კონკურენცია
კონკურენცია განვითარებაში, უკეთესობისკენ სწრაფვასა და ახალ მიღწევებში გვეხმარება. ამის მიუხედავად, ბუნებით ლიდერად დაბადებული ბავშვიც კი არ უნდა ჩააყენოთ მუდმივად შეჯიბრებისა და სრულყოფისკენ სვლის რეჟიმში. ამას მკაცრად ნუ ითხოვთ. პირიქით, ხშირად ჩააგონეთ, რომ მისი გამარჯვება ან დამარცხება მისადმი სიყვარულს არ შეგიცვლით.
როგორ ვასწავლოთ შეჯიბრი?
რით გასხვავდება ლიდერი "ვითომ ლიდერისგან"? პირველს შეჯიბრის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. შესაძლებლობები კი ნაკლებად აღელვებს.
ნურც შეეხვეწებით, რომ მაინცდამაინც მაღალი ქულები მიიღოს და ნურც გააყოყოჩებთ. მისი თავდაჯერებულობა თვითკმაყოფილებაში არ უნდა გადაიზარდოს. შექებებში კონსტრუქციულობა შეინარჩუნეთ. განიხილეთ მიღწევებიც და უკეთესი შედეგების პერსპექტივებიც. უკარნახეთ, სად რისი გამოსწორებაა საჭირო.
მიაჩვიეთ კრიტიკას
კრიტიკა და შენიშვნა ყოველგვარი სირცხვილისა და წყენის გარეშე უნდა მიიღოს. თუმცა ეს შენიშვნებიც მისთვის გასაგები და კონსტრუქციული უნდა იყოს. ორიენტირებული უნდა იყოს შეცდომების გამოსწორებაზე და არა ნაკლოვანებების აფიშირებისკენ.
ამიტომ კრიტიკისას საქმეზე ილაპარაკეთ და არა თავად ბავშვზე. დასკვნებს ის თავად გააკეთებს.
კარგი ნიშნებისთვის სახლში დაჯილდოვების პრაქტიკას არ გირჩევთ. ჯობია მხოლოდ შექებით და სიტყვიერი შეფასებებით შემოიფარგლოთ. აცადეთ ბავშვს სახლში მაინც არ იფიქროს მიღწევებზე. დაე, ესმოდეს, რომ ის წარუმატებელიც უყვართ.
იდეალურია, როცა ბავშვი სხვების კარნახის გარეშე მიილტვის გამარჯვებისკენ. იცის, რა შეუძლია და როგორ დაამტკიცოს ეს. თუ ბავშვს ეს მისწრაფება არა აქვს ან თანდათან მაინც არ გამოუმუშავდა, მხოლოდ მშობლის მონდომება ბევრს ვერაფერს შეცვლის.
კონკურსებსაც დაჟინებით ნუ გადაეკიდებით. მთავარია, ბავშვს სწორი მოტივაცია და გამარჯვების რესურსი ჰქონდეს.