ბოლო რამდენიმე დღეში სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. ლაგოდეხში, 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მეორე დღეს გარდაცვილი იპოვეს. უფლისციხეში კი ექსკურსიის დროს 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. საზოგადოება, განსაკუთრებით მშობლები, მღელვარედ განიხილავს ექსკურსიასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
იგეგმება თუ არა სატანადო რეგულაციების გადახედვა ან გამკაცრება, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით:
"ჯერ-ჯერობით ისევ ის რეგულაციები მოქმედებს, რაც აქამდე იყო. ჯერ-ჯერობით ახალი რეკომენდაციები არ დამტკიცებულა, თუმცა, როგორც მინისტრმა ბრძანა, გადახედვა მიმდინარეობს"- ამბობენ სამინისტროში.
მანამდე კი სკოლებს უსაფრთხო ექსკურსიისათვის შემდეგი ტიპის რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ:
იმისათვის, რომ ექსკურსია დაგეგმოთ, აუცილებელია აარჩიოთ ტრანსპორტი, რომელსაც ტექდათვალიერება გავლილი აქვს. სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს დაზღვეული. აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს კვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. ის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების გადაადგილებას ექსკურსიაზე, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება ჰყავდეს სრულ წესრიგში და ამის დამადასტურებელი საბუთი მიიტანოს სკოლის ადმინისტრაციაში. აუცილებელია, ტრანსპორტი ადაპტირებული იყოს შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. თუ გზაზე ერთდროულად გადაადგილდება რამდენიმე საექსკურსიო ტრანსპორტი, კოლონას წინ უნდა გაუძღვეს საპატრულო პოლიცია. ხოლო საექსკუსიო ტრანსპორტს უნდა ეწეროს ,,ბავშვები". მიზანშეწონილია, სკოლის ადმინისტრაციამ ექსკურსიის შესახებ შეატყობინოს მუნიციპალიტეტს, პოლიციას, სახანძრო-სამაშველო დანაყოფს და სასწრაფო დახმარების სამსახურს. ბავშვებთან ერთად აუცილებლდ უნდა იყოს მშობელი, მასწავლებელი ან სხვა სრულწლოვანი პირი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლება პირველადი დახმარების აღმოჩენა. კვების ობიექტებთან ურთიერთობა ექსკურსიის დროს ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოხდეს.
თამარ იაკობაშვილი