არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ 2018–2019 წლებში სატელეფონო-საკონსულტაციო ცენტრში შესული ზარების მიხედვით მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. "რა აწუხებთ მოსწავლეთა მშობლებს სკოლაში?!" - ამ სახელწოდების დოკუმენტი ასახავს იმ პრობლემებს, რის გამოც მშობლებმა ორგანიზაციის ცხელ ხაზს მიმართეს. მშობელთა დახმარების მიზნით დღესაც ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 219 60 80, რითაც მშობლებს საშუალება აქვთ თავიანთი შეკითხვები და პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ორგანიზაციას.
ანგარიშში მოცემულია მოზარდთა მშობლებისა და ბებიებისგან მოთხრობილი კონკრეტული ამბები.
Mshoblebi.ge ანგარიშიდან რამდენიმე ამბავს გიზიარებთ:
ამბავი #1 – საჯარო სკოლა. თბილისი (ზარის ავტორია მე-7 და მე-10 კლასელი მოსწავლეების მშობელი):
- ბიოლოგიის მასწავლებელი ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. უხეშია, არ აქვს მოსწავლეებთან გამონახული საერთო ენა და გაკვეთილის განმავლობაში ხშირად იყენებს სიძულვილის ენას. ბავშვები არ სწავლობენ მის საგანს. მაგალითისთვის, მშობელი იხსენებს, რომ მასწავლებელმა 13 წლის გოგონას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“. იგივე მასწავლებელი ზარის ავტორის მეორე შვილს, მე-10 კლასელ ბიჭსაც ასწავლის და ხშირად აგდებს გაკვეთილიდან. მშობლის თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში არიან მანდატური, ადმინისტრაცია და დამრიგებელი. გარდა ამისა, მასწავლებელი შემაჯამებელ სამუშაოზე წინასწარ აკეთებს შეფასებას. კერძოდ, მოსწავლეებს მერხზე სუფთა ფურცელს უდებს, რომელზეც განმსაზღვრელი შეფასება/ქულა წინასწარ წერია. ბავშვები მშობლებთან ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ხმამაღლა თქმის ეშინიათ. საქმეს ართულებს ისიც, რომ დირექცია არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე. მშობელი განმარტავს, რომ დირექტორის იმედი რომ ჰქონდეთ, მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ სიმართლის თქმა.
ამბავი #2 – საჯარო სკოლა, თბილისი (ზარის ავტორია მე-3 კლასელის ბებია):
ბებიის მონათხრობის მიხედვით, მისი მესამეკლასელი შვილთაშვილი გოგონა მუდმივად განიცდიდა ჩაგვრას მასწავლებლის, კლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან. ჩაგვრის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მშობლებისგან მიტოვებულ გოგონას ბებიას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მშობელთან. ბებიის ცნობით, გოგონას თანაკლასელების მშობლები და მასწავლებლები მშობელთა კრებაზე საჯაროდ, ხოლო ზურგს უკან - ოჯახებში, შვილების გასაგონად განიხილავენ მის მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცუდ ოჯახში აღზრდილი გოგონა, თავადაც გზას აცდენილი გაიზრდება. მშობლების დამოკიდებულება მოქმედებს ბავშვებზე და გოგონას მუდმივ რეჟიმში უხდება თავის დაცვა, როგორც თანაკლასელებისგან, ისე მათი უფროსი და-ძმებისგან, მშობლებისგან და მასწავლებლისგანაც კი.
ამბავი #3 - საჯარო სკოლა, თბილისი (ზარის ავტორი მე-8 კლასელის ბებია):
- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არაგონივრული ზომის საშინაო დავალებას ატანს ბავშვებს. მაგალითად 25 ზმნა გასარჩევად, პლუს ლიტერატურის შინაარსი და ანალიზი. ბებია ამბობს: „საშუალოდ 8-9 საათიანი სამუშაო მოაქვს ბავშვს, ბავშვი თავს ვერ ართმევს, ამდენი სამეცადინო იწვევს აგრესიას, ეძინება რვეულზე. სხვა საგნების მეცადინეობას ვეღარ ახერხებს. გამოიკვეთა ერთი რამ, თუ გამოძახებული ბავშვი თავს ვერ გაართმევს დაფასთან დავალებას, მთელი კლასი ისჯება და სახლში გასაკეთებლად აძლევს დავალებას. იმ გოგონას მისცა 35 ზმნა, ხოლო დანარჩენ ბავშვებს 25-25. ძალიან განერვიულებული ვარ ამ საკითხის გამო. ამის შემდეგ მიდის ბავშვი სკოლაში, 16 გვერდი აქვს სავსე და მასწავლებელი ბავშვს იძულების გზით თავისი ხელით აწერინებს 2-იანს, და განმარტებას, „იმის გამო რომ დავალება სრულად არ მქონდა“. ესმასწავლებელი არ ექვემდებარება არაფერს. ითხოვს, მარტო უნდა ისწავლონ ქართული, მარტო უნდა მოუნდე ქართულს და იმის იქით 6-7 საგანი აღარაფერია. არანაირი კომუნიკაცია მშობელთან არ აქვთ. თუ მიხვალ და რაიმეს იტყვი, კივიან, წივიან, ისე წამოხვალ სკოლიდან, შეურაცხყოფილი.
