რატომ უჭირთ ბავშვებს ფიზიკის სწავლა - გამოცდილი პედაგოგის რჩევები მშობლებს
რატომ უჭირთ ბავშვებს ფიზიკის სწავლა - გამოცდილი პედაგოგის რჩევები მშობლებს
ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია - ეს ის საგნებია, რომლების სწავლაც სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით უჭირთ. პრობლემა საატესტატო გამოცდებმა კიდევ უფრო შესამჩნევი გახადა. მშობლები იძულებულნი არიან რეპეტიტორებს მიმართონ, რადგან სკოლაში მიღებული ცოდნა ხშირად გამოცდების ჩასაბარებლად საკმარისი არ არის.

ამჯერად ფიზიკის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შევეხებით. რატომ უჭირთ ბავშვებს ამ საგნის ათვისება და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საგამოცდო სტანდარტის ჩაბარება მოსწავლეს რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეეძლოს?
ამ თემაზე ფიზიკის მასწავლებელი, თამარ აივაზიშვილი გვესაუბრება, რომელსაც უკვე 44-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მე-2 საჯარო
სკოლაში ასწავლის და ფიქრობს, რომ საგნის სწავლების თვალსაზრისით დედაქალაქის სკოლები რეგიონის სკოლებს არაფრით ჯობია.

- მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვები ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებს ინტერესით აღარ სწავლობენ, ამ პროფესიებადმი შენელებული ინტერესია. საინჟინრო და ტექნიკური სპეციალობები დღეს აქტუალური აღარაა.  სპეციალისტებს სამსახურის შოვნა უჭირთ. ბავშვებმა ეს იციან და დიდ ძალისხმევას აღარ ხარჯავენ ამ საგნებზე.

მეორე მიზეზი, რის გამოც საგანი უჭირთ და არ უყვართ, სწავლების პროცესში დაშვებული შეცდომებია, რომლების რამდენიმე წლის წინ ინტეგრირებული სწავლებით დაიწყო. ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია თითო სემესტრის განმავლობაში ისწავლებოდა, რითაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას პრაქტიკულად, საფუძველი გამოაცალეს. შემცირდა საათობრივი დატვირთვაც და საბოლოოდ  არასასურველი
შედეგები მივიღეთ. ხარვეზები იყო დაშვებული სახელმძღვანელოშიც... ერთი სიტყვით, მრავალწლიანმა ექსპერიმენტებმა მასწავლებელსა და მოსწავლეებს ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. თანამედროვე სტანდარტით ბევრი ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ საათების რაოდენობა ისევ მცირეა. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტით გათვალისწინებული მასალის გასაგებად და საინტერესოდ მიწოდება მოსწავლისთვის ან ვერ ხერხდება, ან ხერხდება მასწავლებლის ზედმეტი შრომის ხარჯზე.

- ალბათ ყველა მასწავლებელი თავს არ დაივალდებულებს, რომ მსგავსი ხარვეზები საკუთარი შრომით აანაზღაუროს?
- სხვანაირად ვერ ასწავლის, გამორიცხულია. ვინც მართლა მასწავლებელია და ბავშვებზე გული შესტკივა, ასე წვალობს. თუ მოსწავლეც მონდომებულია და მასწავლებელიც გულწრფელად ზრუნავს ბავშვის მომავალზე, გარკვეულ შედეგს  აუცილებლად მიაღწევენ. მაგრამ ზედმეტი შრომით არც ყველა მასწავლებელი იწუხებს თავს და არც ყველა მოსწავლე. ამიტომ დაბალანსებული უნდა იყოს საგაკვეთილო მასალა და საათობრივი დატვირთვა.

- მშობელმა რა ქნას, ის ხომ სკოლის იმედზეა. განათლების სამინისტროს შეცდომები მან როგორ უნდა გამოასწოროს?
- მშობელს ან ფული უნდა ჰქონდეს და მუდმივად რეპეტიტორთან დაატარებდეს შვილს ან უნდა გამოფხიზლეს და აქტიურად ჩაერთოს სკოლის ცხოვრებაში. მოითხოვოს, იბრძოლოს მასწავლებელთან ერთად, გაახმაუროს პრობლემები. იყოს მასწავლებლის მიმართ კრიტიკული. არც სისუსტე აპატიოს და მისი ენთუზიაზმიც დააფასოს. სხვა მეც არ ვიცი, რა ვურჩიო. ასეთი შეცდომების გამოსწორება მშობლისთვის ძალიან ძნელია.

