"22 წლის ასაკში დირექტორად დავინიშნე, ეს ნამდვილად არ იყო მარტივი..." - ახალგაზრდა დირექტორის გამოცდილება
"22 წლის ასაკში დირექტორად დავინიშნე, ეს ნამდვილად არ იყო მარტივი..." - ახალგაზრდა დირექტორის გამოცდილება
სალომე მაყაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია საქართველოში. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ 16 განსაკუთრებული მოსწავლე ჰყავს. 19 წლის ასაკში თბილისიდან მაღალმთიანი რაიონის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად წავიდა და 22 წლისას ხელმძღვანელობა ჩააბარეს. ახლა 27 წლისაა და გვიყვება, რა გამოწვევაა ასეთ ასაკში სკოლის დირექტორობა:

- თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, 19 წლის ასაკში წერაქვის საჯარო სკოლაში მივედი. ეს იყო საქმე,
რომელიც ყოველთვის მიყვარდა და მინდოდა, რომ მეკეთებინა. ბავშვების დამსახურებაა, პირველ რიგში ის რომ არასდროს მინანია პროფესიული არჩევანი. მოგესხენებათ ჩვენი სკოლა მაღალმთიან რაიონს ეკუთვნის და მცირეკონტიგენტიანია, მაშინ სულ 13 ბავშვი იყო და ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა მათ და სწორედ მაძლევდნენ სამსახურში წასვლის ძალიან დიდ მიზეზს მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა. 22 წლისამ აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო როგორც სკოლისთვის, ასევე ბავშვებისთვის, ამის შემდეგ არ ვიშურებ ძალისხმევას იმსითვის, რომ მათი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შევცვალო.

- რა გამოწვევების წინაშე დადექით, როცა 22 წლის ასაკში სკოლის დირექტორი გახდით?

- ვიყავი ძალიან მოტივირებული. შეგრძნება მქონდა, რომ მათ გამო მთებს გადავდგამდი. რა თქმა უნდა მეშინოდა კიდეც, ნამდვილად არ არის მარტივი, 22 წლის ახალგაზრდისთვის აიღოს
ამხელა პასუხისმგებლობა. მეშინოდა, რომ ვერ გავამართლებდი იმ ადამიანების მოლოდინებს, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა. საკმაოდ რთული იყო ჩემზე უფროს მასწავლებლებთან ურთიერთობა დირექტორის ამპლუაში. მარტივად მოვახერხეთ, რომ ვიმუშაოთ ერთად მშვიდ გარემოში, რადგან პირველ რიგში მინდა ვიმსახურებდე პატივისცემას და არა შიშს.

- ბავშვებმა როგორ აღიქვეს ახალგაზრდა დირექტორი?

- ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ. ვცდილობ ყოველ დილით შევეგებო მათ, როდესაც სიყვარულით აღსავსე თვალებით შემორბიან ჭიშკარში. დამიჯერეთ, შემდეგ მთელი დღე სკოლა პოზიტიური და ღიმილიანია. ჩვენს სკოლას პატარა სამოთხეს ვეძახი.

mshoblebi

- რა ხარვეზებს ხედავთ, ზოგადად, სკოლაში და რის გამოსწორებას ისურვებდით?

-მაღალმთიანი რაიონია და ძალიან რთული იყო გარკვეული საკითხების მოგვარება. წერაქვის საჯარო სკოლაში არ იყო ინტერნეტი, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევით შემოვიყვანეთ, გვიდგას უამრავი გამაძლიერებელი. შევიძინეთ კომპიუტერები, გავარემონტეთ სკოლა, ჩემი დანიშვნიდან პირველივე წელს, რამაც მოსწავლეებს შეუქმნა პირობა, ჰქონოდათ წვდომა დამატებით სასწავლო რესურსებთან ასევე იყო სხვა პრობლემებიც, ვთვლი, რომ სკოლაში ნებისმიერი ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება სკოლის დირექტორის ზუსტ და დროულ რეაგირებას. ჩვენს ხელში არის ძალა, რომლითაც შეგვიძლია ბავშვებს მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა გავიდნენ თავიანთი სოფლებიდან, ნახონ თავიანთი ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები, ინტეგრირდნენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან, და ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნონ, რომ ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანნი. რაც შეეხება რეფორმებს, რომელიც ახლა განათლების სისტემაში მიმდინარეობს, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ყველანაირ სიახლეს ძალიან დიდი მზაობით ხვდება და მიესალმება. მთავარია, ყველაფერი ეფექტიან სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გატარებულმა რეფორმებმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრება, გაიზარდა იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც სწავლას აგრძელებენ უმაღლეს სასწავლებლებში.
გათბობის პრობლემა დღემდე გვაქვს, სოფელში გაზი არ არის შემოყვანილი და ამის გამო გვიწევს შეშის ღუმელებით გათბობა. უცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო- შემეცნებით ექსკურსიებთან მარნეულის მუნიციპალიტეტი და საგანმანათლებლო რესურსცენტრი  გვიჭერს მხარს და ტრანსპორტის ხარჯებს გვინაზღაურებს. ამ შემთხვევაში ექსკურსიები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სასკოლო ექსკურსიების გარეშე მოსწავლეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გაეცნონ თავიანთ ქვეყანას.

