სკოლებში არდადეგები ახლოვდება და შესაბამისად, ექსკურსიებისთვის ყველაზე აქტიური დრო იწყება. თუმცა, ექსკურსიაზე წასასვლელად სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს გარკვეული რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ. ამასთან დკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები გამოაქვეყნა:
იმისათვის, რომ ექსკურსია დაგეგმოთ, აუცილებელია აარჩიოთ ტრანსპორტი, რომელსაც ტექდათვალიერება გავლილი აქვს. სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს დაზღვეული. აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს კვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. ის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების გადაადგილებას ექსკურსიაზე, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება ჰყავდეს სრულ წესრიგში და ამის დამადასტურებელი საბუთი მიიტანოს სკოლის ადმინისტრაციაში. აუცილებელია, ტრანსპორტი ადაპტირებული იყოს შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. თუ გზაზე ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე საექსკურსიო ტრანსპორტი, კოლონას წინ უნდა გაუძღვეს საპატრულო პოლიცია. ხოლო საექსკუსიო ტრანსპორტს უნდა ეწეროს ,,ბავშვები". მიზანშეწონილია, სკოლის ადმინისტრაციამ ექსკურსიის შესახებ შეატყობინოს მუნიციპალიტეტს, პოლიციას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფს და სასწრაფო დახმარების სამსახურს. ბავშვებთან ერთად აუცილებლდ უნდა იყოს მშობელი, მასწავლებელი ან სხვა სრულწლოვანი პირი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლება პირველადი დახმარების აღმოჩენა. კვების ობიექტებთან ურთიერთობა ექსკურსიის დროს ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოხდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს რეგულაციები მხოლოდ სასკოლო ექსკურსიებს არ ეხება. რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ იმ მშობლებს, რომლებსად დაგეგმილი აქვთ მოსწავლეების ტრანსპორტირება ჯგუფურად.
თამარ იაკობაშვილი