"მასწავლებელმა იმ ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება, ვინც მცდარი პასუხი გასცა" - კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
"მასწავლებელმა იმ ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება, ვინც მცდარი პასუხი გასცა" - კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
მათემატიკის სწავლა ხშირად უჭირთ ბავშვებს, არადა ეს საგანი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამიტომ მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი ყურადღება დაუთმონ ბავშვებში მათემატიკური ნიჭის განვითარებას. ჩვენი რესპონდენტი, გოჩა კუბლაშვილი, 30 წელია მასწავლებელია და უკვე 22 წელია, რაც კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ასწავლის. ის საკუთარ გამოცდილებასა და ზოგადად, მათემატიკის სწავლებაზე გვიყვება.

- რა უნარ - ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს მათემატიკის ცოდნა და ზოგადად, რაში ეხმარება ბავშვებს მათემატიკა.

- ხშირად მიკითხავს მშობლისთვის, რატომ გინდათ ბავშვმა მათემატიკა
კარგად ისწავლოს-თქო და ასეთი პასუხი მიიღია: ბიჭია და დასჭირდებაო. რატომ სჭირდებათ ბიჭებს უფრო მეტად, ვერ ვხვდები. მათემატიკა ყველას სჭირდება. თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, ვაჩვენებდი ხოლმე კლასს, როგორ უნდა ამოცანის ამოხსნა. ერთხელ ერთმა მოსწავლემ მითხრა, "მასწავლებელო, თქვენ რომ მაგარი ხართ, კი მივხვდით, მაგრამ ეს როგორ ამოხსენითო“. მაშინ მივხვდი, რომ არ ვიყავი წესიერი მასწავლებელი. რაღაცის ამოხსნას რომ დაიწყებ, იქედან რატომ დაიწყე, ეს თუ არ უთხარი, არაფერი გამოვა. მე ხანდახან ბავშვებს ვეუბნები, ამოცანას ისე შეხედეთ, ვითომ ცხოვრებაში გაქვთ რაღაც პრობლემა და ეს უნდა გადაჭრათ.
ისე მიუდექი, თითქოს ამაზეა დამოკიდებული თქვენი ცხოვრება-თქო. იწყებ ფიქრს და სწორედ ამ უნარებზეა ლაპარაკი. ყოველდღე რომ რაღაც პრობლემას გადაჭრი, მათემატიკური ამოცანის სახით, ის ცხოვრებაშიც გამოგადგება. ჩემს მოსწავლეებს ვუყვები ხოლმე, სუფრასთანაც რომ ვზივართ, მათემატიკოსი ყველაფერს არ ლაპარაკობს. ჯერ დაფიქრდება, იმიტომ, რომ მიჩვეულია ამ ფიქრს და მერე რომ იტყვის, ისაა მართალი. ეს არის ძალიან კარგი თვისება. მე რომ შემეკითხოთ, რამდენია 2x3, ბუნებრივად ვიწყებ ფიქრს იმიტომ კი არა, რომ მე ეს არ ვიცი, ვფიქრობ, რატომ შემეკითხე. მოკლედ, მათემატიკა ფიქრის უნარია, ადამიანი კი ფიქრისთვისაა გაჩენილი, თან რომ გაგიტაცებს ეს ფიქრი...
კომაროვში ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან და ყველა გასუსულები რომ ვართ და ვფიქრობთ რაღაც ამოცანაზე და ვიღაც რომ გააკეთებს, ეს ჩემთვის უდიდესი სიხარულია.

- როდის უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათ შვილებს აქვთ მათემატიკური ნიჭი, უნარები და ეცადონ ამ უნარების განვითარებას?

- ჩვენ გვაქვს შაბათის სკოლა, უკვე თორმეტი წელია, რაც არსებობს და მისი სლოგანი იცით რა იყო? "თუ ბავშვმა ზედმეტი შეკითხვებისგან შეგაწუხათ, გამოაგზავნეთ ჩვენთან." ზოგს ეს ნიჭი ადრეული ასაკიდანვე ეტყობა, ისეთ ცხოვრებისეულ კითხვებს სვამენ, რომ გაოცდებით. სხვანაირი შეკითხვები აქვს, სხვანაირად ფიქრობს და მას ეს ფიქრი ურჩევნია. 11 წლამდე თუ არ შეგაწუხათ ამ შეკითხვებით და ფიქრით, ვერ არის მთლად კარგი ამბავი (იღიმის).
mshoblebi

- თუ შეიძლება, რომ ეს ნიჭი დროთა განმავლობაში გამოუმუშავდეს ბავშვს?

