თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლები და მოსწავლეები, სკოლის ტერიტორიული მდებარეობის გამო, ყოველთვის არიან ქვეყანაში დაძაბული პროცესების დროს მოვლენათა ეპიცენტრში.
ყველა აქცია, მანიფესტაცია რუსთაველზე, სწორედ პირველი სკოლის მიმდებარედ იმართება და ასეთ დროს განსაკუთრებული გამოწვევაა მოსწავლეების უსაფრთხოება.
როგორც ირკვევა, კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა ნაწილის მშობლებმა, უსაფრთხოების მიზნით, დღეს შვილები სკოლაში არ გაუშვეს და გარდა ამისა, თავად დირექციამ დღეს მეორე ცვლის გაკვეთილები გააუქმა, შექმნილი სიტუაციის გამო.
მშობლები ითხოვენ, რომ სანამ პარლამენტის წინ რთული სიტუაციაა და შენობის პიკეტირება მიმდინარეობს, სწავლა საერთოდაც შეჩერდეს, ან პედაგოგებმა მოსწავლეებს „არები“ არ დაუწერონ, რადგანაც, როგორც მშობლები ამბობენ, „არების“ დაგროვებისა და „ექსტერნის“ გამოცდის შიშით, მოზარდები მაინც დადიან სკოლაში. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მათი შვილები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
მშობლები ამბობენ:
„იქნებ არები არ დაწერონ მასწავლებლებმა. ჩემს სამ შვილს არ ვუშვებ სკოლაში. არ ვიცით, რა მოხდება.“ „ყველას ძალიან გვეშინია. ეჭვი არ გვეპარება, რომ სკოლის შენობაში დაცულნი იქნებიან. მაგრამ პარლამენტის შენობის პიკეტირება საფრთხეს ზრდის გარეთ. ამიტომ, მე მირჩევნია შინ დავტოვო ბავშვები...“ „არსებულ მდგომარეობას ემატება "არების" და "ექსტერნების" შიში და ნერვიულობა... სამივე სახლში მყავს... იქნებ "არები" არ დაწეროთ?“ „მე-8 კლასში მყავს უფროსი შვილი, რომელიც ძალიან წუხს არების გამო, არადა, ვერ გამოვუშვებ.“ „არიან ბავშვები რომელთაც მთელი რუსთაველის გამოვლა ფეხით მოუწევთ იმის გამო, რომ არები არ დაეწეროთ, პლუს ამას ბავშვების უსაფრთხოება დაცული არ არის (და სკოლა ამის გარანტიას ვერანაირად ვერ მოგვცემს), გაკვეთილებიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საკმაოდ საშიში სიტუაცია, პოლიციის იმედზე ვერ იქნებიან. ან ვინც მეტროთი მგზავრობს, მთელი ეს აქცია როგორ უნდა გადმოლახონ? მე ძმა მყავს და მაინტერესებს რამდენად იქნება მისი უსაფრთხოება დაცული ხვალ, სკოლაში რომ გამოვუშვათ.“
კლასიკური გიმნაზიის სკოლის დირექტორი, თამარ კაპანაძე mshoblebi.ge-ს ეუბნება, რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეჩერება არ იგეგმება და მხოლოდ დღეს, 18 ნოემბერს, მეორე ცვლის მოსწავლეებს არ ჩაუტარდებათ გაკვეთილები.
„თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ამ დროისათვის პირველ ცვლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლაში დაცულია უსაფრთხოების ნორმები. გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ყოველთვის, მორიგეობენ საპატრულო ეკიპაჟები. ხდება დასწრების აღრიცხვაც. ამ ეტაპზე არ იგეგმება სასწავლო პროცესის შეჩერება.
ვინაიდან, გიმნაზიაში სწავლა მიმდინარეობს ორ ცვლაში და მეორე ცვლის მოსწავლეთა ასაკობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით (1-4კლასები) მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება ხდება მშობლების მიერ, ხოლო ნაწილი მარტო დადის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დღეს - 18 ნოემბერს მეორე ცვლის სასწავლო პროცესის არჩატარების შესახებ, ობიექტური გარემოებების, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეფერხების გამო“, – ამბობს თამარ კაპანაძე.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დღეს სკოლაში დასწრების მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი იყო.
„მშობლების ნაწილის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესს არ დაესწრო მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა სკოლაში მოსული მოსწავლეებისათვის გაკვეთილები წარიმართა. დასწრების მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია“, – გვეუბნება თამარ კაპანაძე.
ჩვენ დავინტერესდით, გაითვალისწინებდა თუ არა სკოლა მშობლების ნაწილის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს „სიტუაციის დამშვიდებამდე“ გაცდენილ საათებზე „არა“ არ დაეწეროთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
„მხოლოდ დღეს გახლდათ დასწრების მაჩვენებლი საშუალოზე დაბალი, რაც არ მომხდარა წინა დღეებში. მოგეხსენებათ, სკოლა ვალდებულია მოსწავლის არგამოცხადება აღრიცხოს საკლასო ჟურნალში. ექსტერნის გამოცდის ჩაბარება კი უწევს იმ მოსწავლეს, ვინც არ დაესწრება ამა თუ იმ საგანში განსაზღვრული საათების რაოდენობის 30%-ს“, – ამბობს თამარ კაპანაძე.
სკოლის დირექტორის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა არასდროს შეჩერებულა:
„ზოგადი გამოცდილების მიხედვით, სასწავლო პროცესი ჩემი ხელმძღვანელობის დროს არ შეჩერებულა არასოდეს, ვინაიდან სკოლაში ექსცესი არ მომხდარა. სკოლას ჰყავს დაცვა, 5 მანდატური, 3 მოადგილე რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიას და ასევე ვიდეო კამერები, რომელსაც აკვირდება სპეციალურად გამოყოფილი ადამიანი,“ – უთხრა თამარ კაპანაძემ mshoblebi.ge-ს.
რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "სირცხვილია" იმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამესაც ქუჩაში, კარვებში ათენებენ. მათ პიკეტირებული აქვთ პარლამენტის შენობა. ბლოკირებულია პარლამენტის შესასვლელი. აქციის მონაწილეები პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ.