სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა. ასევე, იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. სკოლის გარეთ განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. სკოლა ვალდებულია, რომ იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. სკოლა ვალდებულია სკოლის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მთელი სასკოლო დროის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად. ჩანაწერი არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს სკოლის დირექციას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, შესაძლებელია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელმაც მოითხოვოს კამერების ჩანაწერი შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. ვიდეოკამერების კონტროლი მანდატურს ან უფლებამოსილ პირს ევალება.
-"კამერებს ერთი მანდატური აკონტროლებს. თუ მაგალითად საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვი დერეფანში გამოვიდა, გადასცემს მეორეს, რომ ყურადღება მიაქციოს. კამერებით სკოლის შიდა პერიმეტრი კონტროლდება, ამიტომ ერთი კამერა დერეფნის თავში ყენდება, მეორე ბოლოში. თუ სადმე ჩიხია, იქაც შეიძლება დააყენონ, რომ ბავშვი საკლასო ოთახიდან როგორც კი გამოვა, კამერებში ჩანდეს, რომ მანდატურმა, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოახდინოს. "- განაცხადეს მანდატურის სამსახურში.
თუ რატომ არ შეიძლება საკლასო ოთახში სათვალთვალო კამერების დაყენება, სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს დავუკავშირდით:
-"ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებაც არსებობს და ჩვენს კანონშიცაა ინტერპრეტირებული, რომ სამუშაო სივრცეში აკრძალულია მეთვალყურეობა. საკლასო ოთახი პედაგოგისთვის სამუშაო სივრცედ ითვლება და აქედან გამომდინარე, ვიდეოკონტროლი აკრძალული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ დაასაბუთებენ, რომ სხვა რისკები არსებობს, კონკრეტულ საკლასო ოთახებში, შეიძლება მოექცეს კანონის მოქმედებით ჩარჩოებში და ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს."- აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
ამ ეტაპზე ვიდეოსათვალთვალო სისტემით სკოლების ნაწილია აღჭურვილი. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ყველა სკოლაში კამერები ეტაპობრივად დამონტაჟდება.
თამარ იაკობაშვილი