უფროსი თაობის ადამიანების და მოზარდთა ინტერესები, მისწრაფებები, სურვილები, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც უთანხმოების, კონფლიქტის, გაუცხოების მიზეზი ხდება. უფროსებს მოზარდებში თითქმის არაფერი არ მოსწონთ და თითქმის ყველაფერს იწუნებენ.
ჩვენ ხშირად ვისმენთ უკმაყოფილო მშობლების ფრაზებს, მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ იდეალური მოზარდი, როგორ შვილებზე ოცნებობენ, მაგრამ იშვიათად ვეკითხებით ბავშვებს, რა სურთ სინამდვილეში, რატომ უნდებათ თუნდაც ვარდისფერ, იისფერ, თუ მეწამულ ფერებში თმის შეღებვა, რატომ უჩნდებათ სურვილი სკოლაში მაკიაჟით სიარულის, რატომ მოსწონთ, როცა თმას თავისი ხელით იჭრიან, ან წარბს სანახევროდ იპარსავენ.
Mshoblebi.ge-მ გადაწყვიტა გაეგო, თუ რას ფიქრობენ მოზარდები ამ საკითხებზე, რას ფიქრობენ უფროსების აკრძალვების მშესახებ და როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც რაღაცის გაკეთების ნებას არ რთავენ.
ბარბარე 15 წლის - წელს იმდენად არა, მაგრამ შარშან სკოლაში მოდაში იყო ფერადი თმა. მეც მინდოდა, ჩემს დაქალებს ჰქონდათ, ანუ მთლიანად კი არ შევიღებავდი, მარტო რაღაც ერთი პატარა ნაწილი მინდოდა, თან მალე გადადის, ალბათ, ერთი კვირა მექნებოდა. სახლში რომ ვთქვი, ყველა გაგიჟდა, მამა მეჩხუბა. მერე ოთახში ჩავიკეტე და მთელი ღამე ვტიროდი. მეორე დღეს დაქალმა ფული მომცა, სალონში წავედი და თმა მთლიანად გადავიპარსე. სახლში რა მითხრეს? არაფერი, მამაჩემმა შემომხედა და არაფერი არ უთქვამს საერთოდ. გამაკვირვა მისმა ქცევამ. სიმართლე რომ ვთქვა, რას გაიგებ? ისე, მერე მეც აღარ მომეწონა გადაპარსული თავი.
მათე 17 წლის - აუ, ეს ბიჭის და კიკინის თემა, აღარ დამთავრდა. ძაან მომწონს, მეც მაქვს. ანუ ვერ ვიგებ, რას ვაშავებ, კიკინით თუ დავდივარ. ბიჭი ხარ, კიკინა რად გინდა, მოგაძრობ მაგ თავსო, ერთი მასწავლებელი მეუბნება. ანუ იცი, როგორ არის? ამათ (უფროსებს) უნდათ, რომ ძველად როგორი ბავშვებიც იყვნენ, ისეთები ვიყოთ და რანაირად ვიქნები ეხლა ისეთი?! აუ, მაგარს გეტყვი, ფერადი წინდები მეცვა ამას წინათ, ხო იცი, ახლა როგორც არის მოდაში, ფერადი და რომ ჩანს ფეხსაცმელში, გრძელი წინდაა, მოკლე შარვალთან. აუ გადაირია ერთი მასწავლებელი, ეგეთს გაკვეთილზე არ გაგაჩერებო, არ გამოვუგდივარ გაკვეთილიდან, მაგრამ მკაცრად გამაფრთხილა, ასეთი აღარ დამენახოო, არადა, მოდაშია, ვიპრანჭები ბიჭი.
ლუკა 16 წლის - მე მგონია, რომ ცოტა შეზღუდვები საჭიროა. ანუ ჯერ ბავშვები ვართ და რაღაცები შეიძლება ისე არ გვესმის. მე ტატუს გაკეთება მინდოდა. კი ვერ ვიგებ კარგად, რატომ არ შეიძლება, მაგრამ ჯანდაბას, დაველოდები როდის გავხდები სრულწლოვანი. დედაჩემს ვცემ პატივს და არ მინდა ვანერვიულო, მან მითხრა, რომ არ მოეწონება თუ ახლა ტატუს გავიკეთებ და ჯერჯერობით ვუჯერებ. მე თვითონ ძაან არ მომწონს ჩემი კლასელი გოგოები როგორც დადიან, ანუ ზოგს ისეთი მაკიაჟი აქვს, ვერ მიხვდები მოსწავლეა თუ მასწავლებელი.
