მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. თაობების სწორად აღზრდა, მოზარდთა ნიჭის სწორი მიმართულებით განვითარება, მშობლებთან ერთად, და კიდევ ბევრი რამ არის სწორედ მათი პასუხისმგებლობა.
განათლების სისტემაში, სასკოლო რეფორმებში ჩართული ადამიანებისგან ხშირად მოისმენთ ფრაზას, სკოლა უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლეს მისვლა უხარია, თუმცა რეალურად, როგორც მოსწავლეთა ნაწილი ამბობს, ასე არ არის.
ბევრი იდეალური მასწავლებლის გვერდით, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომელთა გაკვეთილებიც მოსწავლეებს რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ. ზოგიერთი მოზარდი გაკვეთილების გასაცდენად მუცლის ტკივილს და ჯანმრთელობის სხვა გართულებებს იგონებს.
წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნებში, განათლების დარგში მომუშავე სპეციალისტები, ხშირად აღნიშნავენ, რომ ითვალისწინებენ მოსწავლეთა აზრებს, რათა სწავლება მაქსიმალურად მოარგონ ბავშვის ინტერესებს. სწორედ ასე ხსნიან საგანმანათლებლო სისტემის წარმატების საიდუმლოს.
ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორი მასწავლებლები სურთ სკოლის მოსწავლეებს. მოზარდებისგან საინტერესო, სახალისო და რა თქმა უნდა, ყველაზე გულწრფელი პასუხები მოვისმინეთ:
როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს?
ლიზი, მე-11 კლასის მოსწავლე
”კარგი მოსწავლე ვარ და თუ გაკვეთილები ვერ მოვამზადე, ე.ი. რაღაც პრობლემა მქონდა. მინდა, მყავდეს მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილების მიღმა ცხოვრებით დაინტერესდება, მკითხავს ცალკე და არა მთელი კლასის თანდასწრებით, რა მოხდა, რა პრობლემა მაქვს, რაღაც ცხოვრებისეულ რჩევას მომცემს. მყავს ასეთი მასწავლებლები, მაგრამ ძალიან ცოტა.”
ანასტასია, მე-3 კლასის მოსწავლე
”როგორი მასწავლებელი მინდა რომ მყავდეს? რომ მასწავლოს, მაგრამ ცოტა რომ ვიცელქო კიდეც. ჩემი მასწავლებელი მეუბნება, მოუსვენარი ხარო, ხანდახან ძალიან ვაბრაზებ, მაგრამ რომ მომეწყინება, ვერ ვჩერდები გაკვეთილზე, თამაში მინდა და რომ ვიხტუნებ, ან ვირბენ, მინდა არ დამიშალოს მასწავლებელმა”.
თორნიკე, მე-9 კლასის მოსწავლე
”კარგი იქნებოდა, მარტო იმ საგნებს ვსწავლობდე, რომლებიც მაინტერესებს და მაგალითად, ფიზიკის მასწავლებელი, არ მთხოვდეს განსაკუთრებულ უნარებს ამ საგანში. ანუ მინდა ესმოდეთ მასწავლებლებს, რა არის მოსწავლისთვის მთავარი, რა აინტერესებს. მე ისტორია რომ მაინტერესებს და ეს ფიზიკა ნევროზს მკიდებს, დამანებოს რა თავი ამ მასწავლებელმა, ვისწავლი იმ საგანს, რომელიც მომწონს”.
ნიცა, მე-7 კლასის მოსწავლე
”მინდა, რომ მყავდეს მასწავლებელი, რომელიც მასწავლის კარგად, კარგად ამიხსნის და რომ ვერ გავიგებ, კიდევ ამიხსნის. მათემატიკაში როცა ვერ გავიგე, მეორედ კი ამიხსნა, მარა ისევ ვერ გავიგე, მერე აღარ ამიხსნა. მერე ჩამოვრჩი. ანუ მინდა, რომ კარგად მიხსნიდეს, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ამიხსნას”.
