არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის“ ერთი წლის წინ დაარსდა და მშობლების გააქტიურებას, შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვასა და სკოლასთან მათ თანამშრომლობას ისახავს მიზნად. სწავლის პროცესში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ხშირად მშობლებმა არ იციან, როგორ ჩაერთონ სწორად სასკოლო ცხოვრებაში, რომ დაეხმარონ შვილს გამოწვევების დაძლევაში. მათთვის უცნობია, რა უფლებებს ანიჭებთ კანონი და როგორ შეიძლება შეცვალონ უკეთესობისკენ სასკოლო გარემო. რა აწუხებთ, ძირითადად, მშობლებს და რატომ არის აუცილებელი მათი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი საუბრობს.
- მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში თანდათან აქტიურდება. სულ უფრო მეტი მშობელი, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ხვდება, რომ მოსწავლის ოჯახის მონაწილეობის გარეშე სკოლა ვერ შეასრულებს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარეს. ბევრი ათეული წელია ისინი მშობლებს განიხილავენ, როგორც პარტნიორს და ეძებენ მათში ბავშვებისთვის საჭირო რესურსს. მშობლებთან სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში ყველა კლასში მოიძებნებიან მშობლები, რომლებიც დროს და ენერგიას ბავშვების სასიკეთოდ დახარჯავენ. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მშობელთა ჩართულობა ჰიპერაქტიურ მშობლობას ნიშნავს, ანუ დღედაღამ სკოლაში დგომას და ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას. არა, მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მათ მონაწილოებას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძებებში:
- სკოლა და მშობელი თანაბრად უნდა იყვნენ დაინტერესებული თანამშრომლობით. სამი ძირითადი პრონციპი უნდა გაითვალისწინონ. სკოლამ უნდა დაგეგმოს აქტივობები მშობლების მონაწილეობით და წინასწარ გააცნოს მშობლებს გეგმა; მშობლებმა მონაწილეობა მიიღონ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და თავადაც გამოიჩინონ ინიციატივები; მშობლები შვილების სწავლის პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობდნენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს იმდენად აქტიურად მუშაობს ინტრიგანი მშობლის იარლიყი, რომ მშობლები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან სკოლასთან ურთიერთობას. ეშინიათ, რადგან ასეთ მშობლებს ხშირად ინტრიგანი და მეტიჩარა მშობლების იარლიყებით ამკობენ. ასეთი მშობლების შვილები კი სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ. ცხადია, ამ ვითარებაში მშობლებისა და სკოლის სწორი კომუნიკაცია დიდი გამოწვევაა.
- სკოლისა და მშობლების ურთიერთობას რამდენიმე კანონი და ნორმატიული აქტი არეგულირებს. ყველაზე მთავარი დოკუმენტები, რასაც მშობელი უნდა იცნობდეს არის, ზოგადი განათლების შესახებ კანონი, სკოლის შინაგანაწესი, ხელშეკრულება, რომელსაც სკოლა უფორმებს, მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსები და ეროვნული სასწავლო გეგმა. სკოლა ვალდებულია ყველა მშობელს გააცნოს თავისი უფლებები, თუმცა, ცხადია, ზოგადი განათლების შესახებ კანონის ეს მუხლი იშვიათად სრულდება. ასი ათასობით მშობელს დღემდე ჰგონია, რომ სკოლა არის დახურული საზოგადოება, სადაც გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ დირექტორი ან დამრიგებელია. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რაც მშობელს კანონით აქვს, ეს არის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა. მშობლებმა თითქმის არ იციან ამის შესახებ. სამეურვეო საბჭოს წევრი მშობელი ჩართული უნდა იყოს სკოლის მართვაში და იღებდეს გადაწყვეტილებას, ამტკიცებდეს სკოლის ბიუჯეტს, ნიშნავდეს ან სამსახურიდან ათავისუფლებდეს სკოლის დირექტორს, განიხილავდეს მასწავლებლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის საკითხებს და ა.შ. უახლოესი არჩევნები დაგეგმილია რამდნეიმე თვეში. სამწუხაროდ, დირექტორებს ამ დრომდე არ მიუწოდებიათ ინფორმაცია მშობლებისთვის სამეურვეო საბჭოს არსის და მოახლოვებული არჩევნების შესახებ.
