შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. სკოლაში რვა მოსწავლე სწავლობდა.
სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური ამბობს, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჰესი ავარიულ მდგომარეობაშია, გაჩერებულია და მთელი კვირების განმავლობაში ელექტროენერგია არ მოგვეწოდებოდა. სარემონტო სამუშაოებს ატარებენ და დღეს, როგორც ჩანს, ჩართეს, რის შედეგადაც ქსელში ძაბვამ მოიმატა. ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა და ხის შენობას მოედო. რა გვეშველება, არ ვიცი“, – ამბობს reginfo-სთან სკოლის დირექტორი.
შატილის სკოლა-პანსიონი 2005 წელს აშენდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს უკვე მესამე ხანძარია სკოლისთვის. "არადა, ცოტა ხნის წინ გარემონტდა. ახლა ვესაუბრე მიხა ექიმს, მიხეილ ჭინჭარაულს: ასე 3 საათზე გაჩნდა ხანძარი და უცებ ჩაიფერფლაო შენობა... ვარაუდობენ, რომ მოკლე ჩართვა მოხდა. საბედნიეროდ, გაკვეთილები დამთავრებული იყო, შენობაში შიგნით არავინ იყო და არავინ დაზარალებულა. შატილის სკოლა ხანძრის შემდეგ 2007 წელს გაიხსნა და წელს გარემონტდა" - წერს ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი.
შატილის სკოლა-პანსიონი ერთადერთი სკოლა იყო პირიქითა ხევსურეთში და ხეობის რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურებოდა. ამ შენობის მეორე სართულზე ფუნქციონირებდა პანსიონი, სადაც მიღმახეველი ბავშვები შაბათ-კვირამდე რჩებოდნენ.