ბავშვების ჩაგვრა, ბულინგი ბევრ სკოლაში მწვავე პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე, მოგვარების გზებზე ბევრს საუბრობენ, საკითხი გადაუჭრელი რჩება და რეალური შედეგი არ ჩანს, რასაც ჩვენი ყოველდღიურობა და მოზარდთა ჩაგვრის კონკრეტული ფაქტები ამტკიცებს. mshoblebi.ge-ს ხშირად მომართავენ მოსწავლეთა მშობლები და სკოლებში თანატოლებისგან ჩაგვრის ფაქტებს უზიარებენ.
ამჯერადაც ერთ-ერთი მოსწავლის დედა დაგვიკავშირდა. ის თავისი შვილის ამბავს გვიყვება და გვეუბნება, რომ სკოლაში ბულინგის გამო, იძულებული გახდა, მეექვსეკლასელი გოგონა სხვა სკოლაში გადაეყვანა. იმის გამო, რომ თავად მშობელს არ სურს საკუთარი პერსონის იდენტიფიცირება, სკოლასაც ვერ დავასახელებთ, სავარაუდოდ, ამბის მოქმედი პირები საკუთარ თავებს ამოიცნობენ.
მშობელი:
- შარშან რუსთავიდან თბილისში გადმოვედით და ბავშვი შევიყვანე თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მეექვსე კლასში იყო და კლასელებმა პირველივე დღიდან რაღაცნაირად აითვალწუნეს. კლასში უმრავლესობა ბიჭები იყვნენ. როცა ბავშვი მერხთან დაჯდა, ადგილი შემოუხაზეს და უთხრეს, ამას იქით არ გადმოხვიდეო. მიყვებოდა, ჩემს წიგნებს თუ შეეხებიან, მერე ხელს იწმენდენო.
მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელს ვაყენებდი საქმის კურსში, მაგრამ მის მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ უკვე მეორე სემესტრში მასწავლებელმა მითხრა, რომ იქნებ შენ თვითონ დაელაპარაკო ბავშვების მშობლებსო.
პედაგოგმა ვერაფერი ვერ გააწყო და მივხვდი, რომ ეს არის თვითონ სკოლაში არაჯანსაღი გარემოს ბრალი, ძალიან თავმიშვებულობაა. მობილურს ყველას დაუკითხავად, როცა უნდოდათ ამოიღებდნენ, კლასში ფოტოებს და ვიდეოებს იღებდნენ და ამაზე მასწავლებელი შენიშვნას არ აძლევდა, ან ვერ ეუბნებოდა, არ ვიცი. მხოლოდ ჩემი შვილის მიმართ არ ჰქონიათ ასეთი დამოკიდებულება, სხვების მიმართაც და მოგიყვებით ერთ შემთხვევას.
მობილურების თემა ყოველთვის პრობლემაა – ვიღაცას აიფონი ჰქონდა, ვიღაცას ნაკლებად ძვირფასი ტელეფონი, ამის გამო ეუბნებოდნენ, რომ აი, შენი ტელეფონი არ ვარგა და ა.შ. ერთ დღეს კლასელ ბიჭს იმდენი აძახეს, რომ შენი ტელეფონი არ ვარგა და ჩემი ჯობია, რომ ბავშვმა აიღო ეს თავისი ტელეფონი და კედელზე მიახეთქა. რა თქმა უნდა, დაიმსხვრა ტელეფონი და ბავშვი ამბობდა, ახლა მაინც დამანებეთ თავი, შემეშვითო.
იმ ბავშვების მშობლები, რომელთა შვილებსაც აბულინგებდნენ, ერთობლივად ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. მთელი წლის განმავლობაში ერთადერთხელ ჩაატარეს კრება, რომელზეც ვერ მოვახერხე დასწრება, მაგრამ ეს თემები იქ ისედაც არ განხილულა.
მქონდა კომუნიკაცია იმ ბავშვების მშობლებთანაც, რომლებიც მოზარდებს და მათ შორის, ჩემს შვილს აბულინდებდნენ. მომისმინეს. ერთმა მითხრა, რომ დაველაპარაკები ბავშვსო, მეორემ მითხრა, ვიცი, რომ ასე იქცევა ხოლმე ჩემი შვილიო.