- კარგი მასწავლებელი სჭირდება. მაგალითად შაბათის სკოლაში მოდის მშობელი და შეატყო, რომ ვერ არის მისი შვილი ისეთი ძლიერი, როგორც მის გვერდით მჯდომი. ხანდახან გული წყდებათ, რომ მათი შვილი ვერ ხვდება ამოცანის პასუხს და სხვა ხვდება. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს იმ ბავშვისკენ, რომელიც კარგად ვერ ითვისებს მასალას. ზოგს მიაჩნია, რომ ყველაფერი უნდა ასწავლოს ბავშვს თუ რამე გაუგონია, მასწავლებელიც ეგეთია ზოგი. ამას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება. მე, მაგალითად, რაც მეგონა რომ თავიდან მე-5-მე-6 უნდა მესწავლებინა, ისეთი საინტერესო გამოვიდა დროთა განმავლობაში. წარმოიდგინეთ, კლასში ზის 10 მოსწავლე, ერთმა თქვა სწორი, ორმა თქვა არასწორი და სამმა თქვა რაღაც დაახლოებითი პასუხი და ასე გაიბნა პასუხები. ამ დროს შენი მოვალეობა იცი, რა არის? დაფიქრდე, ის ბავშვი ხომ პიროვნებაა, რატომ თქვა რაღაც სისულელე. სწორი რომელმაც თქვა, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ შენ იმ მეორე ბავშვს უნდა მიაქციო ყურადღება. რატომ თქვა მან ეს. ხანდახან გავდივარ-გამოვდივარ მერხებს შორის და ვფიქრობ, რატომ თქვა და უცებ აღმოვაჩენ, რომ შეიძლება სულ სხვანაირად იფიქრა, მერე მოვბრუნდები და ვეტყვი, შენ რომ იფიქრე, ეგ ეგრე კი არ არის, აი ამიტომაა სწორი და ისიც უცებ წამოიძახებს " უი, მას, მე სხვანაირად მეგონა.“ მაშინ ხარ კარგი მასწავლებელი და სწორედ აქ იწყება სწავლა. ყველა კომაროვში ხომ ვერ ისწავლის. ანდაზა ხომ გაგიგიათ "ხარი ხართან რომ დააბაო“, თუ დასვი ის ასეთ ბავშვებთან, გამოიმუშავებს ამ ნიჭს და ისწავლის, ოღონდ ინდივიდუალურია ყველაფერი.

- თაობებს შორის და ასევე გოგოებსა და ბიჭებს შორის თუ არის მათემატიკის ათვისების მხრივ განსხვავება?

- მათემატიკაში არის. შეიძლება ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ბიჭები სახლში მარტო მათემატიკას მეცადინეობენ. გოგონები ბევრ რაღაცებს აკეთებენ, თან ათოსნები არიან, ათოსანი ბიჭი და ათოსანი გოგო კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან - ბიჭი შეიძლება მარტო მათემატიკას სწავლობს, არის ნიჭიერი და ამით "ქაჩავს“ საგნებს, გოგონა ყველა საგანს კარგად სწავლობს და ეს უშლის ხელს. მეექვსე კლასში, მაგალითად, სანამ ჩვენთან ჩააბარებენ, ჯობიან ბიჭები. არ ვიცი, ეს ბუნებაა თუ გენეტიკა, მაგრამ გოგონებმა თუ ჩააბარეს კომაროვში, მერე უკვე ბიჭებს ისინი ჯობიან, რადგან სხვანაირად მშრომელები არიან და ძირითადად, ეს ბავშვები მერე საზღვარგარეთ მიდიან, აგრძელებენ სწავლას და ბანკეტზე სულ ვეუბნები ხოლმე, რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქყვეყანაში და აქ გამოადგნენ საქართველოს, "იავნანაზე“ გაზარდონ საკუთარი შვილები.

- საჯარო სკოლებში მასწავლებლების მეთოდებს შორის, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ შეცდომას?

-მე ქუთაისიდან ვარ, კომაროვში მეშინოდა მოსვლა იმიტომ, რომ ჩემი მიზანი იყო აქ მესწავლა, რაც ვერ მოვახერხე, შორს ვცხოვრობდით. მერე რომ მომეცა შესაძლებლობა, იცით რამდენი ვიმეცადინე? 4 შვილი მყავდა და უკვე 35 წლის ვიყავი, აქ რომ დავიწყე მუშაობა და დღედაღამ ვმეცადინეობდი ამ ბავშვებთან ერთად. მათემატიკას რომ ხსნი, ისე უნდა აუხსნა, როგორც ამას თავის დროზე მიხვდა ადამიანი. ისე კია არა, რომ ჩამოაყალიბო თეორემა და უთხრა ბავშვებს "ეს არის ასე“. მე ვიცი ამოცანები, ვიცი ამის პასუხამდე როგორ მივიდა ადამიანი და ეს გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოდის, მაგრამ არის ამოცანები, რომლებზედაც მეც ბრტყელ-ბრტყელად ვიცი ამოხსნის გზები. ის არ გამომდის კარგად. მთავარია მიდგომა და ამ ბავშვების დაინტერესება არა დაზეპირებული ხერხებით, არამედ ახსნით, როგორ უნდა მივიდნენ პასუხამდე.

- კომაროვში თუ არიან "ზარმაცი“ მოსწავლეები?