იმისათვის, რომ მშობლებს ჩვენ მაინც გავაგებინოთ, რა უფლებები აქვთ მათ სკოლაში, შევქმენით საგანგებო ტრენინგ-მოდული და ყველა დაინტერსებულ პირს ვთავაზობთ გადამზადებას, რაც მშობლებს დაეხმარება, თავიანთი წვლილი შეიტანონ სასკოლო გარემოს გაუმჯობესების საქმეში.
- ოთხი ძირითადი პრობლემაა, რის გამოც მშობლები ჩვენ მოგვმართავენ და დახმარებას ითხოვენ. ეს არის ძალადობრივი და ნეგატიური გარემო სკოლებში. მოსწავლეთა უსაფრთხოების პრობლემა, როდესაც ბავშვი არ გრძნობს თავს დაცულად. მესამე, ეს არის ანტისანიტარია და კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, მოძველებული მეთოდებით სწავლება, რაც როგორც მოსწავლეების, ისე მათი მშობლების გულისწყრომას იწვევს.
- აუცილებელია, გაიზარდოს სკოლის ავტონომიურობის ხარისხი. სამეურვეო საბჭოს კომპონენტი ამოქმედდეს არა ფიქტიურად, როგორც დღეს არის, არამედ დემოკრატიული პრინციპების დაცვით. სკოლამ უნდა გაუღოს კარი მშობელს და გამჭვირვალე გახადოს პროცესები. ავტორიტარული სტილი შეიცვალოს ჰუმანური მიდგომებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დირექტორს მეტი ბერკეტი უნდა ჰქონდეს სკოლიდან გაუშვას მასწავლებელი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ან საერთოდ ვერ ასრულებს. ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოუცხადოს ძალადობას და დანერგოს ღირებულებითი სწავლების კომპონენტი.
- მშობლებისა და დირექტორის დაპირისპირება ხშირია. ზოგჯერ სკოლის დირექტორი არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ბევრჯერ მშობლებისგან მოდის არასწორი ინიციატივა. მაგალითად, მშობლების დაპირისპირება დირექტორთან ახალციხეში მოხდა იმის გამო, რომ ისინი ითხოვდნენ ერთ-ერთი ბავშვის სკოლიდან გარიცხვას. სწორედ, ამიტომაა საჭირო მშობელთა ჩართულობა, რომ მათი დრო, ენერგია, რესურსები დაპირისპირებაში კი არ დაიხარჯოს, ერთობლივად დაგეგმონ ბავშვის კეთილდღეობისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.