- რას ფიქრობთ, როგორი ტიპის მასწავლებლები აღწევენ უფრო კარგ შედეგებს მოსწავლეებთან?

- უკეთეს შედეგებზე გადიან მასწავლებლები, რომლებიც არიან მაქსიმალურად მოტივირებულები, შემოქმედებითები, საინტერესოდ აქვთ დატვირთული საგაკვეთილო პროცესი, იყენებენ სხვადასხვა აქტივობას, სწავლებაში ჩართული აქვთ თამაშით სწავლების ელემენტები და მასწავლებლები, რომლებისთვისაც სწავლება არ არის ყოველდღიური მომაბეზრებელი რუტინა. ასევე,  მასწავლებლები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე. უნდა აღინიშნოს, რომ წერაქვის საჯარო სკოლის მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავებ თვითგანვითარებაზე. სკოლა კი ამაში ყველანაირად უწყობს ხელს.

mshoblebi

- მშობლები რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში და საყვედურით რამდენად ხშირად მოგმართავენ?

-ზოგადად დღევანდელი ჩვენი ცხოვრების სტილიდან და სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მშობელი ხშირად ვერ ახერხებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას. ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, შეხედულებების ფორმირებასა და სწორად განვითარებაში ძალიან დიდი როლი აქვს სკოლას მშობელთან ერთად და მე მივაღწიე იმას, რომ დღეს ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო საზოგადოებაში. ჩვენთან ვინც მოდის, ყველა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად თბილი, პოზიტიური და ფერადი გარემო გვაქვს შექმნილი.

- რა შეგიძლიათ სხვა სკოლის დირექტორებს უთხრათ, რომ მშობლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება შეინარჩუნონ?

-ძალიან ბევრი ბავშვისგან გამიგია, რომ ისინი სახეზეც კი არ ცნობენ თავიანთ დირექტორს. ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ბავშვებთან ახლო კონტაქტი ჰქონდეთ, მოისმინონ რა უჭირთ, რა აწუხებთ, დაადგინონ მათი საჭიროებები, ჩაატარონ ამის შესახებ გამოკითხვა, შევიდნენ გაკვეთილებზე, დასვენებაზე ბავშვებთან ერთად იყვნენ შეძლებისდაგვარად. ამ შემთხვევაში მოსწავლე ხვდება, რომ მასწავლებელი და დირექტორი "მისიანია", ამ შემთხვევაში კი ბავშვს კარგი დამოკიდებულება უყალიბდება დირექტორისა და მასწავლებლების მიმართ. მოსწავლეს, რომელსაც უხარია სკოლაში მისვლა მისი აკადემიური მოსწრება ბევრად მაღალია.

- რა მიდგომები გაქვთ როგორც ინგლისურის მასწავლებელს მოსწავლეებთან?

- სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ ელექტრო რესურსებს, ვიდეომასალებს, ასაკობრივად ვაწვდი ფილმებს, გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, რადგან ვთვლი, რომ თამაშით სწავლება ძალიან ეფექტიანია. ასევე ვიყენებთ როლურ თამაშებს, ეს ყველაფერი ძალიან ეხმარებათ ბავშვებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ლექსიკური ერთეულების დამუშავებაში. ვცდილობ გაკვეთილები არასდროს იყოს ერთფეროვანი, ჩემი უპირველესი მიზანია სასწავლო პროცესი ორიენტირებული იყოს მოსწავლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.

-ახლა 27 წლის ხართ, რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ და რისი გადალახვა შეძელით?

- პირველ რიგში ვფიქრობ, რომ როდესაც იღებ პასუხისმგებლობას იყო მასწავლებელი, თავადაც არასდროს უნდა შეწყვიტო განვითარება. ამ წლების განმავლობაში, დირექტორად მუშაობის პარალელლურად დავამთავრე მაგისტრატურა და ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე, ასევე გავხდი ტრენერი. გავიარე სხვადასხვა პროფესიული გადამზადების კურსი. ჩემი თავდაუზოგავი მცდელობა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა განპირობებულია ამით, რადგან ავიღე პასუხისმგებლობა პირველ რიგში მესწავლებინა ინგლისური, ვყოფილიყავი მმართველი და ამავდროულად მინდა, რომ ვიყო მისაბაძი, როგორც ერთი რიგითი თანამშრომელი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ მისი მოსწავლეები, მასწავლებლები და თანამშრომლები იყვნენ წარმატებულები და ბედნიერები.

თამარ იაკობაშვილი
2387
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?