- მხოლოდ ხარვეზების ბრალია, რომ ფიზიკა არ უყვართ? იქნებ ბავშვებშიც არის რაიმე მიზეზი. თქვენ ხელში ბევრმა თაობამ გაიარა, დღეს ხედავთ ამ მიზეზებს?
- დღევანდელ ბავშვების უმეტესობას ფიქრი და წიგნთან აქტიური მუშაობა ნაკლებად უყვარს. არადა სწავლება ისეა აგებული, რომ მოსწავლემ უნდა იფიქროს. თანამედროვე ბავშვებს ცოდნის მობილიზებაც უჭირთ. გაკვეთილზე მოსმენილით კმაყოფილდებიან და სახლში მუშაობის გაგრძელებით თავს აღარ იწუხებენ. ბუნებრივია, ისეთი მოსწავლეებიც გვყავს, ვისაც სწავლა და შრომა არ ეზარება. სამწუხაროდ, უმეტესობა თავს ზედმეტად არ იტვირთავს. უნდათ სწავლა, მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე არა. ჩვენ საგანს კი შრომა ჭირდება - თეორიაც უნდა ისწავლონ, ცდებიც ატარონ და ამოცანებიც უნდა ამოხსნან სახლში.
წიგნიერების დონეც დაბალია. გაკვეთილის მოსაყოლად ლექსიკური მარაგიც არ ჰყოფნით.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ყველა ბავშვმა ინტერესით ისწავლოს?
- ამ კითხვაზე ვეძებ პასუხს ჩემი 44-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მაგრამ წესი, რომელიც ყველა ბავშვზე ერთნაირად ეფექტური იქნება, ჯერ ვერ ვიპოვე. ვფიქრობ, უნდა გაიზარდოს საათობრივი დატვირთვაც და მეტი დრო დაეთმოს ცდებსა და ექსპერიმენტებს, სახელმძღვანელოც ცდებზე უნდა იყოს აგებული, უფრო მეტად, ვიდრე დღესაა. ამას კარგად აღჭურვილი ლაბორატორია და ხელსაწყოების მარაგი სჭირდება. მარტივად მიწოდებული მასალა, რომელიც გამდიდრებული იქნება სათანადო ექსპერიმენტებით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- მშობლებს რას ურჩევთ?
- იყვნენ ყურადღებით და ბავშვის გონებას ყოველთვის მიაწოდონ საზრდო. ბავშვის გონება სულ უნდა მუშაობდეს. შესთავაზონ ასაწყობი სათამაშოები, განსაკუთრებით კარგია ძრავიანი ასაწყობები. ხშირად ამოახსნევინონ თავსატეხები. ბავშვმა ამოხსნით მიღებული სიხარული უნდა განიცადოს. ეფექტური იქნება სასკოლო კლუბური მუშაოებიც...

- მასწავლებლების მიმართ ყოველთვის ბევრი მოთხოვნა და პრეტენზიაა. განსაკუთრებით მშობლების მხრიდან. მასწავლებელს რა სჭირდებნა იმისთვის, რომ უკეთ ასწავლოს?
- აუცილებლად უნდა იზრუნონ მასწავლებლის ცოდნის ამაღლებაზე, ახალი მეთოდების დაუფლებაზე. ტრენინგები ხშირად ტარდება, მაგრამ ისინი ზუსტად არ პასუხობენ მასწავლებლის საჭიროებებს. ჯერ მასწავლებელს უნდა ჰკითხონ, რაში სჭირდება დახმარება და ამის მიხედვით დაგეგმონ ტრენინგი. რაც შეეხება ფიზიკას, თითოეულ გაკვეთილზე ექსპერიმენტის ჩატარება მასწავლებელს დიდ დროს ართმევს, ამიტომ ლაბორანტის დანიშვნა მისთვის აუცილებელია. 

6334
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
lia
0
რა თქმა უნდა , აუცილებელია კარგად მოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები და განსაკუთრებით ქიმიის კაბინეტისთვის ლაბორანტი.ვერ იმეტებენ თვეში რაღაც 200 ლარს ლაბორანტისთვის და როგორ ჩატარდება თუნდაც სადემონსტრაციო ცდები?(პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ცდებზე რომ არაფერი ვთქვათ) რაში გვჭირდება სხვადასხვა ფსიქოლოგების შესწავლა იმისთვის, რომ ბავშვი სწავლობს შეხებით,ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით? ფული იხარჯება იქ, სადაც არ არის საჭირო(უამრავ ტრენინგებზე) და არა იქ, სადაც საჭიროა. ვირტუალური ლაბორატორიები შემოვიდა მოდაში-არც ეს არის ძალიან კარგი.....ხედავს, მაგრამ ვერ აკეთებს და ვერ გრძნობს...ყველას ჯობია თვითონ აკეთონ ბავშვებმა ამას კი აუცილებლად სჭირდებაა კარგად მოწყობილი ლაბორატორია და ლ ა ბ ო რ ა ნ ტ ი!!!!!!
13:10 / 30-10-2019
ელა
0
იმიტომ უჭირთ რომ რთული საგანია, ქართულს და ისტორიას დაიზეპირებ, ფიზიკა მათემატიკის დაზეპირებას აზრი არ აქვს, ამოცანები და მაგალითებია ურთულესი, ტვინის საჭყლეტი, თუნდაც მთელი დღე მიფიქრია და ვერ ამომუხსნიააააა
13:33 / 27-10-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?