"არ ვუშლი პირველ დღეებში პირვეკლასელებს ჰქოდეთ თან სათამაშოები" - გამოცდილი პედაგოგის რჩევები მშობლებს
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება.  საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა  16 სექტემბერს, ორშაბათს დაიწყება და როგორც წესი, განსაკუთრებული ემოციით ამ დღეს პირველკლასელთა მშობლები ელოდებიან. მათ ხომ შვილებთან ერთად თავადაც მოუწევთ იმ ნაბიჯების გავლა, რაც სკოლის პირველ დღეებს ახლავს თან. ყველა მშობელი ღელავს, როგორ შეეჩვევა ბავშვი ახალ გარემოს, როგორ ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში.
არის თუ არა აუცილებელი წინასასკოლო მომზადება ჰქონდეს გავლილი პირველკლასელს, რათა ადვილად მოერგოს სკოლის წესებს, რამდენად არიან თანამედროვე მშობლები
და მათი შვილები პირველი კლასისთვის მზად?  ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნანა კრიჭაშვილი, რომელსაც სკოლაში მუშაობის   25 - წლიანი გამოცდილება  აქვს.
- წინასასკოლო მზაობა აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს   სასკოლო გარემოს. ვთვლი, რომ ბაღში აღზრდილი ბავშვები ბევრად უფრო ადვილად ეგუებიან თანაკლასელებს და ბევრად უფრო ადვილად ერთვებიან სასკოლო აქტივობებში, თუმცა აქვე დავამატებ,  არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ ახერხებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიარულს და მათ მშობლები ეხმარებიან, რომ  მოემზადონ სკოლაში წასასვლელად.

- ბავშვის სკოლაში პირველად მიყვანას ახლავს ეიფორია... რას ურჩევთ მშობლებს, რა სახის ინფორმაცია უნ
და მივაწოდოთ ბავშვებს სკოლაზე?


- აუცილებელია, რომ ბავშვმა იცოდეს, სად მიდის და რატომ მიდის. პატარები ისეთი სიხარულით ელოდებიან სკოლაში მისვლის პირველ დღეს, მათ იშვითად ეძნელებათ ახალ გარემოსთან შეგუება, თუმცა არიან ბავშვები, რომლებშიც ღელვა უფრო მეტია, ღელვა იმისა, რომ არ იციან, რა დახვდებათ სკოლაში. ამიტომ, მშობელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს შვილს სკოლაზე ინფორმაცია, უთხრას მას, რამდენად საინტერესო იქნება იქ სიარული, რატომ უნდა იაროს, რომ ეყოლება ახალი მეგობრები, მასწავლებელი, რომელიც მისი თანამოაზრე და გულშემატკივარი იქნება. ამ ტიპის საუბრები სკოლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დავიწყოთ. ძალიან კარგია, როცა მშობლებს ბავშვის სკოლის დაწყებამდე მოჰყავთ სკოლაში და აცნობენ გარემოს, განაწყობენ მათ სკოლისადმი დადებითად. ჩვენ მასწავლებლები წინასწარ ვამზადებთ პირველკლასელთათვის საკლასო ოთახს. ბავშვისთვის მთავრი არის სითბო და სიყვარული და სკოლაში მოსვლის დროს, ეს უნდა იგრძნოს. ზოგადად  სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში შფოთვა და ღელვა, როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებსაც აქვთ და ეს ნორმალურია, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპზე იმყოფებიან. თუმცა მასწავლებელთან შეთანხმებით და თანამშრობლებით, ამ სირთულეების დაძლევა მარტივად შეიძლება.

- პირველკლასელებს ახასიათებთ მათთვის სასურველი ნივთების სკოლაში ტარება, მათ შორის, სათამაშოების. თუ ბავშვს გაკვეთილზე სათამაშო აქვს, რას მოიქმედებთ?

- რადგან პირველ დღეებს ახლავს დაძაბულობა, ნერვიულობა, ეიფორია, ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო ბავშვს, რომ მოეხსნას სკოლაში ყოფნით გამოწვეული მღელვარება. ძალიან ხშირად ზედმეტ სასწავლო ნივთებთან ერთად მოაქვთ სათამაშოებიც, რომლებიც უცხო გარემოში მათ მატებთ სიმშვიდეს, თუნდაც ეს იყოს  ფუმფულა სათამაშო, მისი ერთგული მეგობარი,  რომელიც სახლიდან გამოჰყვა.  ამიტომ არასდროს არ ვუშლი პირველ დღეებში პირვეკლასელებს ჰქოდეთ თან სათამაშოები, უფრო მეტიც, სათამაშოს ვაცნობთ კლასს, თუ სახელი არ ჰქვია, სახელსაც შევურჩევთ და დავარქმევთ. მოტანილ თოჯინებს საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ კიდეც, ვეკითხები მის ფლობელს, მოეწონა შენს მეგობარს გაკვეთილი, რა გაიგო, რა ვერ გაიგო, მოეწონა სკოლაში? ხვალ კიდევ გამოგყვება? ასეთი წვრილ-წვრილ ნიაუანსებს სწავლის პირველ დღეებში  ვითვალისწინებ და ვფიქრობ, ბავშვებსაც ვეხმარები ამ ფორმით. რამდენიმე დღის მერე კი ვთხოვ, ვურჩევ რომ თოჯინენები, მათთვის საყვარელი ნივთები სახლში დატოვონ. ზოგჯერ ბავშვს სჭირდება და ძალიან უნდა, რაიმე ნივთი სკოლაში მოიტანოს და აჩვენოს თანატოლებს, მასწავლებელს. რადგან პირველი დღეები ეთმობა სასკოლო ნივთების გაცნობას, ვთვლი, რომ არ არის პრობლემა, მოიტანონ ყველა ის ნივთი, რომელიც მათ ახალისებთ, ახარებთ, რადგან ამ ყველაფერს გაკვეთილზე ვიყენებთ, როგორც სასწავლო რესურს. ეს პროცესი გაგრძელდება 3-4 დღე. ამიტომ ახალი ნივთების ქონით გამოწვეულ სიხარულს მოსწავლეებს არ ვუქრობთ.

