ესტონეთის სკოლები ევროპაში საუკეთესოდ დაასახელეს - რა არის მათი წარმატების საიდუმლო?
ესტონეთის სკოლები ევროპაში საუკეთესოდ დაასახელეს - რა არის მათი წარმატების საიდუმლო?
სასკოლო განათლების რეიტინგში ესტონეთი ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში - მეხუთეზე და ბევრ ყოფილ საბჭოურ ქვეყანას უსწრებს. საინტერესოა, როგორ მიაღწია ესტონეთმა მსგავს წარმატებას.

მოსწავლეთა განათლების ხარისხის საერთაშრისო პროგრამის, PISA-ს რეიტინგში ესტონელმა მოსწავლეებმა სამივე კატეგორიაში - კითხვაში, მთემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ევროპაში პირველი ადგილი დაიკავეს.

PISA 2000 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ატარებს კვლევას. ესტონეთმა ევროპის მასშტაბით 2015 წელსაც პირველი ადგილი დაიკავა. კვლევაში მონაწილეობდა ასობით ათასი 15 წლის მოსწავლე.

ესტონეთმა საგანმანათლებლო
სისტემაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე წლებიდან ძირეული გარდაქმნა დაიწყო. იქ 90-იან წლებში დაინერგა ერთიანი ეროვნული გამოცდები და იქ მიღებული ქულებით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა.
"ჩვენი მასწავლებლები ძალიან დიდი პროფესიული დამოუკიდებლობით სარგებლობენ", - ამ სიტყვებით დაიწყო პარლამენტარმა ლინა კერსნამ განმარტება, თუ როგორ აღწევს ესტონეთი განათლების სისტემაში მსგავს წარმატებებს.

"მასწავლებლები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორისაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. აქტიურად იყენებენ პროექტებითა და ციფრული სწავლების მეთოდს. ასევე, ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებას. სწავლების მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა ათვისებული მასალა რეალურ ცხოვრებასა და საჭიროებებს დაუკავშირონ."- აცხადებს დეპუტატი.

პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი გამზადებული ამოცანის ნაცვლად მოსწავლეებს სთავაზობს, პრობლემა დაასახელონ და შემდეგ ამოხსნან ის, რათა რეალურად მიხვდნენ არსს.
პროექტების მეშვეობით სწავლება კი გულისხმობს დამოუკიდებლად ან ჯგუფურად სხვადასხვა საგანში პროექტების მომზადებას. ციფრული სწავლების მეთოდი კომპიუტერულ ცოდნასა და ინტერნეტით სწავლებას მოიცავს. სწავლებაში ცხოვრებისეულ მეთოდებს დაბალი კლასებიდანვე იყენებენ.

ლინა კერსნას თქმით, წარმატებას ყველაზე მეტად მაღალკვალიფიციური პედაგოგები განსაზღვრავენ. მასწავლებლებს მაღალი ანაზღაურებითაც აძლევენ მოტივაციას. მათი საშუალო ხელფასი 2019 წლის მეორე კვარტალში 1513 ევრო იყო, ხოლო საბავშვო ბაღის მასწავლებლების ანაზღაურება 1145 ევროს შეადგენს.

დეპუტატის თქმით, მოსწავლეები წარმატებას იმითაც აღწევენ, რომ მათი უმრავლესობა, ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა სასკოლო წრეშია გაწევრიანებული. "ეს ყველაფერი მათ აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ საკუთარი ძლიერი მხარეები და ინტერესი კონკრეტული საგნების მიმართ. მსგავსი სასკოლო წრეები სოფლის პატარა სკოლებშიცაა. შეფასების სისტემაც ბავშვებში თვითშეფასების გაზრდას უწყობს ხელს".

ასევე მნიშვნელოვანია სიტყვიერი შეფასება - როცა მასწავლებელი "ხუთიანს" ან "ორიანს" არ წერს, მათ ნაცვლად კი მოსწავლეს ეუბნება: "ძალიან კარგი" ან "კიდევ უფრო უნდა მოინდომო". სიტყვიერი შეფასება გამოიყენება ქვედა და საშუალო საფეხურზე, ხოლო უფროს კლასებში მოსწავლეებს ქულები ეწერებათ.

მსოფლიო რეიტინგში ლიდერ პოზიციებზე ასევე არიან ჩინეთი და სინგაპური გავიდა.

ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მაჩვენებელი ესტონეთზე გაცილებით დაბალი აღმოჩნდა. ლატვია 30-ე ადგილზეა 79-დან, რუსეთი - 31-ზე, ლიტვა - 34-ზე, ბელორუსია - 36-ზე, უკრაინა - 39-ზე, საქართველო 65-75 ადგილებს შორის დიაპაზონშია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.


559
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი