რა უნდა ისწავლებოდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, რამდენად საინტერესოა საგანი თანამედროვე ბავშვებისთვის, რომლებიც ასე თუ ისე, ხშირად უფროსებზე უკეთ ერკვევიან კომპიუტერსა და ინტერნეტში და რა პრაქტიკული უნარები უნდა მიიღონ ამ გაკვეთილზე.
ვებდიზაინერი მაია ლოლაძე 2011 წლიდან საჯარო და კერძო სკოლებში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ასწავლის. ბავშვების სიყვარულმა გადააწყვეტინა მასწავლებლობა და ამბობს, რომ საკუთარი თავი სწორედ ამ პროფესიაში იპოვა. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- რომელ კლასებს ასწავლით ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და რამდენად აკმაყოფილებს არსებული სახელმძღვანელოები მოთხოვნებს?
- მეხუთე-მეექვსე კლასებში შემოდის ისტ-ი. ამბობენ, რომ მეშვიდე და მეცხრე კლასებშიც შეიძლება შემოიტანონ ეს საგანი, თუმცა, ჯერჯერობით, სიახლე არაფერია. წელს გრიფირება ვერ გაიარა საგნის წიგნმა. ნინო ჯამასპიშვილის მიერ შედგენილი წიგნები ძალიან კარგი, სრულყოფილი იყო. მეხუთე კლასში მოსწავლეები სწავლობენ საოფისე პროგრამებს მომხმარებლის დონეზე ხოლო, მეექვსე კლასში შემოტანილი იყო HTML-ის ენა და მისი ბრძანებები, რომლის საშუალებითაც მცირე ვებგვერდებს აგებდნენ ბავშვები და მათთვის ეს ძალიან სახალისო იყო. ასევე სწავლობდნენ MS Word პროგრამაში კომენტარების ჩასმას, სანიშნოს გაკეთებას, სქოლიოს, სარჩევის შექმნას. ვფიქრობ ახლად შექმნილ სახელმძღვანელოებში მეტად უნდა გამრავალფეროვნდეს აღნიშნული მასალა და მეტი პრაქტიკული მაგალითებით შეივსოს.
- ეს ასაკი რამდენად შესაბამისია იმისათვის, რომ მსგავსი თემები და საკითხები ისწავლონ მოსწავლეებმა?
- პროგრამა დაძლევადია და კარგად მომყვებიან ბავშვები. ტექნოლოგიები ყველგან სჭირდებათ. მეხუთე-მეექვსე კლასელებს იმიტომ სჭირდებათ ამ საგნის სწავლა, რომ მათ ეწყებათ ღია გაკვეთილები, უწევთ სლაიდებთან და პროექტებთან მუშაობა, რასაც ამ საგნის ფარგლებში ვასწავლით. პროგრამულად მათთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. ნასწავლი გამოადგებათ მონაცემების მოძიებასა და მათ დამუშავებაში. როგორ ჩასვან ის MS Word ფაილში და ასევე თავად როგორ გაამრავალფეროვნონ საპრეზენტაციო პროგრამის (MS PowerPoint) დახმარებით.
- ზრდასრულ ადამიანებს, პედაგოგებსაც უჭირთ კომპიუტერთან მუშაობა, რისი ბრალია ეს და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა?
- უნდა მოხდეს მათი გადამზადება. სკოლაში მქონდა მასწავლებლებისთვის გამოყოფილი საათები და ვინც არ იცოდა კომპიუტერის გამოყენება, იარეს გარკვეული დროით და შეისწავლეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გვიწევს სილაბუსებისა და სხვადასხვა სახის ტესტის შედგენა, რაც ელექტრონულად ხდება.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომლის შვილიც კომპიუტერთან ზის, რომ ის ეცნობა სასარგებლო ინფორმაციას და დროს ტყუილად არ კარგავს?