წლის ბოლოსკენ ასეთი რამ მოხდა - ჩემს გოგონას თავში ჩაარტყა ერთმა ბავშვმა. დავურეკე მშობელს და ვუთხარი, არ შეიძლება-მეთქი ასე მოქცევა, რას ჰქვია თავში ჩარტყმა და საერთოდ ჩარტყმა?! მშობელმა მითხრა, დაველაპარაკებიო და ერთ 10-15 წუთში მირეკავს და მეუბნება, რომ იცით, ჩემმა შვილმა რა მითხრაო? მარტო ჩემი შვილი კი არ ურტყამსო, სხვებიც ურტყამენ თურმე თქვენს შვილსო, გადაანაწილა სხვა ბავშვებზეც თავისი შვილის ბრალი... მერე ისიც ვიფიქრე, საერთოდ ჰქონდა ამ ქალთან ლაპარაკს აზრი?! დაველოდეთ წლის ბოლოს და შემდეგ გადავიყვანე საჯარო სკოლაში. ახლა ძალიან კარგად არის, ბედნიერები ვართ ყველანაირად.
ერთ გარემოებასაც მოგიყვებით, ჩემთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან მტკივნეული იყო შარშანდელი პერიოდი, რადგანაც ქიმიოთერაპია გავიკეთე, ბავშვმაც, მთელმა ოჯახმა ისე მძიმედ გადავიტანეთ ეს ყველაფერი, მაგრამ გადავიტანეთ. სკოლაში თურმე ბავშვები დედების ფოტოებს აჩვენებდნენ ერთმანეთს და ჩემი ფოტო უჩვენებია კლასელებისთვის, ერთ-ერთი ბოლო ფოტო, როცა კლინიკაში ვიყავი გადასხმის პერიოდში, საწოლზე ვარ მიწოლილი. ბავშვი როგორც ჩანს, თანაგრძნობას ელოდა, უთქვამს, დედიკო ავადააო. მაგრამ რომ დაინახეს თურმე ეს საწოლზე მიწოლილი ქალი, ერთ-ერთ ბიჭს უთქვამს, უი, მოკვდაო? ყველამ ამის სიტყვები აიტაცა – იძახდნენ თურმე, ეს ქალი მოკვდა, მოკვდა... ბავშვი იმ დღეს განადგურებული მოვიდა.
გარდა ამისა, ფეხს უდებდნენ კლასში და მერე მასწავლებელთან ირწმუნებოდნენ, რომ ძალით არ უნდოდათ და შემთხვევით ხდებოდა ყველაფერი. მასწავლებლის მცდელობა, რომ ეს არ გაგრძელებულიყო, არ იყო საკმარისი, უფრო ძლიერი, სხვანაირი მიდგომა უნდა.
ძველი კლასელები ისევ ჰყავს „ფეისბუქზე“ მეგობებში. ახლა, როცა რაღაცას დადებს „სთორიზე“, სწერენ, „აუ რეებს დებ“, „ეგ ხო ძველი თემებია“. ინგლისურში საუკეთესო იყო შარშანაც და ყოველთვის, რომელ სკოლაშიც უნდა წავიდეს, საუკეთესო მოსწავლეა. ათიანს რომ მიიღებდა, არასოდეს არ უხაროდათ კლასელებს, საერთოდ, ერთმანეთის წარმატებაზე ყოველთვის უარყოფითად რეაგირებდნენ.
ძალიან განიცდიდა ბავშვი ამ ყველაფერს. ასეთი შემთხვევების შემდეგ ტიროდა და მეც ვტიროდი მასთან ერთად. წელს იმდენად კარგი კლასი შეგვხვდა, ღმერთს მადლობა, მეგობრები გაიჩინა“.
mshoblebi.ge მშობლის მიერ დასახელებული სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. დირექტორი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, თუ რაიმე „პატარა შემთხვევები“ ხდება, ეს არა ბულინგი, არამედ „ასაკობრივი თავისებურებაა“:
- ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არანაირ მსგავს ფაქტს სკოლაში ადგილი არ ჰქონია, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მე არ ვიცი ის რას ამბობს, რაღაცებს ამატებენ, ზოგჯერ ბავშვი ფანტაზიორობს რაღაცას. როგორ? სიყვარულის სკოლას ეძახიან ბავშვები ამ სკოლას.
არის რაღაც პატარა შემთხვევები, ძალიან უმნიშვნელო, რომელიც ბულინგი კი არა, ბავშვებში ასაკობრივი თავისებურებაა და რომელსაც ვაგვარებთ. აი, პრობლემური რომ ყოფილიყო, ასეთი შემთხვევა არც მახსოვს და არც ყოფილა.
თუ ეგეთი რაღაც იყო, მაგ მშობელს ჩვენთვის უნდა მოემართა. აბა როგორ შეიძლება, ასეთი რამე განზოგადდეს, როცა არც კი ვიცი რაზე ლაპარაკობს ის. მე, როგორც სკოლის დირექტორმა არ უნდა ვიცოდე, თუ ასეთი შემთხვევა იყო?! არ არსებობს შემთხვევა, როცა პრობლემა იყო და ვერ მოვაგვარეთ და ბავშვს კომფორტი არ შევუქმენით.
დერეფანში რომ დავდივარ, მთელი ბავშვები გარშემო მეხვევიან, ისეთი ურთიერთობა გვაქვს და მაგისმა შვილმა ვერ მოაგნო ჩვენამდე?!
არის ხოლმე შემთხვევა, რომ ბავშვი თვითონ არის თავისებური, შეიძლება ბავშვებისგან რაღაცა რეაქცია იყო, მაგრამ ასეთი რეაქცია ყველგან შეიძლება იყოს, უნდა გვითხრან და მოვაგვარებთ, გავურკვევთ.
როცა რაიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ ვიგებთ, ძალიან ადვილად ვაგვარებთ, მასწავლებელს ვაფრთხილებთ, რომ კონკრეტულ ბავშვს მიაქციონ ყურადღება, რომ ის ბავშვი პირიქით, გავათბოთ, ურთიერთობა დავულაგოთ.
იცით რა არის მშობლებთან დაკავშირებით? – ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება, მშობლები შეხვდნენ ქუჩაში ერთმანეთს და ფიზიკურად შეეხნენ, ცემეს ერთმანეთი,. ასეთი მშობლების შვილები, რა თქმა უნდა, მერე სკოლაშიც რთულები არიან. შეიძლება, რომ ბავშვები რაღაცაზე წაკინკლავდნენ, მერე შერიგდნენ.
ერთი მშობელი საზღვარგარეთ იყო და იმისთვის ჩამოვიდა, რომ მშობლებისთვის საქმე გაერჩია, ოღონდ ეს ერთი ხუთი-ექვსი წლის წინ მოხდა. ნუ, აბა რა უნდა ვუთხრათ ასეთ მშობლებს?! ის ბავშვები, რომელთა მშობლებმაც იჩხუბეს, სხვათა შორის, კარგადაც სწავლობენ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც აქვთ და მშობლები დარჩნენ სამუდამოდ დამდურებულები მაგის გამო. ის კი არა, მაშინ ვიღაც საქმის გამრჩევებიც კი ჰყოლიათ.
ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ თუ რამე პრობლემაა, ბავშვებთან მოვაგვაროთ და თუ მშობლების მხარდაჭერაც გვაქვს, ეს ბედნიერი შემთხვევაა. ბავშვები ისე უნდა გავზარდოთ, რომ კი არ გავუღრმავოთ კონფლიქტი, უკეთესი გარემო უნდა შევუქმნათ. ყველა ერთნაირად და ყველა ძალიან კარგად ვერ სწავლობს, მაგრამ ის სკოლასთან ურთიერთობით და ბავშვებთან ურთიერთობით ბედნიერი უნდა იყოს.
ეგ შემთხვევა, რასაც ახლა მეუბნებით, არ მახსენდება, თორემ დეტალებში მოგიყვებოდით ყველაფერს.
რაც შეეხება ტელეფონებს, აი ბავშვს რომ რაღაცა ლამაზი უჭირავს, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს უნდა, რომ ისეთი ლამაზი ჰქონდეს, მაგრამ ისე, რომ კონფლიქტი შეიქმნას ტელეფონებთან დაკავშირებით, არ არსებობს. ეგეთი ბავშვები ჩვენ არ გვყავს, საბედნიეროდ. შეიძლება ვიღაცას ცოტა უკეთესი აქვს და მეორეს მოსწონს, რა ვქნათ, ავუკრძალოთ?! მე მომწონს, ლამაზ სახლს რომ ვხედავ, ლამაზ ხეს რომ ვხედავ, ლამაზ ტბას რომ ვხედავ, ლამაზ ადგილს რომ ვხედავ, მომწონს. მაგრამ ის, რომ ბავშვი განაწყენდა, კედელს ესროლა ტელეფონი და დაამსხვრია, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რაღაცებს ფანტაზიორობენ მგონი.
ხატია ვარდოსანიძე