ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ სკოლაში შესვლამდე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ბავშვს. ასწავლიან წერას, კითხვას, ანგარიშს, უამრავ არასაბავშვო ლექსს, მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას აწვდიან. თუმცა ისმის კითხვა, არის თუ არა ასეთი დამოკიდებულება გამართლებული?
ასევე, არიან მშობლები, რომლებსაც ბაღში ბავშვის სიარული მიაჩნიათ აუცილებელ პირობად იმისთვის, რომ მოზარდმა სოციუმთან ურთიერთობა ისწავლოს.
Mshoblebi.ge შეეცადა დაწყებითი კლასების გამოცდილი პედაგოგებისგან მიეღო პასუხები იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომელიც პირველ კლასში შედის, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მას და როგორ უნდა აღვზარდოთ ისე, რომ სკოლასთან ადაპტირებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი მეგი გუმბერიძე mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ როცა ბავშვი სკოლაში შეგვყავს, ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მას სოციალური უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ.
პედაგოგი გვეუბნება, რომ ზოგიერთი მშობელი ბავშვს საკუთარი ნივთის განათხოვრებასაც კი უკრძალავს, რაც მასწავლებლის აზრით, არასწორი მიდგომაა, რადგანაც რეალურად, ყოველივე ხელს უშლის მოზარდში თანამშრომლობითი უნარის გამომუშავებას, ეს უკანასკნელი კი, სასწავლო პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია.
მეგი გუმბერიძე: ”სკოლაში წასვლის პირველი წელი რთული და გარდამავალი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. მთლიანად იცვლება მისი ცხოვრების წესი, ადგილი საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემაში, იზრდება ფსიქო-ემოციური დატვირთვა.
მშობლები იმდენად ცოდნაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებულნი, რამდენადაც უნარების გამომუშავებაზე. მნიშვნელოვანია ისეთი უნარების გამომუშავება, როგორებიცაა ნებისყოფა, მოთმინება, ემპათია, ნივთის გაზიარება. ზოგიერთი მშობელი ბავშვს ასწავლის, რომ ნივთი კლასელს არ ათხოვოს, ეს არასწორია, ასე ხელი ეშლება თანამშრომლობითი უნარების გამომუშავებას, რაც სასკოლო მუშაობისთვის აუცილებელია. რაც მთავარია, როცა ბავშვი პირველ კლასში შედის, ის პოზიტიურად უნდა განვაწყოთ, უნდა აცნობიერებდეს სწავლის მნიშვნელობას, იყოს ცნობისმოყვარე და მოტივირებული.
ბავშვი, რომელიც პირველად მიდის სკოლაში, ხვდება ბავშვებისა და პედაგოგების ახალ კოლექტივს. მან უნდა დაამყაროს კონტაქტი თანატოლებთან და პედაგოგებთან, ისწავლოს სასკოლო დისციპლინის მოთხოვნების შესრულება, განახორციელოს სასკოლო საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ვალდებულებები.
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ყველა ბავშვი ამისთვის მზად არ არის და პირველ ეტაპზე, მათ უძნელდებათ ქცევის წესების გათავისება. სასკოლო მზაობა არ ნიშნავს წერა-კითხვის ცოდნას.
სასკოლო ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად თავის მოვლა და საჭირო ჰიგიენური პროცედურების ჩატარება. სოციალური და ემოციური მზაობა ნიშნავს, ბავშვს შეეძლოს საკუთარი ემოციების გამომჟღავნება, აღქმა და გამოხატვა იმისა, თუ რა სწყინს, რა უხარია და ა.შ. მნიშვნელოვანია ინიციატივიანობა ბავშვის მხრიდან, მას უნდა ჰყავდეს ერთი მეგობარი მაინც და მზად იყოს სოციალური ურთიერთობებისთვის.
სკოლამდელი ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს მეტი მოძრაობისა და თამაშის საშუალება იმიტომ, რომ ეს კავშირშია შემეცნებითი უნარების განვითარებასთან. ადრეულ ასაკში თამაშია წამყვანი მოტივი. თამაშის დროს ბავშვებს უვითარდებათ მსხვილი და წვრილი მოტორიკა, კოორდინაცია; თამაში ხელს უწყობს ბავშვის შემეცნებით განვითარებას და ავითარებს მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარებს.
