სკოლებში ჩინური ენის სწალება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება და მისი შესწავლა მოსწავლეებს მე-5 კლასიდან შეეძლებათ. ჩინური ენა სკოლებში შედის როგორც არჩევითი უცხო ენა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საპილოტე სკოლები არ არის შერჩეული, რადგან მეორე უცხო ენად ჩინურის სწავლება არის დამოკიდებული სკოლების, მოსწავლეებისა და მშობლების არჩევანზე.
"აქამდე, ძალიან დიდი ტრადიცია გვქონდა ევროპული ენების სწავლების და ისწავლება ძირითადად ფრანგული, გერმანული, რუსული. თუმცა, ასევე დაინტერესება დიდია აღმოსავლური ენების მიმართაც. სწორედ ამიტომ, ჩინეთის საელჩოსთან ერთად, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტთან ერთად, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, უკვე მომზადდა წლიური პროგრამა, ასევე გრამატიკა შედგა მათთან თანამშრომლობით და ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მე-5 კლასიდან აირჩიონ ეს ენა. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რესურსების მომზადება, პედაგოგების გადამზადება და სწორედ ამიტომ, მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. უკვე ახალი სასწავლო წლიდან, შევხედავთ, რამდენად დიდი იქნება სურვილი, დაინტერესება სკოლების მხრიდან და მათ, ცხადია, გავუწევთ დახმარებას, ამ მიმართულებით", - ამბობს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა.
მისივე ინფორმაციით, ინტენსიურად გადამზადდებიან ქართველი მასწავლებლები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ჩინური და შესაძლოა მათ დაეხმარნონ ჩინეთიდან ჩამოსული მოხალისე მასწავლებლები. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სკოლა და ჯგუფი მოითხოვს სკოლაში მეორე უცხო ენად ჩინურის სწავლას. გარდა ამისა, შედგება ქართული წიგნი, რომლითაც შეძლებენ მოსწავლეები ჩინური ენის შესწავლას.
გამომდინარე იქედან, რომ ჩინური ენის მეორე უცხო ენად არჩევა მშობლებისა და მოსწავლეების სურვილზეა დამოკიდებული, აზრი მშობლებსაც ვკითხეთ. მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია:
"რა სისულელეა, ეგღა გვაკლია, რაც მთავარია, რელიგია დააბრუნონ სკოლაში." "ძალიან პერსპექტიული და საჭირო ენაა, მე მომწონს ინიციატივა. მით უმეტეს, რომ არჩევითია და არავინ გავალდებულებთ..." "რა ჯანდაბად გვინდა ჩინური, ქართული ასწავლონ ბავშვებს და ერთმანეთის სიყვარული." "ძალიან კარგი. ჩემი შვილი მე-4 კლასშია და სამ ენას სწავლობს. მშვენივრად უმკლავდება. ისედაც ვაპირებდი, ცოტა მაღალი კლასებიდან. " "აბა რა, დედა ენა რა საჭიროა, ჩინური უნდა ისწავლონ. ვაი თქვენს პატრონს." "ჩემი აზრით, არ ღირს იმიტომ, რომ ვერ დაძლევენ. ძალიან დიდ დროს წაიღებს და ჯობია ეგ დრო ქართულისა და ინგლისურის კარგად სწავლას მოხმარდეს." "ჩინურიღა აკლდა ჩვენს სკოლას. ხომ შემოგვისიეს და მიყიდეს და ააშენეს. მეტის ღირსები ვართ." "ქართული ასწავლონ ბავშვებს ჯერ გამართულად." "რატომ უნდა დახარჯოს ფინანსები განათლების სამინისტრომ უსარგებლო საათებში? ან ბავშვმა დრო რატომ უნდა დაკარგოს ჩინური ენის სწავლაში? მაინტერესებს, რაში გამოადგება. როცა, რაც არის საგნები, ისიც საკმარისია..." "პეკინის უნივერსიტეტში არის ქართული ენის შემსწავლელი კურსები, მასწავლებელი თბილისელია. ძალიან მაგარია. მთელი მსოფლიო სწავლობს ჩინურს. ჩემი შვილი 3 წელია სწავლოს უკვე. მე მივესალმები!" "რასაც სწავლობენ, ნეტა ეგ ისწავლონ. ახლა ჩინური მოიგონეს". - ამბობენ მშობლები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინური ენის სკოლებში შესწავლა დამოკიდებულია მოსწავლეების დაინტერესებაზე, ის არ არის სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი უცხო ენაა.
თამარ იაკობაშვილი
რატომ გაჩნდა ქართულ დედაენაში ჩინური და ირანული წარწერები? - სახელმძღვანელოს ავტორის განმარტება
რა ასაკიდან უნდა დავაწყებინოთ ბავშვს უცხო ენის შესწავლა
ბავშვობაში უცხო ენის შესწავლა სიბერეში ნათელ გონებას უზრუნველყოფს