- ხშირად მშობლებს სურთ, მეტად დატვირთონ ბავშვი და მას შეასრულებინონ დამატებით დავალებები, რამდენად გამართლებულია ეს მიდგომა?

- არ არსებობს განათლების სისტემა, სადაც მშობელი ამოვარდნილია განათლების რგოლიდან. მშობელი და მშობლის ინსტიტუტი არის შეუცვლელი სწავლისა და აღზრდის საქმეში. რა თქმა უნდა, პირველკლასელის დახმარება განსხვავდება მეორე კლასელის და სხვა ასაკის ბავშვების დახმარებისგან და ეს უნდა გვახსოვდეს. რაც შეეხება ზედმეტ დავალებებს, მოსწავლეებს სკოლებში და მითუმეტეს, საჯარო სკოლებში ეძლევათ თვითსწავლებისთვის გარკვეული დავალება, ეს დავალება არ უნდა იყოს ისეთი სირთულის, რომ ბავშვმა ამის შესრულება დამოკიდებლად ვერ შეძლოს. ასეთ დროს მშობლის დახმარება არის მოტივაცია, წახალისება, რომ დაეხმაროს შვილს, გარკვეული დრო დაუთმოს დავალების შესრულებას, მაგრამ ეს არ ითვალისიწინებს  იმ დავალებაზე ბევრად მეტის შესრულებას, ან თვითონ შეასრულოს შვილის ნაცვლად დავალებები მშობელმა. ამიტომ, როცა მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს დავალებას, ეს არის დოზირებული და კონკრეტულ შემთხვევაში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესრულებაზე გათვლილი დავალება. იმდენი უნდა შესრულდეს, რამდენიც ბავშვს არ გადაღლის, თორემ ამას შემდეგ მოჰყვება  მოტივაციის დაქვეითება, გადაღლილობა, გადაღლილი და შეწუხებული ბავშვი კი  იმ შედეგზე ვეღარ გადის, რასაც ჩვენ მისგან ველით.

- რამდენად გამართლებულია, სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვის ცოდნა? - ეს ხელს უშლის მას საგაკვეთილო პროცესში?

- როდესაც ბავშვს უნდა წინასწარ და შეუძლია, რომ ისწავლოს ასოების ამოცნობა და წაკითხვა, ეს ძალიან კარგია. თუ ბავშვი ამისთვის არ არის მზად, ვერ დააზეპირებინებ ასოებს, ამიტომ თუ ინტერესი ბავშვში თავისით მოვიდა და თვითონ უნდა ასო-ბგრები ამოიცნოს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სასტიკად ვეწინააღმდეგებით მასწავლებლები სკოლის ასაკამდე წერის დაწყებას, არ შეიძლება, რომ 5 წლის ბავშვს ისეთი მოტორიკა ჰქონდეს და ისეთი მომზადებული ჰქონდეს სხეული, როგორიც აქვს 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვს, ამიტომ წერაში ძალიან დიდი ხარვეზები ჩნდება, დამახინჯებულად ნასწავლის გამოსწორებას და შეცვლილი ასოებით დაწერილის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ყველაზე დიდი პრობლემაა სარკისებური აღქმა ასოების. სხვა დარღვევებს თუ ვასწორებთ 2-3 კვირაში,  სარკისებური წერის შემთხვევებზე მუშაობას  თვეები ვუნდებით და ზოგჯერ ვერც ვახერხებთ გამოსწორებას, იმიტომ, რომ ეს აღქმაზე გადადის და მარტო ჩვევა არ არის, რადგან ბავშვი ასოს შემობრუნებულად ხედავს. ამის გამოსწორება ძალიან რთულია, ამიტომ არასდროს არ ვართ მომხრე, რომ ბავშვმა წინასწარ ისწავლოს წერა. წერა ბავშვმა უნდა ისწავლოს მასწავლებელთან ერთად სკოლაში, შესაბამისი ინვენატრის და რესურის გამოყენებით. თუ მაინცდამაინც დიდი სურვილია ბავშვმა ისწავლოს წერა, ამ დროს მშობელი უნდა იყოს აქტიურად ჩართული და დააკვირდეს, როგორია ბგერათა მოხაზულობა, ბადეში ასოების განლაგება. რაც შეეხება იმას, ხელს შეგვიშლის თუა არა წინასწარ წერა-კითხვის ცოდნა საგაკვეთილო პროცესში, გიპასუხებთ, რომ მე, როგორც პედაგოგს, არ შემიშლის ხელს. როცა საგაკვეთილო პროგრამა არის ბავშვზე ორიენტირებული და მის საჭიროებებს ინდივიდუიალურად არის მორგებული, არ არის იმის საფრთხე, რომ ბავშვი, რომელმაც  წერა- კითხვა იცის, გაკვეთილზე იქნება უინტერესოდ. როცა ბავშვმა თანატოლებზე ცოტა მეტი იცის და შეუძლია, ასეთ მოსწავლეს ვაძლევ მისი ინტერესის გათვალისწინებით დავალებას და ვრთავ საგაკვეთილი პროცესში. თითოეულ ბავშვს ეძლევა დავალება და სამუშაო მისი შესაძლებლობების და ინტერესის  გათვალისიწინებით.
რუსკა კილასონია
1897
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```