მასწავლებელთა ნაწილი ხშირად იყენებს პროექტებით სწავლების მეთოდს, თუმცა, ბევრი მშობლისთვის ასეთი სწავლება თავის ტკივილია, რადგანაც პროექტებს რეალურად არა მოსწავლეები, არამედ მშობლები ამზადებენ. მოსწავლეების ნაცვლად მშობლები ხატავენ, იძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას ინტერნეტში, ბეჭდავენ ფოტომასალას, აწყობენ პროექტს, რომლითაც შემდეგ პედაგოგები მოსწავლეს აფასებენ. სწორედ ამიტომ, პროექტებით სწავლების მეთოდს მშობელთა ნაწილი აკრიტიკებს და მიაჩნიათ, რომ ბავშვებს ცოდნა არ რჩებათ და ეს დროის ფუჭი კარგვაა.
თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება ყველა მშობელზე. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ასე მოსწავლეები ამა თუ იმ მასალას უკეთ იმახსოვრებენ და საკითხს უკეთ აღიქვამენ.
რას ემსახურება რეალურად სასკოლო პროექტები, რა არის მათი მომზადების მიზანი და რამდენად ეხმარება მოზარდს ცოდნის შეძენაში? – აღნიშნულის შესახებ მშობლებსა და პედაგოგებს ვესაუბრეთ.
მშობლები ამბობენ:
მარიამ ხიჯაკაძე: მეოთხე კლასშია ჩემი შვილი. მეორე კლასიდან ავალებენ პროექტების გაკეთებას. რა პროექტი უნდა გააკეთოს, აი, როგორ უნდა გააკეთოს დამოუკიდებლად? ვსხედვართ მერე ხან მე და ხან მამამისი და ვიმტვრევთ თავს, ხან რას ვბეჭდავთ, ხან რას ვაწებებთ, ხან რას ვხატავთ. ეს ვის სჭირდება? აბსოლუტურად არაფერი არ რჩება ბავშვს, მაგრამ მასწავლებელს ვერ გავაგებინეთ ეს. არ მესმის, რად უნდა მშობლების გაკეთებული პროექტი. მარტო ჩემი შვილი არ არის ასე. დანარჩენი ბავშვების შემთხვევაშიც მშობლები აკეთებენ. ისეთი განცდა მაქვს,რომ მასწავლებლები მშობლებს გვიწყობენ გამოცდებს.
მაკა: კარგია პროექტების კეთება, თუ: 1. მასწავლებლები შეჯერდებიან ერთ რამეზე, რომ ყველამ ერთად არ მისცეს ერთ დღეს გასაკეთებლად პროექტი. 2. მისცემენ თემატურად გასაკეთებელ მასალას და მიუთითებენ თვითონვე წყაროს. მე ვფიქრობ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ მასწავლებელს თვითონ არ აქვს მოძიებული მასალა, რაზედაც ამუშავებენ ბავშვებს. ამის საფუძველს მაძლევს, ის, რომ ზოგიერთ თემაზე ქართულ ინტერნეტში საერთოდ არ მოიძებნება ნორმალური მასალა. 3. და საერთოდაც ჩემი სუბიექტური აზრია, რომ პროექტებზე გაკვეთილებზე უნდა მუშაობდნენ. ბავშვებს გაკვეთილებზე უნდა ეძლეოდეთ ინტერნეტში მასალის მოძიების და მასზე მუშაობის შესაძლებლობა და შემდეგ თუ მაინცდამაინც სახლში ასრულებდნენ. 21-ე საუკუნეა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების საშუალება მხოლოდ ინფორმატიკის გაკვეთილზე აქვთ და მაშინაც ისეთ მასალაზე ამუშავებენ, რაც ამ თაობის ბავშვებმა მასწავლებელზე უკეთესად იციან.
