საგანგაშო მდგომარეობა ბავშვებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში სკოლებში დისციპლინისა და განათლების საკითხებზე რომ ხშირად უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, ეს მრავალჯერ განხილული თემაა, მაგრამ სავალალო მდგომარეობაა სანიტარული კუთხით. სასურველია, შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ და სასკოლო ბუფეტები და სველი წერტილები ხშირ-ხშირად შეამოწმონ, შესაბამისი ჯარიმებიც დაუწესონ ადმინისტრაციას.
ეს ფოტოები ერთ-ერთი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის მშობელმა მოგვაწოდა და გვთხოვა, ეს თემა გაგვეშუქებინა (მკითხველი დავინდეთ და შედარებით "მსუბუქი" ფოტოები დავდეთ).
"საპირფარეშოში, რომლითაც მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები სარგებლობენ, მუდმივად ანტისანიტარიაა, საშინელი სუნი არა მხოლოდ თვით საპირფარეშოში, არამედ მის გარშემო დიდ ტერიტორიაზე და კლასებშიც კი შედის. პრაქტიკულად, საპირფარეშოები ამ და სხვა ბევრ სკოლაში, არ ლაგდება სათანადოდ. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ამაზრზენია ასეთ ტუალეტში პატარა ბავშვის შესვლა, ის ბაქტერიების და ინფექციების ბუდეა", - გვწერს მშობელი.
იმედია, ამ საკითხს მეტი ყურადღებით მოეკიდებიან სათანადო ორგანოები და ბავშვებს დაიცავენ ანტისანიტარიისგან. ჩვენ კი ვეცდებით, მომავალშიც აქტიურად დავინტერესდეთ მსგავსი თემებით.