- მშობლები ხშირად უნდა ამოწმებდნენ, რამდენ ხანს ზის ბავშვი კომპიუტერთან. მე ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ ვერ იგებენ რამდენ დროს კარგავენ კომპიუტერთან. ყოველთვის ვაფრთხილებ მათ, ჯანმრთელობაზე როგორ მოქმედებს, ვასწავლი მოსწავლეებს უსაფრთხოების წესებს, რომ პირადი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელონ ინტერნეტ სივრცეში, ვასწავლი არასაჭირო ინფორმაციისგან გაფილტვრას. ხშირად ვატარებთ გაკვეთილებს ონლაინ-უსაფრთხოებაზე და იციან ბავშვებმა, რა შეიძლება გათქვან და რა არა. რომ პაროლის გათქმა არ შეიძლება, ვესაუბრები, როგორ უნდა შეარჩიონ პაროლი, რომ არ უნდა იყოს ადვილად მისაწვდომი, არ უნდა იყოს მასში დაბადების წლები ან და-ძმის ან მშობლების სახელები ჩართული. ონლაინ, სახიფათო თამაშებზეც რამდენიმე ღია ლექციას დაესწრენ IT Academy Step Georgia, აღნიშნულ აკადემიაში სხვადასხვა დროს ასევე მოისმინეს ლექცია "კიბერ უსაფრთხოება“, "როგორ შევარჩიოთ პროფესია“, "რა უნდა ვისწავლოთ ჰაკერებისგან“, "რა არის კიბერბულინგი“. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ თითოეული ლექცია და თავიანთ თანატოლებს გაუზიარეს, რა მოისმინეს. გაიგეს, როგორ ხდება მათი დაშინება ონლაინთამაშების დროს, როგორ მუშაობენ ის პროგრამისტები, რომლებსაც ეს საიტები აქვთ დავალებული. შეიტყვეს, რომ თუ ონლაინ ჩაერთვებიან, არ შეეშინდეთ, აუცილებლად გაამხილონ და არ დამალონ. მშობელთა კრებაზეც ვაფრთხილებ მშობლებს, რომ იყვნენ ყურადღებით, დაინტერესდნენ ბავშვის საყვარელი საიტებით და პროგრამებით, თვითონ მშობლებმაც შეისწავლონ შემეცნებითი საიტები რომ შეძლონ ბავშვისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, დასჯის სახით არ გამოიყენონ ინტერნეტის ან ტექნიკის აკრძალვა, პირიქით დააბალანსონ დრო ინტერნეტში გაყვანილი შვილებთან ერთად სეირნობით ან სხვა ფიზიკური აქტივობით, მშობელს უნდა ჰქონდეს წვდომა, რას აკეთებს ბავშვი. მაგალითად შესთავაზოს, რომ აჩვენოს, რა ისწავლა იმ დღეს ისტ-ის გაკვეთილზე. ბავშვები იმდენად კარგად ითვისებენ საოფისე პროგრამებს, ხშირად მშობლებს მადლობაც უთქვამთ, ეს არ ვიცოდი და ჩემი შვილისგან ვისწავლეო.
ლია ხამხაძე 12 წელია ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ასწავლის სკოლაში. სხვადასხვა დროს მუშოაბდა ჟურნალების დიზაინსა და დაკაბადონებაზე, თუმცა შემდეგ მასწავლებლობა გადაწყვიტა. მოსწავლეებთან საკუთარ მიდგომებს გვიზიარებს და პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს მშობლებს:
- თავიდან თეორიული მასალაა, შემდეგ ნელ-ნელ გადავდივართ პრაქტიკულ მასალებზე და ძალიან მნიშვნელოვანია კეთებით სწავლება. იმიტომ, რომ თუ პრაქტიკულად არ გაკეთა მოსწავლემ გაკვეთილზე ახსნილი მასალა, ცოდნას მხოლოდ თეორიულად ვერ მიიღებენ. ამისათვის გვაქვს სიტუაციური ამოცანები, რომ მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენონ და ეს არ იყოს სწავლა მხოლოდ სწავლისთვის. მნიშვნელოვანია, სხვა საგნებთან ინტეგრაციაშიც მოახერხონ არსებული გამოცდილების გამოყენება. ეს არის საგანი, რომელიც ყველა საგანთან კავშირშია, დაწყებული დოკუმენტაციის შექმნით, დამთავრებული საპრეზენტაციო მასალით. ბავშვები საკმაოდ აქტიურად ამზადებენ პროექტებს, სჭირდებათ ვიდეოს ჩაწერა, მონტაჟი და მისი წარდგენა პრეზენტაციის სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ.
- კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა საჭიროა მსგავსი საგნის სწავლებ და რას მოიცავს?
- ბავშვებს ვასწავლით, სარგებელთან ერთად, რა საფრთხეებს შეიცავს კომპიუტერი. ძალიან კარგია საქმის გასაკეთებლად, საჭირო საკითხების სასწავლად, მაგრამ ამავდროულად არის საკმაოდ ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს მოზარდისთვის. მნიშვნელოვანია, ბავშვს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თუნდაც სოციალური ქსელი მისთვის მარტო მეგობრებთან ურთიერთობის წყარო არ არის და შეცავს გარკვეულ საფრთხეებს. სწავლობენ, როგორ აიმაღლონ მედიაწიგნიერების დონე. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რას ნიშნავს პლაგიატი. მომავალი თაობა გავზარდოთ ისე, რომ მათ უკვე ჰქონდეთ წარმოდგენა საავტორო უფლებებზე და დაიცვან წესები. გამოიყენონ ცოდნა პრეზენტაციების დროს და შეძლონ ადაპტაცია მომავალში, თავად მოუარონ საკუთარ მოწყობილობას და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რა ტიპის ტექნიკა შეარჩიონ კონკრეტული საქმისთვის.
- საოფისე პროგრამების გარდა, კიდევ რაზე აკეთებთ აქცენტს საგნის ფარგლებში?
- გარდა ამისა, აქცენტი გაკეთებულია ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, რომ თვითონ შეძლონ და შექმნან მაგალითად ანიმაციური ფილმი, პოსტერი, საინფორმაციო ბუკლეტი. გამოთქვან საკუთარი აზრი, როგორ შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა პრობლემა. არის ხოლმე მსგავსი აქტივობები, მაგალითად დედამიწის დღესთან დაკავშირებით და საგანი ამ ყველაფერთან ინტეგრაციაში ეხმარება ბავშვებს, რომ საკუთარი აზრი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ვიზუალურადაც გამოხატონ.
- ხშირად საუბრობენ, რომ ამ საუკუნეში ბავშვებმა კომპიუტერის გამოყენება კარგად იციან. თქვენი გადმოსახედიდან, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები როგორ ახერხებენ მსგავსი აქტივობების განხორციელებას?
- მეხუთე კლასიდან ნელ-ნელა ეჩვევიან, მაგრამ მეექვსე კლასში უკვე საკმაოდ აქტიურად მუშოაბენ იმავე თემებზე და პრაქტიკაშ გადააქვთ ნასწავლი. ჩვენს სკოლაში დამატებით მეშვიდე კლასშიც ისწავლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ეს სკოლის ინიციატივაა და არ არის გაწერილი საათობრივ ბადეში. ჩვენი ამოცანაა, რომ მივცეთ მოზარდებს პრაქტიკული გამოცდილება იმ კუთხით, რასთანაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ექნებათ შეხება.
- რას მოიაზრებს ონლაინ უსაფრთხოება და როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მოსწავლეებს ამის შესახებ?