თიკო კახეთელიძე: იშვიათად ავალებენ პროექტების მომზადებას, მაგრამ როცა ავალებენ, ყოველთვის ვეხმარები. ჩემი შვილი ახლა მესამე კლასშია, როცა მეორეში იყო, 9 აპრილის თემაზე დაავალეს პროექტის გაკეთება. ვფიქრობ, პროექტის საშუალებით თავისი ასაკისთვის ამ მოვლენაზე ძალიან კარგად გაიგო. ჩემი აზრით, ასეთი პროექტები ბავშვს აზროვნების განვითარებაში ეხმარება. თამაშს ჰგავს და მოზარდი უფრო კარგად აღიქვამს. ტიტები დავხატეთ, ფოტოები მოვიძიეთ და დავურთეთ პროექტს. იმას, თუ რა მოხდა 9 აპრილს, ასე კარგად ვერ გავაგებინებდი. პროექტის გაკეთების შემდეგ სხვა კითხვები გაუჩნდა და მთხოვა, 9 აპრილის მემორიალთან წამეყვანა.
თამარ გუჯაბიძე: ჩემი აზრით, მოსწავლეს მსგავსი ტიპის პროექტები არაფერს უტოვებს, ცოდნას არ აძლევს, არ უვითარებს აზროვნებას, რადგანაც თვითონ ვერ აკეთებს და ვაკეთებთ მშობლები. მოსწავლეს ამ პროექტებიდან მხოლოდ დახვეული ქაღალდები რჩებათ. საკმაოდ ხშირად ავალებენ, როგორც ჯგუფურად გაკეთებას, ასევე ინდივიდუალურად. ჯგუფურად გაკეთების დროსაც, აკეთებს მხოლოდ ერთი მოსწავლე, ფორმალურად ჰქვია, რომ ჯგუფურია, არ არის პროცესში ყველა ჩართული. ანუ პროექტი კეთდება პროექტისთვის და არა იმისთვის, რომ მოსწავლეს ცოდნა დარჩეს და რაიმე უნარი განუვითარდეს.
მაგდა ვარდოსანიძე: მართალია, მშობლებსაც ბევრი შრომა გვიწევს, პროექტების მომზადების დროს, მაგრამ მომწონს, ბავშვები ჩართულები არიან უფრო მეტად, ხალისით მუშაობენ და ამასთანავე, უკეთ ამახსოვრდებათ. ეს საკმაოდ სახალისო პროცესია. კლასელები ერთად იკრიბებიან და ამზადებენ პროექტს, რასაც ვერ ართმევენ თავს, მშობლები ვეხმარებით და საბოლოო ჯამში, შედეგსაც ვიღებთ.
ლანა ნასარიძე: ეს ვინ მოიგონა საერთოდ? რისთვისაა, ვის სჭირდება?! დაავალებენ ექვს ბავშვს ამ პროექტის გაკეთებას და მერე ვაკეთებთ ჩვენ, მშობლები. მეოთხეკლასელმა ბავშვმა რა პროექტი უნდა გააკეთოს?! საოცარი მოთხოვნები აქვთ თან. ასწავლე, რა, ბავშვს ის, რაც მის ასაკს შეესაბამება. რომ ხედავ, მათემატიკა უჭირს, იმას კი ნუ მოსთხოვ, რომ გამოჩენილ მათემატიკოსებზე მოამზადოს პროექტი, ანგარიშის სწავლაში დაეხმარე და ფორმულები ისე აუხსენი, რომ რაღაც გაიგოს.
ირინა ჭელიძე: იდეა, ალბათ კარგია, რადგან თემას მრავალმხრივ იაზრებს ბავშვი, სამაგიეროდ, ძალიან ცოტა ბავშვი მეგულება, ვინც მართლა ამ დანიშნულებით ამზადებს პროექტებს. სინამდვილეში უაზროდ დროის კარგვაა. ჩვენს ოჯახში ეს პროექტები სულ ორომტრიალის მიზეზი ხდებოდა. 5-6 გაკვეთილი რომ აქვს მოსამზადებელი და ამ ყველაფერს პროექტიც ემატება, ძალიან ურთულებს ბავშვს საქმეს. ეკარგება ხალისი და თემას იაზრებს კი არა, ერთი სული აქვს, თავიდან მოიშოროს. ჯერ ტექსტი ხომ უნდა გაამზადოს, მოძიებასაც დრო უნდა და ხელით დაწერასაც. მერე იწყება მთავარი ტანჯვა - ხატვა. დამიჯერეთ, ეს ნამდვილი ტანჯვაა, როცა ოჯახში ხატვის მონაცემები არავის აქვს. ბავშვს კი უნდა, რომ საუკეთესოდ იყოს მისი პროექტი შესრულებული, ამიტომ „რაც შემეძლო, ის დავხატე“ ჩვენს შემთხვევაში არ გამოდის. ამას მოჰყვება ბავშვის ტირილი და ნერვიულობა, მშობლების მხრიდან კი ნერვების შლა და ოჯახის ჩამწარებული საღამო. ვიღას ახსოვს, რა წერია პროექტში.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, საღამოს სამსახურში რომ მესიჯი მოგივა: „ფორმატი წამომიღე, ეს ფოტოები დამიბეჭდე, ან ფერად პრინტერზე ამომიბეჭდე“ - ამ დავალებას თუ ვერ შეასრულებ სამსახურიდან სახლში მისვლამდე, ბავშვი სკოლაში დავალების შეუსრულებელად წავა. არადა, ასე ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ იყიდება არც ფორმატები და არც ფოტოების ბეჭდვაა მარტივი. თან რამდენ საგანსაც სწავლობს, ყველა ავალებს პროექტს, კვირაში 3-4 გვქონია.
