შოთა ბერიძე კომაროვის სკოლა-პანსიონის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. სკოლაში ის წელს ჩაირიცხა, მანამდე კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ჰყავს უფროსი და, 16 წლის და ორი პატარა ძმა, რომლებიც ბაღის ასაკის არიან, ამასთან, შოთას დედა ორსულადაა და ოჯახში მეხუთე შვილს ელოდებიან.
თავდაპირველად, მოზარდი კომაროვის საშაბათო სკოლაში სწავლობდა და კვირაში ერთხელ გარდაბნიდან თბილისში დადიოდა, ასევე თბილისში დადიოდა რობოტექნიკის შესასწავლადაც და ამ დარგისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა. მის მიერ შექმნილმა რობოტმა ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 80 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მოიპოვა.
მე-7 კლასელი შოთა კომაროვის პანსიონში, ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თავიდან მარტო ცხოვრება გაუჭირდა, თუმცა ახლა ისე მოსწონს, რომ სახლში დაბრუნება აღარ უნდა ხოლმე. შოთა გვეუბნება, რომ თავიდან რობოტებს ბოთლებისგან აწყობდა, ხოლო შემდეგ, ამ საქმეში ელექტროობაც გამოიყენა.
შოთა ბერიძე:
- როცა პატარა ვიყავი, ბოთლებისგან და ეგეთი რაღაცებისგან ვაკეთებდი რობოტებს და მრავალ რამეს და შემდეგ გადავერთე ელექტროობაზე, ანუ ელექტროობა ჩავრიე ამ ყველაფერში და რაღაც გამომივიდა. მერე მივედი რობოტიკსის კლუბში და იქ დავიწყე უკვე რობოტების აწყობის სწავლა. რამდენიმე თვეში წავედით ოლიმპიადაზე ჯერ თურქეთში, შემდეგ კი, ამერიკაში. მე რობოტი ლეგოებით ავაწყვე. თავისი მუხლუხოები აქვს, რომლის საშუალებითაც გადაადგილდება და პულტით იმართება, აქვს თავისი ხელი, რომელსაც შეუძლია აიღოს საგანი და გადაადგილოს სხვა ადგილას. ყველაფერს პულტით ვმართავთ.
რობოტიკის გარდა მათემატიკა ფიზიკა და პროგრამირება მაინტერესებს. ძირითადად ტექნიკური საგნები მიყვარს.
თავისუფალ დროს ან ვკითხულობ, ან ვთამაშობ, მაგრამ ასეთი დრო იშვიათად მრჩება. მომავალში ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელება, თუ მოვახერხებ პროგრამისტობა მინდა, თუ არადა, ბიზნესისკენ წავალ.
მარტო ცხოვრება შეჩვევაზე იყო, პირველი ორი კვირა გამიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე სულ აქეთ მინდა ყოფნა და აღარ მინდა ხოლმე სახლში. ანუ იცით როგორ არის? როცა სახლში ვარ, მაშინ სახლში მინდა, მაგრამ სკოლაში რომ ვარ უკვე, მერე სახლში აღარ მინდა ხოლმე.
mshoblebi.ge შოთას დედას ეკო ბეროშვილს ესაუბრა. მისი თქმით, შოთას მათემატიკის ნიჭის გარდა, სიმღერის ნიჭიც აქვს, მღერის ხალხურ სიმღერებს, ამავდროულად, პატარა ძმების გაზრდაშიც აქტიურად მონაწილეობდა თბილისში წამოსვლამდე.
ეკო ბეროშვილი:
- მშობლისთვის ძალიან ძნელია ბავშვის ასეთ პატარა ასაკში გაშვება, ოჯახს მოწყვეტა. ის ახლა კომაროვის პანსიონში ცხოვრობს. მეხუთე კლასიდან გამოავლინა მათემატიკური ნიჭი. შევატყვეთ, რომ შეეძლო ამ საგნის კარგად სწავლა და მივიყვანეთ კომაროვის საშაბათე სკოლაში. იქ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. კვირაში ერთი დღე ჰქონდა მეცადინეობა და გარდაბნიდან დაგვყავდა. უკვე წლის ბოლოს პედაგოგმა გვითხრა, რომ ძალიან წარმატებულია და ჯობია, რომ კომაროვში ისწავლოსო. პირველივე გამოცდაზე უმაღლესი ქულა მიიღო, შემდეგ მოუწია ამერიკაში წასვლა, რადგანაც პარალელურად რობოტექნიკაზე დამყავდა და ამერიკაში რობოტექნიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წაიყვანეს. როდესაც ამერიკიდან დაბრუნდა, კვლავ ჩააბარა კომაროვში მისაღები გამოცდა, ისევ მაქსიმალური ქულა მიიღო და ჩაირიცხა.
- როგორი ბავშვია, მხოლოდ წიგნები და სწავლაა მისი საქმიანობა, თუ ხანდახან გართობაც უყვარს? - კი გართობაც უყვარს. მრავალშვილიანი ოჯახი ვართ და ძალიან პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანია ოჯახის წევრების მიმართ. არის კიდევ ტაძარში სტიქაროსანი, ყოჩაღი და ძალიან მონდომებულია ყველა საქმეში.
ხატია ვარდოსანიძე