სამოქალაქო განათლების და ზოგადად, მოსწავლეების კარგ მოქალაქეებად აღზრდის საკითხი რომ საკმაოდ აქტუალურია, ამაზე ბევრი თანხმდება. თუმცა უმრავლესობას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ ისწავლება ეს საგანი სკოლებში, რა აქტივობები ტარდება, რა პრობლემებია სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით და არც ის ფაქტია ბევრისთვის ცნობილი, რა საოცარი შედეგები აქვთ ამ სფეროში ცალკეულ მასწავლებლებს და მოსწავლეებს. ლადო აფხაზავას სახელი უკვე ყველამ გაიგო - როგორც იცით, ის სწორედ სამოქალაქო განათლების პედაგოგია და კიდევ არაერთი ასეთი გამორჩეული მასწავლებელია, რომელიც ძალიან დიდ შრომასა და ენთუზიაზმს დებს ამ სფეროში. მათი სერიოზული შედეგები პირველ რიგში სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" მხარდაჭერის შედეგია. პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველოს მასშტაბით 230 სკოლას უწევს დახმარებას და ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მიერ ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. და ეს, როგორც ჩვეულებრივმა მოსწავლეებმა არაერთხელ დაგვანახეს, არ არის უბრალოდ რაღაცის სწავლება და თეორიული ცოდნის მიღება, მათ უკვე პრაქტიკაში გამოსცადეს ბევრი რამ, იციან, როგორ წარმოაჩინონ თავი, მოაგვარონ საკუთარი თუ თემის პრობლემები, როგორ ითანამშრომლონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მედიასა და სხვა ორგანოებთან.
სამოქალაქო განათლების სწავლების საკითხებზე, პრობლემებზე და მომავლის გეგმებზე გვესაუბრება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი მარინა უშვერიძე.
- სამოქალაქო განათლების სწავლება საჭიროა იმისთვის, რომ აღიზარდონ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მოქალაქეობრივი მოვალეობები. სამოქალაქო განათლება მოსწავლეებს უვითარებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მათ აძლევს საშუალებას, რომ სკოლის ასაკიდანვე სკოლასა თუ საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა. სკოლის ასაკში ეს გამოიხატება ისეთ პროექტებზე მუშაობით, რომლებიც თვითონ მოსწავლეებისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ხშირია მოსწავლეთა პროექტები თანატოლთა შორის ძალადობის თემაზე. ეს მოიცავს მოსწავლეების მიერ მათ სკოლაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის კვლევას. შემდეგ - სპეციალისტებთან შეხვედრებს, მაგალითად, ფსიქოლოგთან შეხვედრას, ასევე საგანმანათლებლო მასალების მოპოვებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითვლება ძალადობად (ბულინგად) და როგორ უნდა რეაგირებდნენ მოსწავლეები ასეთ შემთხვევებზე. იქნება ეს მსხვერპლის გადმოსახედიდან თუ ძალადობის შემსწრეების პოზიციიდან. როდესაც მოსწავლეები ასეთ პროექტზე მუშაობენ, მიზანია რომ შემცირდეს თანატოლებს შორის ძალადობა. არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა თემა. მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე მუშაობენ მოსწავლეები, გარემოს დაცვის თემაზე, რაც გამოიხატება გამწვანების აქციებში, ასევე მუშაობენ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგალითად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესაძლო ნეგატიურ გავლენაზე.
- ეს პროექტები ყოველთვის ხორციელდება მასწავლებლების ხელშეწყობით, მაგრამ სამოქალაქო განათლების შედეგიანი სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად პროექტის იდეა მოდიოდეს მოსწავლეებისგან. იმ შემთხვევაშია სწავლება ეფექტიანი, როდესაც, თემა, რომელზედაც მუშაობენ, თავად მოსწავლეებს აწუხებთ და აინტერესებთ.
- სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ყველაზე ეფექტიანად ბავშვობიდან ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ადგილი უნდა ჰქონდეს ამ ასაკისთვის შესაბამისი სწავლებით. მაგალითად, ბაღის ასაკში უკვე შეიძლება, რომ ბავშვს ვასწავლოთ, არ დაანაგვიანოს გარემო, ვასწავლოთ რიგის დაცვა, საერთო სარგებლობის გარემოსა და ნივთების მოფრთხილება და ა.შ. ამით ბავშვი ეჩვევა, რომ ის საზოგადოების წევრია და როგორც უფლება აქვს, ასევე მოვალეობაც აქვს. სკოლაში მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გამომუშავება უნდა ხდებოდეს კეთებით სწავლებით, ანუ მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა პროექტების თუ აქტივობების განხორციელებით. ანუ, როცა არის პრობლემა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად თვითონ მოსწავლეები შეადგენენ მოქმედებათა გეგმა, გაინაწილებენ როლებს და შემდეგ უკვე ახორციელებენ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების პედაგოგის როლი. ჩვენს პროგრამაში ჩართული პედაგოგები ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუწყონ მოსწავლეებს. ამისთვის ისინი არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას, ისინი ამას მოხალისეობრივად აკეთებენ. ასეთი პროექტები სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
- ჩვენი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“პედაგოგებს სთავაზობს სხვადასხვა სემინარს, მასტერკლასს, ასევე პროფესიული გაზიარების ჯგუფის შეხვედრებს. ეს არის ჩვენს პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
სამწუხაროდ, სკოლებში ეს საგანი საკმაოდ ხშირად „საათების შესავსებ“ საგნად გამოიყენება, რაც ძალიან აზიანებს საგნის სწავლების ხარისხს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი, რომელიც ამ საგანს ასწავლის, იყოს დაინტერესებული და სკოლის ადმინისტრაციიდანაც ჰქონდეს ხელშეწყობა. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ამ საგანს პედაგოგი დროებით, ვთქვათ, ერთი წლით ასწავლის და შემდეგ ეს პედაგოგი იცვლება. არადა, ჩვენ საკმაო რესურსს ვდებთ პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში და შემდეგ გამოდის, რომ ეს პედაგოგი აღარ ასწავლის. ეს სერიოზული ბარიერია, რაც მოქმედებს საგნის სწავლების ხარისხზე. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენს პარტნიორ სკოლებში ძალიან ბევრი მოტივირებული, მონდომებული პედაგოგია, რომლებმაც მართლაც არაჩვეულებრივ შედეგებს მიაღწიეს თავიანთ მოსწავლეებთან ერთად.
- მე არ ვიცი, კონკრეტულად, რომელი ჯგუფის პროტესტს იწვევს, იმიტომ, რომ მიზნები, რომელიც ამ საგანს აქვს, არის ძალიან კეთილშობილური. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებითაა დაინტერესებული, უნდა იყოს იმითაც დაინტერესებული, რომ ჩვენი მომავალი თაობა აღიზარდოს პასუხისმგებლობის გრძნობით, მაღალი სამოქალაქო ცნობიერებით, ქვეყანაზე ზრუნვის სურვილით და რომ საქართველო ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ აქტიური და კარგი მოქალაქეების აღზრდა. ამიტომ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ვინმე სამოქალაქო განათლების წინაღმდეგი. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო კონკრეტულად და გასაგებად გზავნილების მიტანა იმ სარგებლის შესახებ, რაც სამოქალაქო განათლებას მოაქვს მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს შედარებით ახალი საგანია, შეიძლება ქართულ საზოგადოებას ზუსტად არ ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ასწავლის იგი. კონკრეტული მაგალითები უნდა ვაჩვენოთ ხალხს და ასეთი მაგალითები, თუნდაც ჩვენი პროგრამის პარტნიორ სკოლებში ბევრია.
- მოსწავლეები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ საგანმა გახადა უფრო თავდაჯერებული, ისწავლეს კრიტიკული აზროვნება, შეუძლიათ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და არგუმენტირება, განუვითარდათ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი ინიციატივის გამოვლენის უნარი. ამას ჩვენი კვლევებიც გვაჩვენებს, რომ როდესაც ხედავს პრობლემას მოსწავლე, კი არ ელოდება სხვას, როდის მოაგვარებს ამ პრობლემას, არამედ თვითონ იჩენს ინიციატივას, რომ იმოქმედოს მის გადასაჭრელად, შემოიკრიბოს თანამოაზრეები და ასე შემდეგ. მოსწავლეები ასევე დადებითად აფასებენ პროგრამის როლს საკუთარი პიროვნული განვითარების პროცესში.
თამარ იაკობაშვილი