შემეცნების თვალსაზრისით, კარგია, ლექსების სწავლა, რაც ხელს შეუწყობს მეხსიერების განვითარებას, სიტყვათა მარაგის გამდიდრებას, მაგრამ ლექსი უნდა იყოს სახალისო, რიტმული და ბავშვის ასაკის შესაბამისი. იმაზე, რაც ბავშვს აინტერესებს, მაგალითად, ცხოველებზე, წელიწადის დროებზე. როცა ლექსში მოცემული სიტყვები ბავშვისთვის გაუგებარია, ასეთი სწავლება მისთვის არაფრის მომცემი იქნება.
მნიშვნელოვანი და წამყვანია თამაშით სწავლება. რომელიც მორგებული იქნება ბავშვის ინტერესებს. ეს სახალისოა და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს უნარ-ჩვევების განვითარებას.
ძალიან კარგია სასკოლო გარემოს გაცნობა სწავლის დაწყებამდე. ზოგიერთი სკოლა აძლევს მოზარდს და მის მშობელს ამის საშუალებას და თუ ეს პრაქტიკა აქტიურად და გეგმაზომიერად დაინერგება, მოსწავლეს მეტად გაუადვილდება სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტირება”.
Mshoblebi.ge-სთან საუბრისას დაწყებითი კლასების კიდევ ერთი მასწავლებელი, ნინო სვანიძეც ამბობს, რომ მთავარია სკოლაში შესვლისას ბავშვს სოციალური უნარები ჰქონდეს გამომუშავებული. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოზარდს შეეძლოს მოსმენა. ის მშობლებს ურჩევს, რომ წაუკითხონ ბავშვებს ზღაპრები, საბავშვო ლექსები, საბავშვო ჟურნალები და მაქსიმალურად ეცადონ, რომ მოარიდონ კომპიუტერულ თამაშებს.
”არ მომწონს, როცა ბავშვმა სკოლაში შესვლამდე იცის წერა-კითხვა, ანგარიში და ა.შ. ვფიქრობ, ბავშვს უნდა ვაცადოთ ბავშვობა, მივცეთ მას საშუალება იმისა, რომ აკეთოს ის, რაც მოსწონს, ანუ ითამაშოს თანატოლებთან ერთად. ეს დაეხმარება სოციალური უნარების განვითარებაში, რაც ვფიქრობ, ყველაზე მეტად სჭირდება სკოლასთან, ახალ გარემოსთან ადაპტირებისთვის.
მას არ უნდა უჭირდეს ბავშვებთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი მარტივად ყალიბდება და-ძმებთან, ნათესავ-ახლობლებთან ურთიერთობისას, ან ეზოში თამაშის დროს. ბავშვს უნდა შეეძლოს მოსმენა, იცოდეს საბავშვო ლექსები,ზღაპრები, საბავშვო თამაშები.
მშობლებს ვურჩევ, მაქსიმალურად მოარიდონ მოზარდი კომპიუტერულ; თამაშებს. ვირტუალური სამყარო ბავშვს რეალური ურთიერთობებისთვის უფრო ჩაკეტილს ხდის და შემდეგ უჭირს სოციუმთან ადაპტირება.
ყველაზე დიდი აუცილებლობა მგონია ის, რომ ბავშვი გრძნობდეს მშობლის გვერდით ყოფნას. თუ მშობელი ვერ ახერხებს საბავშვო ბაღში ატაროს შვილი, არ ვთვლი ამას პრობლემად და არ მიმაჩნია, რომ საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელია. სოციალურ უნარებს მოზარდი საბავშვო ბაღის გარეშეც გამოიმუშავებს, თუ ის იზრდება თბილ ოჯახურ გარემოში, თუ ერთ თანატოლთან, თუნდაც ეზოში მაინც აქვს ურთიერთობა, თუ თამაშობს საბავშვო თამაშებს”, - გვეუბნება ნინო სვანიძე.
ხატია ვარდოსანიძე