პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების პენსიაზე გასვლის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით", – ამბობს გახარია.
პრემიერი ამბობს, რომ სრული დაფინანსება უკვე არსებობს. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პენსიაზე 6 450 მასწავლებელი გავიდა.
„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იქნება საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე, დასკვნითი ეტაპი.
პენსიონერ პედაგოგებს, რომელთაც არ აუმაღლებიათ სტატუსი, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე, მეორედ აქვთ ორი წლის ჯამური ანაზღაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაცია 2019 წლის 14 ნოებმრიდან 29 ნოებრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გაცემა კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
"ამით, რეფორმის ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემას გულისხმობს, სრულდება. თუმცა პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების მიმართულებით რეფორმა გრძელდება, რაც გულისხმობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და მათი პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას", – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.