სოციალურ ქსელში მესამე კლასის მოსწავლის მშობელმა ცირა ხაბურძანიამ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თმა ჩანს. მისი ინფორმაციით, თმა მისსავე შვილს ეკუთვნის, რომელიც მასწავლებელმა ამოაგლიჯა და ბავშვმა სახლში ნივთმტკიცებად მიიტანა. შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.
"რვა წლის, მესამეკლასელმა ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან, რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას (ოფიციალურ წერილს ვაგზავნი საქართველოს განათლების მინისტრთან, შშს მინისტრთან და სახალხო დამცველთან, მოვითხოვ რეაგირებას ამ და მსგავს ფაქტებზე)".
ბავშვის დედა, ქალბატონი ცირა ჩვენთან საუბრისას ამბობს:
- 4 დეკემბერს, 6-ის ნახევარზე ჩემს სამსახურში მოვიდა ბავშვი. სკოლაც იქვეა და ამიტომაც დამყავს იქ, რომ უყურადღებოდ არ დამრჩეს. გაკვეთილების შემდეგ მოდის ჩემთან სამსახურში, 6 საათზე მეც ვამთავრებ და ერთად ვბრუნდებით სახლში. თმა მუჭით ამოიტანა და დამიდო მაგიდაზე. ამას ესწრებოდნენ ჩემი თანამშრომლებიც. ბავშვმა მითხრა: "ახლაც არ დამიჯერებ?“, დავარდა სკამზე და დაიწყო ტირილი. იქამდეც წუწუნებდა მასწავლებლისგან მიცემულ შენიშვნებზე, მაგრამ მე, როგორც მშობელი ვფიქრობდი, რომ ბავშვები ემოციურები, ცოტა ფანტაზიორები არიან და ასე ხელაღებით ვერ მივიდოდი პედაგოგთან. ბავშვს მოვუწოდებდი მეტი მოთმინებისა და დაკვირვებისკენ. ვთვლიდი, რომ ზედმეტად მგრძნობიარე იყო და დიალოგის ფორმით ვცდილობდით მასწავლებელთან ურთიერთობას. მისგან ყოველთვის უარყოფა მოდიოდა. როგორც ჩანს, ბავშვი ისე იყო გაღიზიანებული, მოიფიქრა, რომ ეს თმა უნდა შეენახა. ის ახლა პოლიციას გადავეცი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ იმიტომ მქონდა შენახული, რომ ბავშვმა თქვა, მთელი ცხოვრება უნდა შევინახოო. მაშინვე დავრეკე მასწავლებელთან. მან მითხრა, რომ საკლასო სამუშაოს შესრულება არ უნდოდა, დავალება არასრულყოფილად ეწერა და ცოტა მოვჩეჩეო. მე როგორც მშობელი ვალდებული ვიყავი, დამენახვებინა ჩემი შვილისთვის, რომ მის გვერდით ვიყავი. ჩვენება ჩამომართვეს და გამოძიება უკვე დაწყებულია. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ფაქტი ფიქსირდება. მასწავლებელმა აამხედრა სხვა მშობლები ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგ. ამუშავებენ ვერსიას, თითქოს მაკრატლით მოიჭრა ბავშვმა თმა. მაშინ, მოვითხოვ გვაჩვენონ რომელმა ბავშვმა მისცა მაკრატელი ჩემს შვილს და სად არის მაკრატელი.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოკვლევა.
ფაქტს ორგანიზაცია ”მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი გამოეხმაურა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა:
- კონკრეტული ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ. გამიჭირდება შეფასება, რადგან პროცესების უშუალო მონაწილე არ ვარ. მე ერთ-ერთი დამკვირვებელი ვარ, რომელმაც ამბავი სოციალური ქსელიდან შეიტყო. მშობელს ჩვენი ორგანიზაციისთვის არ მოუმართავს. თავისთავად ფაქტი შემაშფოთებელია. სავარაუდო ფაქტიც შემაშფოთებელია და რომც არ დადასტირდეს, ამ სახით ინფორმაციის გავრცელებაც ძალიან შემაშფოთებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, დროულად უნდა წარიმართოს გამოძიება, უნდა მოხდეს ნივთმტკიცების დალუქვა და ჩატარდეს ექსპერტიზა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეფასება. თუმცა, ვისაუბრებ, მე როგორც მშობელთა ორგანიზიის ხელმძღვანელს, რატომ არ გამიკვირდება, რომ ფაქტი დადასტურდეს. ყველა კვლევაში, რაც კი საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებულა, ბავშვები აღნიშნავენ იმ პრობლემების შესახებ, რასაც სასკოლო სივრცეში აწყდებიან. სახელმწიფომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოუცხადოს ბავშვებზე ძალადობას მით უფრო, სასკოლო სივრცეში. ერთ-ერთი ბოლო კვლევის ავტორი თავად სამინისტროა. მათ, ფაქტობრივად, ხელის გულზე უდევთ ინფორმაცია, რომ მასწავლებლები უყვირიან, აგრესიულად მიმართავენ ბავშვებს, დამამცირებელ სიტყვებს ეუბნებიან. ლანძღვისა და დაცინვის ფაქტებიცაა სკოლებში და ეს ჩვენი მშობლების ძალიან სერიოზული პრობლემაა. ფიზიკური ძალადობა, ჩვენი დაკვირვებით, შედარებით შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ხდება მსგავსი ფაქტები. დაახლოებით 2 კვირის წინ გამოვაქვეყნეთ კვლევის ანგარიში და ვამბობდით, რომ ჩვენც მოგვმართეს მშობლებმა, რომელთა შვილებსაც სასკოლო სივრცეში მასწავლებლებმა ან სკოლის სხვა თანამშრომლებმა მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ სამინისტრო ამ დრომდე არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე. მე პირადად ვარ მონაწილე, რა ფასად უჯდებათ მშობლებს სკოლაში სიმართლის მტკიცება. სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობით, გაცილებით მარტივი და ზოგჯერ ეფექტური გზაც კი არის სკოლიდან გარიდება, ვიდრე იქ ამტკიცონ სიმართლე. სკოლაში გასაჩივრების მექანიზმი, დისციპლინური კომიტეტი არსებობს, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი წევრებით, რომლებიც დისციპლინური კომიტეტის წევრობის მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. მათ შორის, ხშირად არ არის იურისტი. ისინი თავიანთ თანამშრომელს არ წირავენ. სკოლიდან გაშვებაზე კი არ არის საუბარი, საყვედურის გამოცხადებაც არ ხდება. ეს არის არაფრის მაქნისი ორგანო, რომელიც მხოლოდ ურთულებს საქმეს მშობელსა და ბავშვს. როგორც კი მასწავლებლის საკითხი გადის დისციპლინურ კომიტეტზე, ბავშვსა და მის მშობელს თითქმის მთელი სკოლა უპირისპირდება. მათ უწევთ თავის გადარჩენაზე ფიქრი. თვალში ნაცრის შეყრა იქნება, რომ ვთქვათ, სკოლებში ბავშვებზე არ ძალადობენ მიუხედავად იმისა, ეს კონკრეტული თმა მოჭრილია, ამოგლეჯილი თუ სავარცხლიდან ამოღებული. - ამბობს მეგი კავთუაშვილი
თამარ იაკობაშვილი