ჰიგიენის დაცვა რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის მთავარია პირობაა, ამაში ექიმები გამუდმებით გვარწმუნებენ. თუმცა როგორ უნდა დაიცვან ბავშვებმა ხელების ხშირად დაბანის წესი, როცა საჯარო სკოლების ნაწილში სასმელი წყალი საერთოდ არ არსებობს, ზოგან წყლის შემადგენლობა არასოდეს გამოუკვლევიათ, ბევრგან კი საპირფარეშოაები იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ბავშვები გაკვეთილების ბოლომდე იკავებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს.
საჯარო სკოლებში სასმელი წლისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების არარსებობის პრობლემაზე სახალხო დამცველმა 6 რეგიონი გამოიკვლია და სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, 108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლას საერთოდ არ მიეწოდება სასმელი წყალი, 75 სკოლაში წყლის გამოკვლევა არასდროს ჩატარებულა, დანარჩენში კი მოუწესრიგებელია საპირფარეშოები. კვლევის თანახმად, საპირფარეშოების უმრავლესობა სკოლის ეზოშია განთავსებული, რაც დისკომფორტს უქმნის მოსწავლეებს.
აღნიშნულია ისიც, რომ წყლის პრობლემა ხელს უშლის არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც და დამლაგებლებსაც, რადგან დიდი მანძილიდან ვერ მიაქვთ სკოლაში იმ რაოდენობის წყალი, რაც საკმარისი იქნება ტერიტორიის სრულყოფილად დასასუფთავებლად და ჰიგიენური ნორმების დასაცავად. ყურადღება გამახვილებულია ბუფეტების არარსებობაზე, რის გამოც მოსწავლეებს ახლომდებარე მაღაზიებში უწევთ საკვების შეძენა, რომლის უსაფრთხოებაზეც პასუხს არავინ აგებს.
“სკოლების ნაწილში მოქმედი საპირფარეშოები ანტისანიტარიულ მდგომრეობაშია, ნაკლებ გვხვდება ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, ხელსაბანი ონკანი და ა.შ. საპირფარეშოს ჯიხურებში შემთხვევათა მხოლოდ 44.4%-შია ხელსაბანი საპონი, შემთხვევათა 26.9 %-ში- ხელსაწმენდი, ხოლო 25.9 %-ში მუშაობს წყალჩამრეცხი სისტემა. საგულისხმოა, რომ შემოწმებისას ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც ეხება უფუნქციო წყალჩამრეცხ სისტემას. ანტისანიტარიას, სპეციფიკურ სუნს და ა.შ."- აღნიშნული სახალხო დამცველის ანგარიშში.
სკოლებში არსებულ ანტისანიტარიაზე აქტიურად საუბრობენ მშობლები. ,,ბაკის წყალია ბევრგან. წყალს სულ ვატან. გარდა ამისა, დერეფანში გამოტანილია ბუფეტი, დაწყებითი კლასების სართულზე. ამ დროს კი დირექტორი შიანაგანაწესზე იკლავდა თავს. ფორმების შეკერვას გვაიძულებდა, რომელიც მშობელს 70 ლარამდე უჯდებოდა და თანხას გვაგროვებინებდა ეზოს მოსართავად."- აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი.
,,ძალიან დიდი პრობლემაა. დაწყებითების ბავშვები ვერ შედიან და ითმენენ. მარტო ეგ რომ იყოს, რა უჭირს... ახალი ამბავი," ,, სამსართულიან სკოლას რომ ერთი მოხუცი დამლაგებელი ჰყავს და დირექტორი გვეხვეწება, იქნებ ვინმე მაშოვნინოთ, ამ ხელფასზე არავინ მოდისო, რა შეიძლება გავაკეთოთ?"-ასე ეხმაურებიან მშობლები საჯარო სკოლებში არსებულ წყლისა და ჰიგიენური ნორმების არარსებობას.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელ ნაბიჯებზე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
თამარ იაკობაშვილი