თაია მახარაშვილი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ხშირად ხვდება მშობლებს, ესაუბრება საჭირო თემებზე და აძლევს მათ რეკომენდაციებს. ის არსებულ პრობლემებზე საუბრობს:
- შეიძლება ითქვას, რომ მშობელთა თაობისთვის არ არის ადვილი იმ კლიშეების, წარმოდგენების და სტერეოტიპების დარღვევა, რომელიც მოგვყვება იმ პერიოდიდან, როცა ჩვენ ვიყავით მოსწავლეები. აქედან გამომდინარე, მათი უდიდესი ნაწილი ნაკლებად გამბედავია, როდესაც საქმე ეხება სკოლისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნას. თუმცა, ჩვენი შვილების თაობა განსხვავებული ინდივიდები არიან. მათ შეიძლება არ იციან უფლებები, მაგრამ ძალიან კარგად იციან, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ქცევა, რა ცოდნა უნდათ, რომ მიიღონ, რა აინტერესებთ, რითი მოიხიბლებოდნენ. ისინი უფრო მეტად ხედავენ იმ პრობლემებს, რაც სკოლაშია და უფრო ადეკვატურია მათი რეაქცია ძალადობრივი გარემოს, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის მიმართ, ვიდრე მშობლებს წარმოუდგენიათ. ჩვენ, მშობლები მიჩვეულები ვიყავით იმას, რომ არც თუ ისე ჯანსაღ გარემოში გვიწევდა სწავლა, აქედან გამომდინარე, ამ თაობის მშობლებს გაცილებით ნაკლები პრეტენცია აქვთ, ვიდრე მათ შვილებს. ჩვენი მიზანი სწრედ ის არის, რომ მათ, პირველ რიგში, შვილების თვალით დავანახოთ ის ყველაფერი, რაც სკოლაში ხდება. ამ ტრენინგების დროს ვხედავთ თვალებგაბრწყინებულ მშობლებს, რომლებსაც შეიძლება იქამდე არ ჰქონდათ გამბედაობა საკუთარი აზრის გამოსახატად, მაგრამ ყოველთვის გრძნობდნენ, რომ ეს საჭირო იყო. ვხედავთ წელში გამართულ ადამიანებს, რომლებმაც უკვე იციან რისი უფლებები აქვთ და როგორ შეეჭიდონ მთელ რიგ გამოწვევებს სკოლასთან ერთად.
- პირველ რიგში, რასაც ჩვენ მშობლებს ყოველთვის ვეუბნებით, ეს არის კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევა. თუ ადამიანი მივა სკოლაში და აგრესიულად, დირექტორისთვის, ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლისთვის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატავს თავის აზრს, ნაკლები შანსია, რომ მან სასურველი შედეგი მიიღოს. მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება ეს ყველაფერი რბილად გამოხატოს, თუმცა მაინც გაღიზიანდეს მასწავლებელი და ის რისკი, რომ მერე ბავშვს პრობლემები შეექმნას მასთან ურთიერთობისას, არსებობს.
გარდა კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თვითონ დირექტორის და ადმინისტრაციის მზაობას, რომ მან გაითვალისწინოს და პირველ ადგილზე დააყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. საბედნიეროდ, გვყავს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ისეთი დირექტორები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის ბავშვისთვის საჭირო, დამოკიდებულებაც ჯანსაღი აქვთ, ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად წყდება პრობლემა. ამ დროს მასწავლებელი ხვდება, რომ ადმინისტრაციის და სკოლის დირექტორის მხარდაჭერა მის მიმართ კი არა, პირველ რიგში, ბავშვისკენაა მიმართული. როდესაც ასეთი მოდელით ვითარდება კომუნიკაცია, მაშინ ყველაფერი კარგად მიდის. პრობლემა ძირითადად იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის არასწორ ქმედებას მხარს უჭერს დირექტორი. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თავს გრძნობს დაუსჯელად და იწყებს ძალადობას მშობელზეც და ბავშვზეც. ზოგჯერ არა მარტო თვითონ ხდება მოძალადე, არამედ მთელ სასკოლო საზოგადოებას, ასევე, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ მშობლებსაც, განაწყობს ხოლმე ამ ერთი მშობლის და ბავშვის წინააღმდეგ. ყველა ცდილობს გარიყოს მშობელი და ბავშვი და ბოლოს მშობელი იძულებული ხდება მოსწავლე სხვა სკოლაში გადაიყვანოს, რაც გამოსავალი არ არის. ბავშვს უწევს დატოვოს თანატოლები, მისთვის ჩვეული გარემო. ეს მისთვის ტრავმაა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ვურჩიოთ მშობელს, დატოვოს ბავშვი იმავე სკოლაში და სკოლამ მოაგვაროს პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი პრობლემის ეფექტიანად მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის სწორი პოზიცია.
