"ის ადამიანი მანახეთ, ვინც ეს სისულელე მოიფიქრა" შემდეგი სასწავლო წლიდან ძალაში ახალი კანონი შედის - პირველ კლასში სწავლას ვერ დაიწყებს ბავშვი, თუ სკოლის დაწყების დღეს ის უკვე 6 წლის არ არის. ამ სიახლემ მშობლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ძირითადად მათი, რომელთა შვილებსაც სწავლის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში უსრულდებათ 6 წელი.
სოფო ფიცხელაური ერთ-ერთი მათგანია. მისი ტყუპი გოგონები 6 წლის სკოლაში სწავლის დაწყებიდან 2 კვირაში ხდებიან. ამბობს, რომ მის შვილებს 1 წელი ტყუილად უცდებათ და აღნიშნული ინიციატივა ბავშვებს დააზარალებს, ვინაიდან ისინი სკოლაში მისასვლელად მზად არიან და დამატებითი ერთი წლის საბავშვო ბაღში გატარება მათ გონებრივ განვითარებას ხელს შეუშლის. "2 კვირის გამო მთელი წელი უნდა გაუცდეთ და დამატებით 1 წელი იარონ ბაღში. ისედაც ტანმაღალი ბავშვები არიან, გონებრივადაც საკმაოდ განვითარებულები, ბაღის ჯგუფში ახლაც კი გამოირჩევიან და იქითა წელს წარმომიდგენია რა იქნება.
მესმის, რომ რაღაც ზღვარი უნდა დაწესდეს და ისეთი ბავშვები, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხდებიან 6 წლისები, სკოლაში არ უნდა შეიყვანონ, მაგრამ 2 კვირაში რომ ხდებიან, ისეთები რატომ უნდა დარჩნენ გარეთ?
გამოდის, რომ პირველ კლასში ექვსის კი არა, 7 წლისები იქნებიან. თანაც, სწავლა 12 წლიანია და სკოლას 19 წლისები დაამთავრებენ. 19 წლის მოსწავლე ვის გაუგია?! 19 წლის მე უკვე მესამე კურსზე ვიყავი. ეს ინიციატივა ნამდვილად არ არის მისასალმებელი და იქნებ განათლების სამინისტროში შეცვალონ გადაწყვეტილება. იმ ბავშვებზე იფიქრონ, ვინც იჩაგრებიან",- ამბობს ფიცხელაური.
ნათია ვარსიმაშვილი (მშობელი): "ის ადამიანი მანახეთ, ვინც ეს სისულელე მოიფიქრა. ჩემი შვილი 25 სექტემბერსაა დაბადებული. ანუ, სკოლის დაწყებიდან 10 დღეში ხდება 6 წლის და ამის გამო 1 წელი კიდევ ბაღში უნდა იაროს? ბავშვმა ყველაფერი იცის - თვლაც, ასოების კითხვაც, ლექსებს თავისუფლად სწავლობს. "ბუკი" რომაა პირველკლასელების პროგრამა, სულ ზეპირად იცის.
თავადაც ერთი სული აქვს, როდის წავა სკოლაში. ბავშვი აშკარად ყველანაირად მზადაა ამისთვის - გონებრივადაც და ფიზიკურადაც და რატომ უნდა გაუცდეს ერთი წელი?! ჩემ გარშემო ყველა უზომოდ აღშფოთებულია."
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც სწორედ 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების გამოვლენას ეხებოდა, თუკი 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება არასავალდებულო ფორმით დარჩება, მშობლების უმრავლესობა ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ვერ გაუმკლავდება სწავლის პროცესში წარმოშობილ პრობლემებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ბავშვების სკოლისათვის მზაობას ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა ექსპერტები მშობლებისგან განსხვავებულად განსაზღვრავენ. ფსიქოლოგები ბავშვის სკოლისათვის მზაობაში აქცენტს აკეთებენ სოციალურ, ფსიქო-ემოციურ, ინტელექტუალურ მხარეზე.
კვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვების სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა გამოვლინდა.
"გასათვალისწინებელია ზოგადი თავისებურებები: ბავშვის ფიზიკური აგებულება. 5 წლის ბავშვის ხერხემალი არ არის მზად იმისთვის, რომ 35 წუთის განმავლობაში იჯდეს მერხზე გაჭიმული; ბავშვებში გახშირებული სქოლიოზი, სწორედ პატარა
ბავშვების ხანგრძლივად არასასურველ პოზაში ჯდომას უკავშირდება. "გარდა ამისა, 5 წლის ბავშვის კონცენტრაცია არ აღემატება 15 წუთს - მასწავლებლები ამ თავისებურებაზე ხშირად მიუთითებენ. მათი თქმით, 5 წლის ბავშვები კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ხშირად ეთიშებიან გაკვეთილის პროცესს.
5 წლის ბავშვს უფრო გამძაფრებული აქვს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. მასწავლებლების თქმით, ამ მხრივ ყველაზე აქტუალურია ჭამა და ძილი. ისინი მიუთითებენ, რომ 5 წლის ბავშვები გაკვეთილის განმავლობაში იწყებენ ჭამას, ან ეძინებათ,"- აღნიშნულია კვლევაში.
დასკვნის სახით კი ნათქვამია, რომ 5 წლის ბავშვები განვითარების დონით და კლასში წარმატებით, 6 წლის ბავშვებს თითქმის ყველა ასპექტში ჩამორჩებიან.
იგივეს ამბობენ განათლების სამინისტროიშიც და განმარტავენ, რომ კანონი აღარ შეიცვლება. სწორედ ჩატარებულ კვლევებს იშველიებენ და აცხადებენ, რომ 5 წლის ბავშვების აკადემიური მოსწრება ძალიან დაბალი იყო.
"იყო შემთხვევები, როცა ბავშვს გაკვეთილზე ეძინებოდა და სკამიდან ვარდებოდა. წლის ბოლოს კი ასეთი ბავშვების მშობლები სამინისტროს მომართავდნენ და ითხოვდნენ, რომ მათ შვილს პირველი კლასი ხელახლა გაევლო, რაც შეუძლებელია. მოგეხსენებათ, სკოლებში ვაუჩერული დაფინანსებაა და ორჯერ ერთისა და იმავე კლასის დაფინანსება ვერანაირად ვერ მოხერხდება.
"თანაც, ფიქსირდებოდა შემთხვევები, როცა დედებს ბავშვები სკოლაში შეჰყავდათ მაშინაც კი, როცა ბავშვს 6 წელი მომდევნო წელს აგვისტოში უსრულდებოდა. ანუ, 5 წელი ახალი შესრულებული ჰქონდა. ამიტომაც, ჯერ დადგინდა, რომ წელს, 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შესულიყვნენ ისეთი ბავშვები, რომელთაც 6 წელი იანვრამდე უსრულდებოდათ, მომდევნო წლისთვის კი კანონით სავალდებულოა, რომ სკოლის დაწყების დღეს ბავშვი უკვე იყოს 6 წლის",- გვითხრეს სამინისტროში და აქვე დასძინეს, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო იყო მეორე ქვეყანა, სადაც ამგვარი რამ დაშვებული იყო. დანარჩენ ქვეყნებში 6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანა აკრძალულია. გერმანიაში ეს ზღვარი 7 წლის ასაკამდეც კია გაზრდილი.
თაკო მათეშვილი
გაზეთი "რეზონანსი"