო პროცესში, სასურველი უნარების განვითარება რთული იქნება.

ვფიქრობ, ნაკლოვანება იყო განათლების სისტემის, რომ აქამდე არ ისწავლებოდა ეს საგანი. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მეცნიერებები არიან სოციალური განათლების მთავარი ინსტრუმენტები. ადამიანები ვცხოვრობთ საზოგადოებაში და ამ სოციუმში მშვიდობიანად უკონფლიქტოდ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით ცხოვრება უნდა შევძლოთ. აქამდე, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება იწყებოდა მე-5 კლასიდან. საერთოდ, ამ საგნის სწავლება პირველი კლასიდან უნდა დაწყებულიყო. გარკვეული ფინანსური და საათობრივი დატვირთვის გამო შეიქმნა პრობლემა და ამიტომ ვერ მოხერხდა პირველ და მეორე კლასებში საზოგადოებრივი მეცნიერებების შეტანა, ამიტომ მესამე კლასიდან დავიწყეთ, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში პირველი კლასიდანაც დაინერგება ამ საგნის სწავლება.  
რუსკა კილასონია





ბეჭდვა
```