მეგი კავთუაშვილი:
- სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ მშობელს, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს დანარჩენი მშობლები უპირისპირდებიან. ხშირად, ეს არის სკოლის თანამშრომლების მართული პროცესი. მთელ რიგ შემთხვევებში, ამას გაცნობიერებულად აკეთებენ, ზოგჯერ თავისთავად ასე ხდება. მშობელთა დასახმარებლად ორგანიზაციაში მოქმედებს ცხელი ხაზი. რეკავს მშობელი ნომერზე 219 60 80 და გადის იღებს პრობლემის შესაბამის კონსულტაციას. იმ შემთხვევაში, თუ უკვე გართულებულია მდგომარეობა და მშობელი მარტო თავს ვეღარ ართმევს, შევისწავლით მის მდგომარეობას და ჩვენ მივყვებით სკოლაში. როგორც წესი, ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ პრობლემა ბავშვის სასარგებლოდ გვარდება.
თაია მახარაშვილი რეკომენდაციით მიმართავს მშობლებს და სწორი კომუნიკაციისაკენ მოუწოდებს მათ:
- ურთიერთობის და კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევა ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს. თუ ჩვენ ვიქნებით კეთილგანწობილები, თუ ჩვენ ვიქნებით თანამშრომლობაზე ორიენტირებული, მაშინ მეტი შანსია, რომ მეორე მხარემ გაცილებით უფრო ადეკვატურად მიიღოს ჩვენი მოსაზრება, ვიდრე კონფლიქტის დროს. მაგრამ, ზოგჯერ კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევის მიუხედავადაც, შესაძლოა, მასწავლებელი მაინც არ წამოვიდეს თანამშრომლობაზე. ამ დროს, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა უკან არ დაიხიოს და აქ არ დაამთავროს სკოლასთან ურთიერთობა. მან უნდა მიმართოს დირექტორს და მოისმინოს მის პოზიციაც. თუ დაინახა, რომ დირექტორი მზადაა თანამშრომლობისთვის და ის გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, საკითხი აქვე ამოიწურება. თუ დირექტორისაგანაც ვერ მიიღებს მხარდაჭერას, მაშინ მან აუცილებლად უნდა მიმართოს განათლების სამინისტროს. მე არ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროსთვის მიმართვით, აუცილებლად გადაწყდება პრობლემა, თუმცა სკოლამ უნდა დაინახოს, რომ მშობელს შეუძლია სხვა გზებიც იპოვოს. როცა სკოლა ამას ხედავს, ის ცდილობს, რომ გარეთ არ გამოვიდეს ეს პრობლემა და ცოტა მეტი გააკეთოს ადგილზე სიტუაციის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ვურჩევთ მშობლებს მოგვმართონ ჩვენ, რადგან ეს არის ორგანიზაცა, რომლის მთავარი ამოცანა სასკოლო გარემოში ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის დავუდგებით გვერდში მშობელს და შევძლებთ, დავეხმაროთ როგორც დამრიგებელთან, ასევე დირექტორთან ურთიერთობაში. ამის გარდა, ვფიქრობ, რომ როდესაც პრობლემა გვარდება, ამ მიღებული გადაწყვეტილების მდგრადობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. პრობლემა დროებით კი არ უნდა გადაწყდეს და იმ მომენტში მიიჩქმალოს, არამედ ნამდვილად აღმოიფხვრას. ამისათვის საჭიროა, მშობელმა გარკვეული პერიოდულობით, გააგრძელოს ურთოერთობა სკოლასთან, დაანახოს მათ, რომ ის მადლიერია თითოეული სწორი გადაწყვეტილების, თუმცა თვალს არ ხუჭავს შეცდომებზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მშობლებმაც, რომ მეორე მხარესაც დგანან ჩვეულებრივი ადამიანები, საკუთარი პრობლემებით, მათაც აქვთ გარკვეული გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში, ჩევნ ვიცით, რომ მასწავლებლებს საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი აქვთ და თითოეულ ადამიანს თავისი ინდივიდუალური პრობლემა აქვს. აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ რეჟიმში გძელვადიან დადებით შედეგზე გასვლა წარმოუდგენელია და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ჯანსაღი კომუნიკაციით ძალიან ბევრი პრობლემა გვარდება.
თამარ იაკობაშვილი