სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებულად ელიან როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. თუმცა, ყოველ წელს ბავშვების სკოლისთვის მომზადება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, უამრავი საკანცელარიო ნივთი სჭირდებათ, კერძო სკოლის მოსწავლეებს კი წიგნების დამოუკიდებლად შეძენაც უწევთ. დავინტერესდით, საშუალოდ, რა უჯდებათ მშობლებს საკუთარი შვილების სასკოლოდ მომზადება:
ჩემი შვილი მეხუთე კლასში გადავიდა. წიგნებს სკოლაში გვაძლევენ, მაგრამ გვჭირდება უამრავი რვეული, საწერი კალამი და სხვა. ამის გარდა, ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში დამატებითი სავარჯიშო რვეულები, რომლებიც ჩვენ უნდა შევიძინოთ. მოზარდია და ტანსაცმელიც ყოველწლიურად სჭირდება. მისი სასკოლოდ მომზადება 400 ლარამდე დამიჯდა. ორი ბავშვის მომზადება 1300 ლარი დამიჯდა. მარტო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რვეულები და საკანცელარიო ნივთები. წიგნები სკოლაში მოგვცეს. ჩემი შვილი წელს პირველ კლასში შევიდა. მეორე მეოთხე კლასშია. ორივეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა და სხვადასხვა ნივთი დასჭირდა. სულ 600 ლარამდე დავხარჯეთ. ძალიან ძვირი დაგვიჯდა ბავშვების სკოლისთვის მომზადება... სასურველია, სკოლაში ფორმა იყოს. მინიმალური შენაძენი + წიგნები - 500 ლარი დამიჯდა. სკოლაში ფორმები გვაქვს, წიგნებსაც გვირიგებენ. 200 ლარი მაქსიმუმ - ფეხსაცმელი, თეთრი ზედები, რვეულები, პასტები, ფანქრები, პენალი. ჩვენთან თეთრი ზედები და კაბები აცვიათ გოგონებს, ბიჭებს კი სადა შარვლები. ამიტომ იმდენი თეთრი ზედა დაგვიგროვდა, წელს აღარაფერი გვიყიდია, ჩანთებიც წინა წლის გვაქვს. ორი გოგონა მყავს. მხოლოდ ფეხსაცმელი და საკანცელარიო ნივთები ვუყიდე. სულ 250 ლარამდე დამიჯდა. სამი შვილი მყავს. მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასში სწავლობენ. წელს სამივეს დასჭირდა სხვადასხვა ნივთის და ტანსაცმლის ყიდვა, მათ შორის, ჩანთების და ფეხსაცმლის. სულ 900 ლარზე მეტი დამიჯდა სასკოლოდ მომზადება. ძალიან რთულია მრავალშვილიანი ოჯახისთვის სკოლისთვის მომზადება. 4 შვილი მყავს, ერთი ბაღში მივიყვანე და იმასაც დასჭირდა მომზადება. სასექტემბროდ ხელოვნურად გაზრდილი ფასებია ბაზრობებზე და ამიტომ, ზაფხულში წინასწარ ვცდილობ ხოლმე ვუყიდო პერანგები, ფეხსაცმელი, რადგან ვიცი, სექტემბერში იმავე ნივთში ორჯერ მეტს გადამახდევინებენ. კერძო სკოლაში დამყავს და ორი შვილის მხოლოდ სახელმძღვანელოები დამიჯდა 400 ლარი. არანორმალური ფასებია წიგნებზე. მე-7 კლასის წიგნებმა წელს რეკორდი მოხსნა, საოცარი ფასები დაუდიათ. ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ჩვენ, მომხმარებლებს რომ არ გვაქვს ამდენი შემოსავალი, მაგას არ ფიქრობენ.
თამარ იაკობაშვილი