ამბავი #4 – საჯარო სკოლა. ფოთის მუნიციპალიტეტი (ზარის ავტორი - მშობელი):
მშობლის ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელს შემაჯამებელ სამუშაოზე შეაქვს ისეთი საკითხები, რაც მოსწავლეებს საგაკვეთილო საათების ფარგლებში არ უსწავლიათ. წერას თავს ართმევენ მხოლოდ ის ბავშვები, ვინც მასწავლებელთან ემზადებიან. სიტუაცია ფასდება ისე, რომ მას აქვს შერჩევითი პოლიტიკა და სწყალობს მხოლოდ იმ ბავშვებს, ვინც მასთან კერძოდ ემზადება. მშობელი ამბობს: „სახლში აქვს მოწყობილი ფართი საკლასო ოთახად და 15-მდე ბავშვს ერთად უტარებს კერძო გაკვეთილებს, რისთვისაც მშობლებისგან იღებს გასამრჯელოს.“ მშობელმა საქმის კურსში ჩააყენა სკოლის ადმინისტრაცია, თუმცა სკოლამ მოსწავლეების ინტერესების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
ამბავი #5 – საჯარო სკოლა, თბილისი (ზარის ავტორი - საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობელი):
- სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ტოვებენ ბავშვებს და ამეცადინებენ დამატებით, რაც არის ფასიანი მომსახურება. ვინც ემზადება მათთან, კარგ ნიშნებს იღებენ და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, იჩაგრებიან. მშობელი ამბობს: „მაგალითად, ვინც მასთან ემზადება მასწავლებელი წინასწარ ეუბნება, რა უნდა წერონ საკონტროლოში და ა.შ. შემდეგ ის ბავშვები მაღალ ქულებს იღებენ და ეს კლასში დაპირისპირების საგანია. იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა დედამ ვეღარ შეძლო გადასახადის გადახდა, გამოიყვანა ბავშვი და მასწავლებელი ისევე გადაეკიდა მას, როგორც მანამდე ეპყრობოდა, ვიდრე მომზადებას დაიწყებდა“. მშობელი ამბობს, რომ ერიდება ღიად დაპირისპირებას, რადგან შიშობს რომ მისი შვილები უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან, მას კი როგორც დედას, არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს, დაიცვას შვილები.
ამბავი #6 – საჯარო სკოლა, თბილისი (ზარის ავტორია დაწყებითი საფეხურის მოსწავლის ბებია):
- მთელ სკოლაში საპირფარეშოს სუნი დგას. სკოლიდან ბავშვის გამოყვანის დროს, რეგულარულად, დერეფნები და საკლასო ოთახები ყარს. სუნი იმდენად გაუსაძლისია, რომ გაკვეთილების დასრულების მოლოდინშიც კი ბავშვების მომლოდინე მშობლები დერეფანში ვერ ჩერდებიან და ეზოში ელოდებიან შვილებს. მშობლებმა დირექტორთან შესვლა გადაწყვიტეს, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა გაიგო და შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ. „ჩემი კლასის მშობლები არ შეხვიდეთ“. ბებია იხსენებს „წარმოგიდგენიათ, იმ საშინელი სუნის გასაპროტესტებლად, მასწავლებლის თხოვნის გამო, მხოლოდ სამი მშობელი შევედით დირექტორთან. გვეუბნებიან სკოლა გასარემონტებელია, 900 ბავშვია და როგორ გავაკონტროლოთო. პირობა და იმედიც კი არ მომცეს რომ გამოსწორდება მდოგმარეობა. ბავშვმა ორჯერ სკოლაში აღებინა, 3-ჯერ მძიმე გულისრევის შეგრძნებით წამოვიყვანე. ყოველ დღე დილიდან ბავშვი სკოლაშია, ფანჯრები დახურულია. ტუალეტში კი არ დგას მხოლოდ სუნი, დერეფნებშიც, კლასები ყარს უკვე. თანახმა ვართ ვიმორიგეოთ მშობლებმა, დავეხმაროთ, ვასწავლოთ ამ ბავშვებს, მაგრამ ჩვენს გარდა ეს არავის აწუხებს. მუცელს იტკიებენ სხვა ბავშვებიც, გულის რევის შეგრძნება აქვთ, მაგრამ დედები ამას სერიზულად არ აღიქვამენ. ჯალათებივით გამოვდივართ ეს მშობლები, იძულებით მიგვყავს ბავშვები ისეთ გარემოში, სადაც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება."
ამბავი #7 – საჯარო სკოლა, ქალაქი თბილისი (მეშვიდე კლასელი მოსწავლის დედა):