”ავადმყოფობის გამო სკოლის გაცდენა საპატიო არ არის”, - ამის შესახებ mshoblebi.ge-ს 61-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ღუდუშაურმა უთხრა.
საჯარო სკოლებში გაცდენასთან დაკავშირებული რეგულაციები ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი, თუმცა ბევრმა მოზარდმა და მშობელმა ამის შესახებ ბევრი რამ არ იცის. მაგალითად, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაცდენა საპატიოდ, ან რა რაოდენობის საათის გაცდენის შემდეგ მოუწევს მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება და. ა. შ.
Mshoblebi.ge სკოლაში გაცდენების საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ-ერთმა მშობელმა გააპროსტესტა არსებული წესები. მშობელი ”ფეისბუქში” წერდა, რომ გაცდენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გამო, მოსწავლეები გაკვეთილებზე ვირუსით დაინფიცირებულები სხედან, რადგანაც ავად ყოფნა საპატიო მიზეზად აღარ ითვლება და ბავშვებს ”არების” ეშინიათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ეს წესები ახალი არ არის და ჯერ კიდევ ალექსანდრე ლომაიას მინისტრობის დროს შემოიღეს.
გაცდენებთან დაკავშირებული წესების განმარტება, 61-ე სკოლის დირექტორს, შორენა ღუდუშაურს ვთხოვეთ. დირექტორის თქმით, თუ ბავშვი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გახდება ავად და საბოლოოდ, საგანში საათების 30%-ს გააცდენს, მას მოუწევს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა მოზარდი ავად ყოფნის გამო გააცდენს სკოლას, თუ რაიმე სხვა საპატიო-არასაპატიო მიზეზით, ”არა” ყველა შემთხვევაში დაეწერება.
შორენა ღუდუშაური: ვირუსის გამო, ავად ყოფნის გამო გაცდენა საპატიოდ ნამდვილად არ ითვლება, ”არები” ეწერება ჩვეულებრივად. სკოლა სთხოვს ინფორმაციას მშობლებს, თუ რატომ არ არის ბავშვი, ვითხოვთ სამედიცინო ცნობას, ინფორმაციისთვის და ასევე იმისთვის, რომ მოსწავლეს გაცდენილი შემაჯამებელი დავალების დაწერის საშუალება მიეცეს, მაგრამ ”არები” ეწერება ყველა შემთხვევაში.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 30%-ზე ნაკლები აქვთ გაცდენილი და გაუცდათ შემაჯამებელი დავალება, აქვთ შესაძლებლობა, რომ შეასრულონ ეს დავალება.
როდესაც ბავშვი აცდენს, მაგალითად, ავად არის ერთი კვირის განმავლობაში და იმ დროს არის გარკვეული შემაჯამებლები, მოსწავლეს ეძლევა შანსი, რომ დაწეროს ეს შემაჯამებელი მაშინ, როცა სკოლაში დაბრუნდება.
თუ მოსწავლეს სტაციონარული მკურნალობის საჭიროება აქვს, ერთი თვე, ან მეტი, ამ შემთხვევაში შინ სწავლების რეჟიმზე გადადის და მას გაცდენად ეს პერიოდი ვერ ჩაეთვლება, რადგანაც შინ ჩაუტარდება გაკვეთილები. საგნის მასწავლებლები მიდიან, შესაბამისი ბრძანებით ინიშნება სწავლების დღეები, საათების რაოდენობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ცნობა იმის შესახებ, რომ მოსწავლეს ერთი თვე, ან უფრო მეტი, სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.
ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების წესი ვრცელდება ყველა მოსწავლეზე, გარდა დაწყებითების საფეხურის მოსწავლეებისა. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების შემთხვევაში მასწავლებელი წყვეტს გაცდენების დაძლევის შესაძლებლობას.
თუ მოსწავლე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს და ამის გამო აცდენს, აქვს უფლება, წარმოადგინოს ცნობა, რომ ის მონაწილეობდა ამ კონკურსზე, ამ შემთხვევაში, საპატიოდ ეთვლება გაცდენილი საათები”.
რა წერია გაცდენებთან დაკავშირებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში?
1. რა შემთხვევაში მიმართავს სკოლა შინ სწავლების მეთოდს?
სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე”, - ვკითხულობთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლეს, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან აღარ მოუწევს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება.
რა შემთხვევაში მოუწევს მოსწავლეს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე, მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30% და მეტი, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება. ეს წესი ვრცელდება როგორ ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან საჯარო სკოლებზე.
რა შემთხვევაში არ მოუწევს მოსწავლეს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება?
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, რომ თუკი მოსწავლეს ჩაუტარდა შემაჯამებელი დავალება გაცდენილ დღეებზე, მას არ მოუწევს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა კი, სასკოლო სასწავლო გეგმით განისაზღვრება.
რა ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შემთხვევაში?
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების განრიგს, რომლის სსსმ მოსწავლე შინ ისწავლის.
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს (შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ 1 გაკვეთილის ჩატარებას. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.
რეგულაციები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებში
რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გამოცდის ჩაბარების გაუვრცელებლობის შესახებ.
ხატია ვარდოსანიძე