Mshoblebi.ge-ს დაწყებითების საფეხურის მასწავლებელი ნინო კემულარია ეუბნება, რომ რეალურად, პროექტის მომზადების დავალება მოზარდისთვის მაშინ არის გამართლებული, როცა მისი ასაკის შესაბამის ამოცანას დაუსახავ:
ნინო კემულარია: „იცით, როგორ მოსწონთ ბავშვებს პროექტების მომზადება?! კი, მართალია, მშობლებსაც უწევთ ჩართულები იყვნენ მომზადებაში, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. დაწყებითები ეს ის საფეხურია, როცა მოზარდს ისედაც სჭირდება გაკვეთილების მომზადებაში მშობლის დახმარება. ამა თუ იმ პროექტის საშუალებით სასწავლო მასალის, ან კლასგარეშე მასალის ვიზუალიზაციას მშობლებთან ერთად აკეთებენ, ეს უკეთ აღქმასა და უკეთ დამახსოვრებაში ეხმარებათ, აზროვნებას უვითარებთ. ვავალებ ხოლმე ერთობლივად მომზადებას ჯგუფებს და ამით ხელს ვუწყობ მოზარდებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. სწავლობენ პრეზენტაციას. ამ პროექტს ხომ წარდგენა სჭირდება და ამ პრეზენტაციაში ჯგუფის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული. მთავარია, ბავშვს მივცეთ მისი ასაკის შესაბამისი დავალება. მე მესმის მშობლებისაც, ზოგიერთი პედაგოგი ცოტა რთულ დავალებას აძლევს და ამიტომაც, ზოგჯერ გაუგებარი რჩება პროექტის მომზადების მიზანი. თუ სწორად მივცემთ დავალებას, მსგავსი ტიპის პროექტები აუცილებლად იქნება გამართლებული.“
თამარ აბესაძე, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: ადრე ვმუშაობდი პროექტებით. სიმართლე გითხრათ, ვცადე სიახლის შემოტანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაწყებითების ბავშვები პატარები არიან დამოუკიდებლად მსგავსი პროექტის მომზადებისთვის. ახლა აღარ ვავალებ. მაინც მშობლები აკეთებდნენ და ასეთი არ მინდოდა. ახლა სკოლაშივე ვაკეთებთ ერთობლივად და ვცდილობ, აბსოლუტურად ყველა მოსწავლე ჩავრთო. ასე უფრო უვითარდებათ აზროვნებისა და აღქმის უნარი. ჩემი აზრით, მსგავსი ტიპის სწავლება უფრო მეტად უფროსკლასებშია გამართლებული.
სოფო რიჟამაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ვინაიდან უფროს კლასებთან ვმუშაობ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები დამოუკიდებლად აკეთებენ პროექტებს. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვავალებ, მაგრამ როცა ვავალებ, ბავშვები სიხარულით აკეთებენ. ანალიტიკურ აზროვნებას სწავლობენ, გუნდურად მუშაობას ეჩვევიან, ერთმანეთის მოსმენას, თანამშრომლობას, ბევრ ახალ და საინტერესო დეტალს იგებენ ამა თუ იმ თემის გარშემო, საკითხს უფრო ღრმად სწავლობენ. ვფიქრობ, ეს არის სწორედ მსგავსი პროექტების გაკეთების მიზანიც.“
ხატია ვარდოსანიძე