- ზარმაცები კი არ არიან, მეცოდებიან, რომ შესაძლებლობებს ანიავებენ. მაინცდამაინც ხუთი ამოცანა რომ აქვთ დავალებად და მაინცდამაინც ხუთს რომ აკეთებენ, თან ეს ამოცანები ხუთ წუთში დაამთავრეს, გააკეთოს მეექვსეც. აქ გაზარმაცდებიან ბავშვები და იმ წუთში ნიშანზე მოქმედებს. შეიძლება ვერც ჩააბაროს გამოცდა. კი მწყდება ხოლმე გული მერე, მაგრამ რას ვიზამთ.

- თქვენი მეთოდი როგორია, მოსწავლეებთან ურთიერთობისა და ახსნის პროცესი, რაც გგონიათ, რომ ამართლებს.

- პირველი, საგანი უნდა იცოდე კარგად და მეორე, არასდროს არ უნდა თქვა ტყუილი. თუ მოსწავლემ დაგინახა, რომ ტყუილს ლაპარაკობ, ძალიან ცუდია. ამოცანას რომ ვერ ხსნი და გაჭედილი ხარ დაფასთან, გაგიტარებს, შეიძლება უფრო შეუყვარდე მოსწავლეს, რადგან იფიქრებს, ესეც ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილაო. სულ რომ ხსნი და ხსნი და უცებ გაიჭედები იფიქრებს, ესეც ჩვენნაირი ყოფილაო. მე მითქვამს მოსწავლისთვის, რომ "ეს რამ მოგაფიქრა შვილო, ახლა ამას მე ხუთ წუთში ვერ ამოგიხსნი“, იმასაც უხარია და მეც მიხარია, რომ ასეთი რამ მოიფიქრა. მითქვამს, რომ არ ვიცი და ეს უფრო ჭრის, ვიდრე ტყუილი, მითუმეტეს, ტყუილი თუ ამოუხსენი. ყველაფერს გაპატიებს მოსწავლე, ტყუილის გარდა. მე ვუსმენ ხოლმე ამბებს რომ აცხადებენ, მასწავლებელმა ცემა და მშობელმა უჩივლაო, ეს არ მესმის, სიმართლე რომ გითხრათ. იმან ზედმეტი კი არ უთხრა, უბრალოდ ბავშვს ეს მასწავლებელი არ უყვარს, ჩასაფრებულია და მომენტს ელოდება. მასწავლებელი არ ემეგობრება მას და ეს ესაა ყველაზე დიდი შეცდომა. მასწავლებელმაც უნდა იმუშაოს ბევრი. ახლა ხელფასების ზრდაზეა საუბარი და ამ ხელფასებს დამსახურება უნდა. მე ამოცანას ვარქმევ ხოლმე სახელებს. აი მაგალითად: "ძნელი“, "არაჩვეულებრივი", "მაინც ვერ გავაკეთებ"- რომ ცოტა სტიმული მიეცეს ამოხსნის, "ნეტა ვინ ვერ გააკეთებს" და უცებ ერთი გურული მოსწავლე მეუბნება: "მასწავლებელო, ამოცანა გვითხარით და სათაურს მე მოვუფიქრებო". მეც დავეთანხმე და რა სათაური მოუფიქრა იცით ამოცანას? "ვაი, ჩვენს პატრონს". ასე ვასწავლით და ბავშვებს უხარიათ აქ მოსვლა. ასე რომ არ იყოს, შაბათს, დასვენების დღეს, რომელ ბავშვს მოუნდება ადრე ადგომა და აქ მოსვლა. ისინი აქ სიამოვნებისთვის მოდიან და ასე უნდა ხდებოდეს ყველგან.
თამარ იაკობაშვილი

21987
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
რუსო
0
ჩემი უსაყვარლესი გოჩა მასწავლებელი...დღემდე მახსოვს მისი ჩატარებული გაკვეთილები - დაძაბვის ,სტრესის გარეშე - ხალისით ....ეს კიდევ ცალკე პროფესიაა ვფიქრობ
23:29 / 13-09-2019
ქეთი ფურცელაძე
0
მეც კომაროვი დავამთავრე და ჩემმა ორმა შვილმაც. მესამე დღემდე მეჩხუბება, რას მერჩოდი, მე რატომ არ გადამიყვანეო. ვგიჟდები ამ სკოლაზე. ყველაფერი სრული სიმართლეა, რასაც ბატონი გოჩა წერს და რაც მთავარია, საბჭოთა დროსაც ასე იყო. ბატონო გოჩა, თქვენ ჩემს უმცროს ბიჭს ასწავლიდით. თვალები უბრწყინდება თქვენს ხსენებაზე. ბატონი ვანო ასწავლიდა უფროსს. ისიც დიდი სიყვარულით იხსენებს მათემატიკის გაკვეთილებს. ბარემ იმასაც დავწერ, რომ მარტო ჩემი ოჯახის წევრებმა კი არა, მოსწავლეებმა კი იციან როგორი იყო გრიშა წულაიას და გელა კვირიკაშვილის გაკვეთილები.
10:25 / 07-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?