ძალადობა ოჯახში და ფსიქოლოგიური პრობლემები - სწორედ აღნიშნულს ასახელებენ რუსთავის #5 სკოლაში მეექვსეკლასელის მიერ მასწავლებლების, მოსწავლეების, ასევე მშობლების შევიწროების განმაპირობებელ სავარაუდო მიზეზებად.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის #5 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელმა მოსწავლემ მუსიკის მასწავლებელი, ნანა წიქარიშვილი, კიბიდან დააგორა. როგორც დაზარალებული პედაგოგი mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, 11 წლის მოზარდმა მისი შევიწროება 2018 წლის სასწავლო წლიდან დაიწყო.
ნანა წიქარიშვილი:
„ამ ბავშვს და დედამისს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და მე მაგათ ვერ შევეჯიბრები. ხომ იცით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! ეგენი იქნებიან და მე უნდა მომკლან, ეგ აქვთ ჩაფიქრებული. დედამისი პირველი კლასის მასწავლებელს დახვდა, სცემა, ძლივს გადარჩა ის საცოდავი. მერე, მეორე კლასში ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. მერვე სკოლიდან გამოგდებულია. აქ გადმოსვლის შემდეგ დაწყებითების მასწავლებელს (ნანა კვეზერელს) გადაეკიდა, მე სულ მკოცნიდა, მეფერებოდა. თუმცა შარშან, სასწავლო წელი რომ დაიწყო, დამიწყო ჯღანვა, ენის გამოყოფა, სურათების გადაღება, საშინელ დღეში მაგდებდა, მანდატურმაც იცოდა, დედამისიც საქმის კურსში იყო. როგორ შეიძლება მეხუთეკლასელი ბავშვი მასწავლებელს დაეჯღანოს?! ვითმინე, ვითმინე და რომ ვეღარ მოვითმინე, გამოვედი მდგომარეობიდან და ცუდად გავხდი. ამას შეშინებია, ცუდად რომ გავხდი, აუტეხია წივილი, კივილი, დედამისს გადაურეკა, რომელიც პატრულთან ერთად მოვიდა. ამბობდა, ჩემი შვილი სცემეთო.
ამის შემდეგ გადამეკიდნენ. მათ ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც იყო. ერთხელ, ამ ბავშვს მამამ პულტი წაართვა, ბავშვი გავიდა გვერდზე ოთახში და პატრულს დაურეკა. დედას და მამას გარკვეული დროით განრიდება ჰქონდათ ოჯახიდან. ის ახლა მე დამინდობდა?! ყველგან სურათებს მიღებდა - დერეფანში, ასევე გაკვეთილის დროს შემოაღებდა კარს და მიღებდა ფოტოებს, ჩემი სახელით „ფეისბუქზე“ ოთხი ანგარიში გახსნა, ამიწრიალა ნათესავები, ახლობლები, ჩემი სახელით წერდა რაღაცებს.
მერე სახლის მისამართი გაიგო, დედა-შვილმა აქ მომაკითხა, ფანჯრიდან დამიძახეს, დამეჯღანნენ, გადაიხარხარეს, იცინეს და გაიქცნენ, ამას ხომ ფსიქოლოგიურად ატანა და გაძლება უნდა?!
სახლში სასწრაფოსაც მიგზავნიდა. ამ თვეში სამჯერ გამომიძახა სასწრაფო. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მას დედა ამოქმედებს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ეს დამტკიცებულია ფსიქოლოგების მიერაც, მუშაობს ამაზე ხალხი. მეც ვესაუბრე ფსიქოლოგს, ვიკითხე, რა ვქნა, როგორ დავიცვა თავი და რა გავაკეთო-მეთქი, ვერავინ ვერაფერი მირჩია. თვითონ მეუბნება, მე 11 წლის ვარ და ვერ დამსჯიანო“.
მე-6 კლასელის დედა ირწმუნება, რომ პირიქით, მაისში მის შვილს მიაყენა პედაგოგმა ფიზიკური შეურაცხყოფა და წიგნი ჩაარტყა თავში.
იხილეთ მეექვსეკლასელი გოგონასა და მისი დედის კომენტარი
Mshoblebi.ge რუსთავის #5 საჯაროს სკოლის ყოფილ დირექტორს, არსენ დემეტრაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გაშვების ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნული მოსწავლის დედის საჩივარი გახდა. ყოფილი დირექტორი გვიყვება, რომ მოზარდი აგრესიული იყო რიგი მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების მიმართ. არსენ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც სკოლა საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდება და რომ სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობაა საჭირო.