- ძალიან კარგად მოქმედებს მსგავს შემთხვევებში სიტუაციური ამოცანები. ბავშვს ინსტრუქციის სახით რომ ეუბნები, ეს საფრთხეს წარმოადგენს-თქო, არ არის ეფექტური. შეიძლება იმ დროს ახსოვს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაავიწყდება. ამიტომ, სიტუაციური ამოცანები მომყავს ხოლმე და თავად აკეთებენ დასკვნებს, როგორ შეიძლებოდა პრობლემის გადაჭრა. მათაც ვაძლევ საშუალებას, გაიხსენონ მათი ცხოვრებიდან თუ ყოფილა მსგავსი პრობლემა და ამის შესახებ ისაუბრონ. ეს უფრო მეტად ამახსოვრდებათ ბავშვებს. როდესაც მეილთან კონტაქტი გვაქვს, ყველა მშობლისგან ვითხოვთ ნებართვას, გავუხსნათ თუ არა მათ შვილებს ელექტრონული ფოსტა. იმიტომ, რომ ამ ასაკში არ არის ნებადართული ჰქონდეთ მეილი და სოციალური ქსელი. აუცილებელია ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ნებისმიერი ადამიანის ინფორმაცია კონფიდენციალურია. როგორც სხვისი ჩანთიდან არ შეიძლება ნივთის ამოღება, ასევე არ შეიძლება მისი პირადი ინფორმაციის ნებართვის გარეშე ნახვა. ეს ქცევა მიუღებელია და გაიგივებულია ნივთიერ ხელყოფასთან. გარდა ამისა, საკმაოდ აქტუალურია სოციალური ქსელი. ზოგიერთი მშობელი დეტალურ ინფორმაციას ათავსებს შვილის შესახებ, რაც არ არის სასურველი. ნაკლებად ხედავენ თავად ამაში საფრთხეს. სოციალურ ქსელში შვილის შესახებ დეტალური ინფორმაციის დადება შეიძლება დამატებითი ინფორმაციის წყარო იყოს არაკეთილისმსურველებისთვის. ვფიქრობ, ამის შესახებ მშობლებთან შეხვედრაც საკმაოდ ნაყოფიერი იქნება იმიტომ, რომ შეიძლება ზოგიერთ მათგანს, ამ მხრივ, ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს. გვაქვს ინსტრუქციები ბავშვებთან, რომ უცხო ადამიანთან კომუნიკაციაში არ შევიდნენ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი მათი კეთილისმსურველი არ არის და შეიძლება ეს საკმაოდ ცუდ შედეგამდე მივიდეს. სახიფათო თამაშებთან დაკავშირებითაც უნდა ჰქონდეთ მათ ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი თამაშები და საკმაოდ ცუდი შედეგი აქვს. შეიძლება ემოციურად ბავშვისთვის ეს მძიმე იყოს, მაგრამ აუცილებელია ამ თემაზე მათთან საუბარი
- რა იქნება თქვენი, როგორც ისტ-ის მასწავლებლის, რჩევა მშობლებისა და ბავშვებისადმი?
- ძალიან ბევრი დაკავებული მშობელია და ბავშვები, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში მათ გარეშე არიან. საჭიროა დროის გაკონტროლება იმიტომ, რომ ვირტუალური სამყარო მიჩვევას იწვევს, მოზარდი ვეღარ აკონტროლებს, რამდენ ხანს უთმობს კომპიუტერს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ახერხებს მშობელი ბავშვის დროის გაკონტროლებას. ის რომ მოზარდი დაკავებული იყოს არა მარტო სწავლით, არამდე ფიზიკური აქტივობებით, დადიოდეს სხვადასხვა წრეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მისი დღის განრიგი ისე იქნება გაწერილი, რომ ფიზიკური აქტივობაც იყოს, სწავლაც და კომპიუტერით. მშობლებს რაღაც დოზით უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, რას აკეთებს მათი შვილი ვირტუალურ სამყაროში. საჭიროა, იცოდნენ, რომ შესძლებელია დაიბლოკოს გარკვეული ვებგვერდები და არ ჰქონდეთ მათ შვილებს წვდომა იმიტომ, რომ ბავშვი დაუცველია. არ ვიცით, რა ბმული შემოუვა, რაზე გადავა და რა ინფორმაცია დახვდება იქ. ამიტომ, ჩემი რჩევაა ჩავრთოთ ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში, საღამოს კი გვქონდეს წვდომა, კომპიუტერთან აკეთებს საჭირო საქმეს თუ სხვა რამითაა დაკავებული.
თამარ იაკობაშვილი