სესილი 17 წლის - სკოლაში მაკიაჟით დავდივარ და მინდა, რომ ამას არავინ მიშლიდეს. სახლში არაფერს მეუბნებიან, რადგანაც იციან, ასე რატომ ვიქცევი, მაგრამ მასწავლებლებს ვერ ვუძლებ. აუ, ანონიმურად დაწერთ ხო? ... მოკლედ, თქვენც იცით, მოზარდების პრობლემები, სახეზე გამონაყარი, აკნე და ა.შ. ამის გამო სკოლაში 13 წლიდან დამცინოდნენ, ბულინგია ეს, აბა რა არის? სკოლაში მისვლა აღარ მინდოდა. მერე, მკურნალობის პარალელურად, ასეთი გამოსავალი ვიპოვნე, ტონალურს ვიყენებ და ისეთ მაკიაჟს, რომ დეფექტები შეუმჩნეველი დარჩეს. ბავშვებისგან ბულინგს მირჩევნია ისევ მასწავლებელი მეჩხუბოს.
ლიზი, 14 წლის - პირსინგის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა ნამდვილი პირსინგი კი არა, ცხვირზე სტიკერის დაკვრაც ამიკრძალა. მაგრამ მაგარი რაღაც მოვიფიქრე, სახლიდან რომ გავდივარ, ცხვირზე სტიკერს დავიკრავ. მართლა მაგრად ჰგავს პირსინგს. მთავარია, ქუჩაში ვინმე ნათესავი არ შემხვდეს. უბრალოდ მომწონს და მინდა, რომ მქონდეს.
კატო, 15 წლის - შარშან მქონდა ნახევარი წარბი აპარსული, კლასელები ერთად ვიყავით და ყველამ გავიკეთეთ ასე. მერე ერთი სული მქონდა, როდის გაიზრდებოდა, მაგრამ იმ წუთას სხვებს რომ შევხედე, მეც მინდოდა გაკეთება. ნუ, დედა იმდენად არა, მაგრამ მამა ისტერიკაში იყო. ეს რა შვილი გავზარდეთ, ამის იმედი უნდა გვქონდეს? შენ მომკლავ მე, მარცხვენ და ეგეთ რაღაცებს მეუბნებოდა. მშობლებს უნდათ, რომ მათნაირები ვიყოთ. აზრი არ აქვს მათთან კამათს. მე არ ვეკამათები, ვუსმენ და მერე მაინც ისე ვიქცევი, როგორც მინდა.
ანუკი, 16 წლის -ისე მიყვარს მაკიაჟის გაკეთება საკუთარ თავზეც და სხვებზეც, სულ რაღაც ვიდეოებს ვუყურებ და ვსწავლობ. თან ერთი ბიჭი მომწონს, მეთორმეტეშია ის და მინდა, სულ ლამაზად გამოვიყურებოდე. ანუ ახლა ამას დედას ვერ გავაგებინებ. სკოლასთან რაღაც ადგილია, ფარული და იქ ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს, სახლში ვერა. ნუ ძაან ბევრ რაღაცებს არ ვისვამ, ანუ მასწავლებლები არაფერს მეუბნებიან. სხვა მხრივ, ვფიქრობ, ისეთი გატაცებები არ მაქვს, რითაც მშობლებს გავაბრაზებდი, არც ვცდილობ ამას. კარგი მოსწავლე ვარ და ტონალურს თუ წავისვამ ხოლმე, ამიტანონ.
შენიშვნა: ფოტოზე ჩვენ მიერ გამოკითხული მოზარდები არ არიან აღბეჭდილნი. მოზარდებს შეუძლიათ თავადაც გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები კომენტარების ველში.
ხატია ვარდოსანიძე