რაც შეეხება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას, ისტორიის მასწავლებლად მუშაობა დავიწყე 1996 წელს სოფელ სალიბაურის საბაზო სკოლაში და დღემდე მახსენდება საჩუქრად მიღებული მოსწავლის სახელმძღვანელოები, ჩემი პირველი გაკვეთილები, ხშირად ფეხით სიარული სკოლაში (სოფელი ფერია, სადაც მე ვცხოვრობდი, 5 კმ-ითაა დაშორებული სალიბაურიდან). მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არ გვქონდა სპორტული დარბაზი, არ გვყოფნიდა საკლასო ოთახები და სხვა მრავალი პრობლემა არსებობდა, ვცდილობდით მოსწავლეებისთვის საინტერესო სასკოლო გარემო შეგვქმნა. განხორციელებული საგრანტო პროექტით "ჯანსაღი თაობა - ჩვენი მომავალია" მოვაწყვეთ პატარა სპორტული დარბაზი და შევიძინეთ სპორტული ინვენტარი. პარტნიორობის პროგრამის საგრანტო პროექტით "საქართველო - ჩვენი დიდი ოჯახია" დავუძმობილდით სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებს და ერთად მრავალი აქტივობა განვახორციელეთ.
- არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. იყო დრო, როდესაც ესაჭიროებოდა სკოლის რამდენიმე ოთახს სარემონტო სამუშაოები, ფინანსებიც შეზღუდული გვქონდა. მახსენდება, მშობელთა ერთმა ნაწილმა სრულიად უსასყიდლოდ საკუთარი ფიზიკური შრომით სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საკლასო ოთახებში. გაუწევიათ თანადგომა და მხარდაჭერა ექსკურსიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. ასევე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, როცა სტუმრად გვყავდა ჩამოყვანილი აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები და მასწავლებლები, მათ გაუწიეს მასპინძლობა. როდესაც იყო სკოლის სხვა სკოლასთან ოპტიმიზაციის საშიშრობა, არც მაშინ ყოფილან დადუმებულები, გამოუთქვამთ პროტესტი. ამ სკოლაში ერთი ოჯახის, გვარის რამდენიმე თაობა იზრდება და ესეც აიოლებს მშობლებთან და ოჯახებთან ურთიერთობას. გვესმის მათი ყოფითი პრობლემებიც. გულახდილად საუბრობენ ჩემთან, ჩემს კოლეგებთან ბავშვებთან წარმოშობილ პრობლემებზე. არაფრის მომცემია ვადანაშაულოთ გამუდმებით მშობლები შვილების მიმართ უყურადღებობაში. წარმოქმნილი პრობლემის გამოსწორების გზაზე ყველამ ერთად (სკოლა,ოჯახი და საზოგადოება) უნდა ვიფიქროთ. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და საქმეც უკეთესად გვექნება. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს იმ მშობლებთან, რომლებიც სამოქალაქო განთლების კლუბის აქტიური წევრები არიან. ისინი ინფორმირებულები არიან სკოლაში მიმდინარე პროექტებსა და სასწავლო პროცესზე. არაერთხელ მოუწერიათ პირად საუბარში და უთქვამთ მათი შვილების პოზიტიური ცვლილებების შესახებ. როგორ აბედნიერებთ მათი შვილების თუნდაც პატარა ინტერვიუ, შექმნილი პლაკატი და მომზადებული პრეზენტაცია.
- 2014 წლიდან სკოლა ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამაში "მომავლის თაობა". იმავე წელს ჩამოვაყალიბეთ სამოქალაქო განათლების კლუბი "თემიდა", რომლის დევიზია: "დღეს და ხვალ თემიდას კვალდაკვალ". გვემაყება, რომ პროგრამის მთავარი სლოგანი "გაგვაჩნია მზაობა - ვართ მომავლის თაობა" ჩვენი კლუბის ლიდერის მოფიქრებულია, როდესაც გამოცხადდა სლოგანების კონკურსი, მოიპოვა გამარჯვება და გახდა მთელი საქართველოს ახლგაზრდა თაობის სლოგანი. დაარსებიდან მრავალ კონკურსსა და პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. 2015 წელს კლუბმა მოიპოვა წლის მოაზროვნე კლუბის ტიტული. კლუბში მრავალი საინტერესო აქტივობა და პროექტი განხორციელდა, პროფესიების შერჩევაზე, ეკოლოგიაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აღგვინიშნავს საერთაშორისო დღეები. ბავშვები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა უწყებასთან - ხელვაჩაურის გამგეობასა და პროკურატურასთან. არაერთი გადაწყვეტილების წერილი აქვთ და არაერთი სერიოზული საქმე გაკეთებული სკოლისა და თემისთვის, რითაც ბევრი ზრდასრულიც ვერ დაიკვეხნის.
პროგრამამ მომცა საშუალება დავუფლებოდი სამოქალაქო განათლების სწავლების ახლებურ სტრატეგიებს, გავიაზრე სოციალური მედიის, პროექტებით სწავლების მნიშვნელობა. დამხმარე სახელმძღვანელოებმა დამანახა თეორიული მასალის პრაქტიკულად განხორცილების, თემების ინტეგრირებულად სწავლების აუცილებლობა. მარტივად ისწავლეს მოსწავლეებმა რას ნიშნავს აქტიური მოქალაქეობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება, მოხალისეობა, პრობლემის იდენტიფიცირება და თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
სამოქალაქო განათლების კლუბში ჩართულობა და არაფორმალური შეხვედრები არის მოსწავლეებისთვის სახალისო, ეს არის ახლებური ხედვა, ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული აქტივობები, ინოვაციები, სიტუაციების მოდელირება, აღმოჩენით სწავლა, არა დაზეპირებული ციტატები და ფრაზები, არამედ ნაბიჯი კრიტიკული აზროვნებისკენ. სამოქალაქო განათლება ყველაზე კარგად იძლევა საშუალებას ყველა საგანთან ინტეგრირების.
- მასწავლებელი უნდა იყოს თავისი პროფესიის მოყვარული, ინოვაციების მიმღები, პოზიტიური, რომელსაც ბავშვები ენდობიან და რჩევებს ეკითხებიან. სიღრმისეულად გააზრებული აქვს ფასეულობებითა და პრინციპებით აღსაზრდელების აღზრდის აუცილებლობა. ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამყაროში მოგზაური მოსწავლეების მეგზური ადამიანი.
- რჩევები კოლეგებს...
იყავით ინოვაციების მოყვარულები, დაეუფლეთ ტექნოლოგიებს, გაუზიარეთ გამოცდილება კოლეგებს, იყავით პოზიტიურები და სამართლიანები. ბავშვები თქვენში ხედავდნენ მეგობარს, ცხოვრების ორიენტირს. იყავით თვითკრიტიკულები, ნუ იქნებით მიღწეულით კმაყოფილები. დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ დაკისრებულ ვალდებულებას. თოთოეულ ბავშვში საკუთარი შვილი დაინახეთ. ნუ დაგეზარებათ პროგრამებში ჩართვა, შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სირთულეების გადალახვა ბევრ უნარს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავსა და მოსწავლეებში. სკოლაში შემოიკრიბეთ კოლეგები, გაააქტიურეთ არაფორმალური საქმიანობა, მოსწავლეები კიდევ უფრო ხალისიანები გახდებიან, შედეგებიც არ დააყოვნებს და ეს გახდება თქვენი სკოლის წარმატების ფორმულა.