როდის იწყება და რა შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში
როდის იწყება და რა შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა. რეგისტრაციას პირველ ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლეები გაივლიან. მათთვის რეგისტრაცია 25 მარტს იწყება და 5 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ დღეს მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ისაუბრა. დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა
სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.

უწყების ცნობით, 8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი რომელსაც აქვს:
  • ა) ფიზიკური შეზღუდვა;
  • ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
  • გ) სწავლის უნარის დარღევა;
  • დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
  • ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
  • ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
  • ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
  • თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
  • ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

რეგისტრაციას 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით გაივლიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმ კონკრეტულ სკოლაში, ერთდროულად შედიან ოჯახიდან რამდენიმე ბავშვი ან მშობელი მუშაობს ამ სკოლაში. მშობელმა უნდა წარადგინოს ყველა საჭირო საბუთი.
საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისს დასრულდება. ამ ეტაპზე დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომლებსაც აქვთ სასკოლო ასაკი. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე www.emis.ge. ამის პარალელურად კი მშობელმა უნდა წარადგინოს საჭირო საბუთები.
გათავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან თავისუფალ ადგილებზე მოსწავლეების რეგისტრაცია კი 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ:

ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებია:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
• დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
• სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება და შესვლის ასაკად 6 წელია განსაზღვრული.

თამარ იაკობაშვილი



4294
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინო
0
თუ ბავშვს 19 სექტემბერს უსრულდება 6 წელი,უნდა გაუცდეს 3 დღის გულისთვის მთელი წელი?
11:42 / 12-04-2019
მარი
0
ვთქვათ რომ ბავშვი ოქტომბერში სრულდება 6წლის.ამ შემთხვევაში როგორ ხდება??
02:59 / 09-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```