არსენ დემეტრაშვილი: ორი საჩივარი მიიღო სკოლამ და ამის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილი იყო, დირექტორი გაეთავისუფლებინა. მეორე საყვედური სწორედ ამ ბავშვის მშობელს ეკუთვნის. იცით როგორ არის? მისი შვილი ვიღაცას სცემს, მერე ეს გაიქცევა სამინისტროში საჩივარს წერს. მასწავლებელს, მშობელს ხან რას უგონებს, ხან რას. გარდა ამისა, გარშემო ყველას დევნიან. სამინისტრომ კი რატომღაც მხოლოდ ამ ქალის საჩივრით იმოქმედა და ამ ყველაფერს რომ მეორე მხარე ჰქონდა, სკოლა რომ ასეთ დღეში, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იყო და სკოლას დახმარება სჭირდებოდა, არ გაითვალისწინა.
სამინისტროს ვთხოვდი დახმარებას, ასევე სოციალურ სამსახურს, პოლიციას. პრემიერ-მინისტრის, განათლების მინისტრის, შს მინისტრის სახელზე, გენერალურ პროკურატურაში, ყველგან მაქვს დაწერილი თხოვნა თავის დროზე, გვიშველეთ, ამ პრობლემას სკოლა ვერ მოერევა. მოზარდს ხშირად ჰქონდა საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობა, მერხზე ადიოდა და მასწავლებელს, რომელიც ბოლოს კიბიდან დააგორა, 40 წუთის განმავლობაში გიჟს ეძახდა.
ბოლოს პედაგოგს წნევამ აუწია და წაიქცა. დღეში შეიძლება სამი კლასელი სცემოს. ამ ყველაფრის შესახებ განათლების სამინისტრომ იცოდა, დეტალურად მქონდა ინფორმაცია მიწოდებული, ყველა შემთხვევა მანდატურის სამსახურის მიერაა დაფიქსირებული.
დავუშვათ ბავშვებთან მოუვიდა კონფლიქტი, კლასელი სცემა და ვთქვათ, დაზარალებული ბავშვის მშობელმა საყვედური უთხრა, დამთავრებულია, ერთი კვირა ამ მშობელს ტელეფონზე ურეკავს, ყოველ ხუთ წუთში ზარებს უშვებს და სახლში ხან სასწრაფოს, ხან სახანძროს უგზავნის. ფსიქოლოგმა ბავშვთან რომ იმუშაოს და მის მუშაობას შედეგი მოჰყვეს, დედამ უნდა მიანდოს ფსიქოლოგს, როცა ფსიქოლოგი ბავშვს კითხვას უსვამს და ბავშვი დედას უყურებს თვალებში, რა პასუხი გასცეს, რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას?! ბავშვი წაიყვანო, ფსიქოლოგთან ატარო, მერე სახლში მივიდეს და იგივე მდგომარეობა დახვდეს, წივილი, კივილი - ასე არაფერი გამოვა“, - ამბობს არსენ დემეტრაშვილი.
რუსთავის #5 საჯარო სკოლაში მომხდარი შემთხვევის გამო აქცია გამართეს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, რომლებიც ამბობენ, რომ სკოლაში შვილების გაშვების ეშინიათ. დღეს საგაკვეთილო პროცესი აღნიშნულის გამო ნაწილობრივ ჩაიშალა, თუმცა როგორც სკოლის დირექტორმა, თამარ გოგაძემ mshoblebi.ge-ს უთხრა, აქცია უკვე დაიშალა, ხოლო ხვალიდან საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება:
„შეიძლება ვთქვათ, რომ აქცია დასრულებულია, ხოლო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჩართულია ყველა სტრუქტურა, რომლებიც ბავშვთა პრობლემებზე უნდა მუშაობდნენ. ხვალ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება. დღევანდელი პროცესი კი, ნაწილობრივად ჩაიშალა იმიტომ, რომ გაკვეთილებს მცირე რაოდენობის ბავშვები ესწრებოდნენ. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების უსაფრთხოება... ვნახოთ, რა დასკვნა დაიდება, სამართალდამცველები, მანდატურის სამსახური და სოციალური სამსახური რას გააკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ მათ დასკვნებს ველოდებით. პროცესს, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს“, - ამბობს რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი.