ვიდეო გურიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაშია გადაღებული და ბავშვები თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევებით ასრულებენ სიმღერას გურიაზე, რომელშიც იოსებ სტალინსაც ახსენებენ.
"გურულს უჩვენა გზა გამარჯვების და დიდ ბრძოლებში გაიყოლია,
მართლაც ამაოდ არ ჩაუვლია, სისხლით შეღებეს დროშა წითელი.
აი, გურია, ჩემი გურია, ჩემი გურია განახლებული.
ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია,
მაგრამ ხიდის თავს აქვს სხვა დიდება, იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია", - ასეთია სიმღერის შინაარსი
რამდენიმე დღით ადრე, ახალციხის მეხუთე სკოლაში პირველკლასელებმა ანბანი თეთრ პერანგებზე შემოხვეული წითელი ყელსახვევებით გააცილეს.
ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას კლასის დამრიგებელი, ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და სხვა ჩანაფიქრი არ ჰქონიათ.
„აზრადაც არ მოგვსვლია ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა პეპლები და წინსაფრები რომ არ მოუხდებოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ“, – განმარტავს დამრიგებელი.
იგივე პოზიცია აქვთ სკოლის დირექტორსა და მშობლებს.
სოციალურ ქსელში აღნიშნულმა ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:
"რითი ვეღარ ივიწყებენ რუსეთს. ევროპა სავსეა რუსებით და მაგათ რუსეთი მოსწონთ. მეტი არაფერი უნახიათ. ჯობია ბავშვებს
ახალი თანამედროვე რამე შეასწავლონ, ვიდრე მისტიროდნენ დამპალ სსრკ-ს."
"განათლების სამინისტრომ თავის თავს მიხედოს. ყელსახვევს გაიკეთებენ თუ წითელ ტრუსიკს ჩაიცვამენ, რა მისი საქმეა"
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჯერ-ჯერობით ამ თემასთან დაჯავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
"რომ დამთავრდება მოკვლევა, მერე შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, ჯერ მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს. ყველა გამოიკითხება და ყველაფერი დადგინდება. სამინისტროს პოზიციაა, რომ სწრაფად გაირკვეს ყველაფერი", - ამბობენ სამინისტროში.
თამარ იაკობაშვილი