აბიტურიენტის მომზადება მშობლისა და მოზარდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რეპეტიტორის შერჩევისას კი მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი პროფესიონალიზმთან ერთად, სწავლის საფასურია.
ოფიციალური სტატისტიკა იმისა, თუ როგორი დინამიკა აქვს აბიტურიენტთა მომზადების ფასს წლების განმავლობაში, არ არსებობს, თუმცა თუ გარშემო მყოფთა გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომზადების ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბოლო ხუთ წელიწადში. მაგალითად, თუ ხუთი წლის წინ შესაძლოა გეპოვნათ პედაგოგი, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 800-900 ლარად მოამზადებდა აბიტურიენტს (იგულისხმება თბილისი), ახლა ასე აღარაა და ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საგანში მომზადება სხვადასხვა თანხა ჯდება. ასევე, სწავლის ფასი განსხვავდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მაგალითად, თბილისის ცენტრში მომზადება უფრო ძვირი ღირს, ხოლო დედაქალაქის გარეუბნებში – უფრო ნაკლები.
კონკრეტული, დადგენილი ფასი ამა თუ იმ საგანში არ არსებობს და ადგილმდებარეობის გარდა, ამას დიდწილად პედაგოგის გამოცდილება განსაზღვრავს. დამწყები პედაგოგები უფრო ნაკლებ ფასად ამზადებენ, ხოლო თუ აბიტურიენტის რეპეტიტორი გამოცდილი პედაგოგია, მომზადების ფასიც უფრო მეტია.
Mshoblebi.ge თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს ესაუბრა. ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რომელ საგანში, რა ფასად ემზადებიან.
ელენე აბიტურიენტია, ის თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. ემზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში. ელენე mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი რეპეტიტორები მისსავე სახლთან ახლოს ცხოვრობენ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 1 000 დოლარს იხდის, ინგლისურში - 1 500 დოლარს, ხოლო ისტორიაში - 1 500 ლარს:
„მქონდა უფრო იაფად მომზადების ვარიანტიც, ქართულში შეიძლებოდა, რომ 1500 ლარად მემეცადინა, მაგრამ ვარკეთილში იყო ის მასწავლებელი და გზაში დიდი დრო დამეკარგებოდა. ხომ იცით, თან სულ საცობებია, ამიტომაც დედაჩემმა ამჯობინა, რომ უფრო ძვირი გადაეხადა და დრო არ დამეკარგა“.
მათე: - დიდ დიღომში ვცხოვრობ. ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ვემზადები. 1500 ლარს ვიხდი ქართულში, 1000 დოლარს - ინგლისურში და 1700 ლარს - მათემატიკაში. ინგლისურზე დიდ დიღომში არ დავდივარ. საბურთალოზე ცხოვრობს ჩემი მასწავლებელი. ნუ, კი ძვირია, მაგრამ მიღირს, იქვე მასწავლის ყველაფერს.
თეკლა: - ვარკეთილში ვცხოვრობ და აქვე დავდივარ მასწავლებლებთანაც. ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ვემზადები. 1200 ლარს ვიხდი ქართულში, 1000-ს - მათემატიკაში და 1500-ს - ინგლისურში. თავიდან ვიფიქრე, რომ ქართულში არ ამეყვანა რეპეტიტორი, მაგრამ მერე მაინც აღარ გავრისკე და ვამჯობინე, რომ ზუსტად პედაგოგის მითითებებით მესწავლა.
მარიამი: - გლდანში ვცხოვრობ. ქართულში და ინგლისურში ვემზადები მხოლოდ. ქართულის მასწავლებელი აქ არ ცხოვრობს, ეროვნული გამოცდების გამსწორებლებს შორისაა ჩემი მასწავლებელი და მინდოდა, რომ ასეთი რეპეტიტორი მყოლოდა. 1500 დოლარს ვიხდი, დიღმის მასივში დავდივარ. ინგლისურში კი 1200 ლარის გადახდა მიწევს. ძალიან ძვირი ჯდება ჩემი მომზადება. დედა არ მუშაობს და ჩემ გარდა სახლში სამი ბავშვია, ამიტომ მამა საზღვარგარეთ წავიდა შარშან, სხვანაირად ვერ გაწვდებოდა ჩემი ოჯახი.
იოანე: - დიღმის მასივში ვცხოვრობ. ჯერჯერობით არ ვემზადები. ახალი წლის მერე დავიწყებ და ნახევარ თანხას გადავიხდი. ჩემს ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მთელი წლის თანხა გადაუხადოს რეპეტიტორს. კარგად ვსწავლობ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც მჭირდება რაღაცებში დახმარება. მომზადების ფასს რაც შეეხება, ქართულში მომზადება 1500 ლარი ღირს, ინგლისური - 1000 დოლარი და მათემატიკა – 1700 ლარი. ანუ ახალი წლის მერე რომ დავიწყებ, ამ თანხის ნახევარს გადავიხდი. სკოლაში ვერ ვსწავლობ, იქ უფრო ვერთობით. ახლა ვამთავრებთ თან და ხომ ხვდებით, ერთმანეთს რომ აყვებიან ბავშვები, ვეღარ ვიგებთ, რას ამბობს მასწავლებელი და იქ ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვისწავლი. სახლში, რა თქმა უნდა, ვმეცადინეობ ჩემით.
მართლაც, სამწუხაროა, როდესაც ჩვეულებრივი სკოლები ვერ იძლევიან იმ განათლებასა და "გარანტიებს“, როგორც მოსწავლეები ამბობენ, რაც უმაღლესში ჩასაბარებლად არის საჭირო და მშობლები იძულებული არიან, იმავე „გარანტიების“ გამო, ყველაფერი მოიკლონ, ზოგიერთი საზღვარგარეთაც კი მიდის სამუშაოდ, რომ აბიტურიენტი სათანადოდ მოამზადოს...
რატომ არის მშობლისთვის რთული აბიტურიენტის მომზადება - ცნობილი მშობლების კრიტიკული აზრები