საქართველოს საჯარო სკოლებში ანონიმური ყუთების განთავსება სავალდებულო აღარ იქნება და სკოლას თავად შეეძლება, გამოხატვის სხვადასხვა ფორმა აირჩიოს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თავდაპირველ ინიციატივას, სკოლებში ანონიმური ყუთები განთავსებულიყო, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. დღეს კი აღნიშნული ინიციატივა გააუქმეს.
სამინისტროში ამბობენ, რომ რეკომენდაცია არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებიდან მომდინარეობდა და მიზნად ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, წესისა და პირობების გაუმჯობესებას ისახავდა.
"როგორც მოგეხსენებათ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ მიზანს ემსახურება ყველა სიახლე, რომელიც სკოლაში იგეგმება და დაიგეგმება. ამ მაშტაბური რეფორმის ფარგლებში, როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით, კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განათლების სამინისტროს მიაჩნია, რომ სკოლებში ანონიმური ყუთების განთავსება აღარ არის საჭირო," -განაცხადეს განათლების სამინისტროს სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში.
მიხეილ მინდაძე, 161-ე საჯარო სკოლის დირექტორია. ის ამბობს, რომ ყუთების გარეშე აწარმოებენ სკოლაში გამოკითხვას: "ჩვენ პერიოდულად ანონიმურად ვაწარმოებთ მოსწავლეებსა და მშობლებში ანონიმურ გამოკითხვას. ასე რომ, მეც ვფიქრობ, ყუთების ამ ინტენსივობით განთავსება არ იყო საჭირო".
სკოლებში ანონიმური ყუთების დადგმის ინიციატივის გაუქმებას მიესალმება განათლების ექსპერტი გია მურღულია: "მე ვფიქრობ, რომ ანონიმური ყუთების დადგმა არ არის საჭირო. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც იქნება გაბედული, პრინციპული და რომელსაც შეეძლება სიმართლის თქმა ნებისმიერ სიტუაციაში. როგორც ჩანს, საზოგადოების რეაქცია იყო ისეთი, რომელმაც დააფიქრა გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. მე ძალიან კარგად მესმის, რომ აქ რაიმე ბოროტი განზრახვა არ იყო. არის რაღაც პრეცედენტები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები ამ ფორმატშიც და მიაწოდონ თავიანთი შეხედულებები იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იყო მართებული და ძალიან სასიხარულოა, რომ სამინისტრომ აღარ იფიქრა მისი განხორციელება."
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ანონიმური ყუთის განთავსების შესახებ 29 იანვარს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესის დაცვისა და პირობების დამტკიცებისას ისაუბრა.
თამარ იაკობაშვილი