ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მშობლებმა დღეს ”ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის ზოგიერთმა მოსწავლემ მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება მიიღო.
გავრცელდა ანონიმური შეტყობინების ამსახველი ე.წ. სქრინშოტიც, სადაც ვკითხულობთ: ”მოგესალმები, მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა, ვიცი, ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი. მაშინაც გითვალთვალებ, როცა სკოლა მორჩება და მანდატურების ოთახში ხარ”.
ადამიანი კი, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, ყოველივეს ინტერნეტთამაშს უკავშირებდა.
”გაფრთხილებთ ყველას სასწრაფოდ!!!!დღეს მესამე სკოლაში ბავშვებმა მიიღეს ეს შეტყობინებები, გაავრცელეთ, რომ ეს ლურჯი ვეშაპის უბედურება კიდე არ გახდეს ვინმეს სიკვდილის მიზეზი!!! ყველას ვალდებულებაა გაზიარება და ბავშვებისთვის ინფორმაციის მოწოდება და მათი გაფრთხილება!!! ყველას გთხოვთ, ჩემო მეგობრებო, გააზიარეთ და მესამე სკოლის კონტიგენტთან ვისაც მიგიწვდებათ ხელი, მიიღეთ ზომები” - ნათქვამი იყო ”ფეისბუქ” პოსტში.
როგორც ქუთაისის მესამე საჯაროს სკოლის დირექტორმა, თეიმურაზ ჭაბუკიანმა, mshoblebi.ge-სთან საუბრისას თქვა, საგანგაშო არაფერია და ყოველივე ”მეხუთეკლასელთა ხუმრობას უკავშირდება, რომელთაც ცოტა ზედმეტი მოუვიდათ”.
თეიმურაზ ჭაბუკიანი: ”ეს ეხებათ მეხუთეკლასელებს. მეხუთეკლასელებმა დაიწყეს ხუმრობით და ცოტა ზედმეტი ხუმრობა გამოუვიდათ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მეხუთეკლასელები არიან და ყოველივე ცოტა ზედმეტ ხუმრობაში გადაეზარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლაში რაც შეგვეძლო მოვიკვლიეთ, მაგრამ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გადაგვეცა პოლიციისათვის, რათა რაიმე არ გამოგვპარვოდა. ახლა პოლიციაც იძიებს ამ საკითხს.
ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით კი, შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო არაფერია. ჩვენ სკოლის დონეზე რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ამასთან, არ დავკმაყოფილდით, მაინც გადავეცით პოლიციას, ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი დასრულებულია და საგანგაშო არაფერია, სკოლა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს”.