თამარი, მე-3 კლასის მოსწავლე
”სალომე მასწავლებელი რომ არის, ისეთი მინდა, სხვანაირი არა. მეფერება, მეც ვეხუტები ხოლმე. ვუთხარი, სახლში წამომყევი-თქო, მაგრამ მასაც თურმე ბავშვი ჰყავს სახლში და ვერ მოდის ჩემთან”.
მარიამი, მე-12 კლასის მოსწავლე
”მასწავლებელი სიახლეების გაგებას უნდა ცდილობდეს, თვითონაც სულ ახალ რაღაცას უნდა სწავლობდეს, რომ შემდეგ ჩვენ გვასწავლოს. უნდა დაგაინტერესოს საგნით, საინტერესოდ უნდა გესაუბროს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, ძალიან არ მომწონდა მათემატიკა, გაკვეთილზე შესვლა მეზიზღებოდა, მერე მასწავლებელი შემეცვალა და აღმოჩნდა, რომ პირიქით, ძალიან საინტერესო საგანია. ახლა ვაპირებ რომ პროფესიად ისეთი რამე ავირჩიო, რომელიც მათემატიკის კარგად შესწავლის საშუალებას მომცემს”.
ბექა, მე-10 კლასის მოსწავლე
”ტვინს რომ არ ბურღავდეს, ეგეთი მასწავლებელი მინდა. დაიწყებენ, ეს რატომ არ ისწავლე, ის რატომ არ ისწავლე. აი, გაკვეთილებს რომ არ მეკითხებოდნენ, გოგოების წინაშე დებილს არ მეძახდნენ და არ მეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ, ვიტყოდი, რომ იდეალურები არიან, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე.”
ნინა, მე-10 კლასის მოსწავლე
”ჩემი ქართულის მასწავლებელია იდეალური. მინდა სულ მის გვერდით ვიყო, ხანდახან ვნატრობ, დედაჩემი იყოს. მისგან არა მხოლოდ ლიტერატურას და გრამატიკას ვსწავლობ, არამედ ადამიანობას, ყველაფერში სამაგალითოა - როგორც მასწავლებელი, როგორც დედა, როგორც მეგობარი, ყოველთვის ინტერესდება ჩემი მდგომარეობით, არა მარტო ჩემით, ყველა მოსწავლის, გვესაუბრება ჩვენს დარდზე, წუხილზე, სიხარულზე და ბავშვებიც იცი როგორ ვართ? როცა რამე გვიხარია, ვწუხვართ, პირველ რიგში, მასთან მივდივართ და ვუყვებით. ანუ ის არ არის მხოლოდ ”შუშანიკის წამების” მასწავლებელი, ის ცხოვრების მასწავლებელია. კარგი იქნებოდა, სხვებიც მას ჰგავდნენ”.
ქეთო, მე-2 კლასის მოსწავლე
”მინდა იყოს კეთილი, ხანდახან თამაშის უფლება მომცეს, რომ ავდგები სკამიდან და სიარულს დავიწყებ, არ მითხრას დაჯექიო”.
მარიამი, მე-2 კლასის მოსწავლე
”ყველაზე მეტად მინდა, რომ არ ყვიროდეს. ხანდახან სიმღერა მინდება და რომ არ დამიშალოს, დაბალ ხმაზე რომ ვიმღერო”.
ნიტა, მე-4 კლასის მოსწავლე
”მინდა, უფრო ხშირად დამახატვინოს, ხანდახან რომ დავიძინო ხოლმე და არ გაბრაზდეს, სიმღერები ჩართოს, მულტფილმებს გვაყურებინოს, ეგეთი მასწავლებელი მინდა.”
შენიშვნა: ფოტოებზე არ არიან აღბეჭდილნი ჩვენ მიერ გამოკითხული მოზარდები.
ავტორი: ხატია ვარდოსანიძე