საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივით, ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა. ეს რეგულაციები სავალდებულოა ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზატორებსა და ხელმძღვანელებს ევალებათ:
მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რის გამოც ის სკოლის დირექტორს 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ მოწმობის ასლს. ასევე, ორგანიზატორი დირექტორს წარუდგენს ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, თარიღისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაციას. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას, განხორციელდეს თუ არა ექსკურსია. ორგანიზატორმა მოსწავლეებსა და მათ წარმომადგენლებს უნდა გააცნოს დეტალური ინფორმაცია ექსკურსიის მარშუტსა და მიზნებზე. თუ მოსწავლეს არ ახლავს მშობელი ან სხვა წარმომადგენელი, ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის წერილობითი თანხმობა. ექსკურსიაში უნდა მონაწილეობდეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლება. ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცი მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.
ტრანსპორტირების წესი
მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი საჭიროების გათვალისწინებით. ექსკურსიის წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. წესები უკვე გადაეგზავნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს და მისი დარღვევა გამოიწვევს დადგენილი წესით პასუხისმგებლობას.
თამარ იაკობაშვილი